სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: დასადგენია, თუ რა რაოდენობის ტურისტი იყო იმ დროს ხადას ხეობაში

22:49 07-11-2018
94

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით გირგვლიანი აცხადებს, რომ როცა მუსირებს ვერსია სმიტების ოჯახის წევრების ტურისტის მიერ მოკვლასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ დასადგენია, თუ რა რაოდენობის ტურისტი იმყოფებოდა მკვლელობის დრეს ხადას ხეობაში.

ამის შესახებ ადვოკატმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისასა განაცხადა. 

"შეკითხვები არსებობს ასევე ზოგადად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რადგანაც სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა ბრალდებულმა და განაცხადა, რომ ეს ოჯახი დახოცეს უცხოელმა ტურისტებმა და ისინი მას დაემუქრნენ. აქედან გამომდინარე, იბადება შეკითხვა, რა გააკეთა საგამოძიებო ორგანომ იმისათვის, რომ დაედგინა ვინ და დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანები იმყოფებოდნენ ხადას ხეობაში. ამის გარკვევა არც თუ ისე რთულია თავისი რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, სრულიად უცხო ადამიანისთვის, ვინც ამ ხეობას არ იცნობს, ძალიან რთული იქნებოდა იქ გადაადგილება. 

საგამოძიებო ორგანოს ძალიან მარტივად შეეძლო დაედგინა რომელი ტურისტული სააგენტოს ტურ-ოპერატორებს ჰყავდათ იმ დროს ჩამოყვანილი ტურისტები. დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანი შეიძლება ყოფილიყო იმ დროს ხადას ხეობაში. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რადგან თუ დადასტურდა რომ იმ დროს შესაძლოა ბევრი ხალხი იმყოფებოდა, მაშინ გადასამოწმებელია ეს ვერსია. გამოძიება მხოლოდ ცალი მხრიდან არ უნდა იწარმოებოდეს", - განაცხადა ადვოკატმა. 

 



ავტორი: ლელა მდივანი