"შემთხვევის ადგილზე გასროლილი მასრები ვერ იპოვეს" - სმიტების მკვლელობის საქმე

13:06 07-11-2018
180

სმიტების მკვლელობის ადგილიდან გასროლილი ტყვიის მასრები ამოღებული არ არის - ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა.

დაცვის მხარე დაინტერესდა ამოღებულია თუ არა მასრები, რაზეც პროკურორმა განმარტა, რომ ჯერჯერობით მასრები ნაპოვნი არ არის, თუმცა შემთხვევის ადგილზე მასრების მოძიება და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, გასროლა სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა, რომელზეც გამოძიებას ბრალდებულმა თავადვე მიუთითა, თუმცა აღნიშნული იარაღი მის სახელზე არ ყოფილა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდებული სხდომას ესწრება. უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა.  ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.