ბახტაძე: სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში იმ როლით, სადაც მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას

19:10 07-11-2018
15

სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში იმ როლით, სადაც მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა თანამდებობას დაიკავებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ და შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია მისი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ.

„სოზარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. ვფიქრობ, მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სოზარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობაში  სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.

 

წყარო: 1tv