სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა

14:42 07-09-2018
18

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიგზავნა. 

ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შეძენილი პროდუქტები დიდუბის რაიონის გამგეობაში შეგროვდა და მესტიის მუნიციპალიტეტში გაიგზავნა. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება რამდენიმე კერძო კომპანიამაც გაუწია.

დიდუბის გამგეობაში, საიდანაც დღეს, 14 ტონა ტვირთი ჭუბერში გაიგზავნა, გამგებლებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა. 

„თბილისის გამგეობების ინიციატივით, ჭუბერში გასაგზავნად, გამგეობის  თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით  საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს. მიხარია, რომ გამგეობას შემოუერთდა ბიზნესი, მოქალაქეები და საბოლოო ჯამში, პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეგროვდა. ტვირთი ჭუბერში იგზავნება, რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლების ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით შეუერთდნენ.

„ეს გამგეობის თანამშრომლების კეთილი ნებაა, რომელსაც მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო ბიზნესები შემოუერთდა. რაც შეეხება პროდუქტებს, შეგროვდა  ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და არამალფუჭებადი პროდუქცია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნესმენს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ დახმარებაში. 13 ივნისის სტიქიის დროსაც, ვაკეს და საბურთალოს იგივე ენთუზიაზმით ვეხმარებოდით. ათივე გამგეობა იგივე ენთუზიაზმით ეხმარება ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. 

სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყება და სამსახურია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები. მობილიზებულია ასევე, დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.