ბახტაძე სმიტების მკვლელობაზე: დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

18:21 07-11-2018
15

დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა მწუხარება გამოხატა ამ შემზარავი ფაქტის გამო და სმიტების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. 

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

მალხაზ კობაურს დღეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.