სნოუდენი მერკელს „ცეერუს“ დირექტორის დაკავებას ურჩევს

14:35 07-09-2018
33

ედვარდ სნოუდენი, რომელიც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა, რუსეთმა 2013 წელს შეიფარა. მას შედეგ ის მსოფლიოს ელიტარული ფიგურების წინააღმდეგ მამხილებელ მასალებს აქვეყნებს. ასევე, ამხელს ამერიკის სპეცსამსახურებს.  

ამ დღეებში ის მოსკოვის ცენტრში მდებარე სასტუმროში ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამ შეხვედრის ორგანიზება საკმაოდ რთული იყო. სნოუდენი მობილურით არ სარგებლობს, მასთან ურთიერთობა დაშიფრული მეთოდით, ადვოკატის მეშვეობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, მოლაპარაკებებმა რამდენიმე თვეც კი გასტანა. 

ჟურნალისტებს სნოუდენმა რუსეთში ცხოვრების შესახებ მოუყვა: მე მეტროთი გადავადგილდები, ხალხს ჰგონია, რომ მე სამხედრო ბაზაზე ვცხოვრობ ან სადმე სასახლეში და სამხედრო დაცვით ვარ გარშემორტყმული. მაგრამ არა, მე ჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობ, ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად. და ისევე, როგორც ბევრი, ვიხდი იჯარის ფულს. საკრედიტო ბარათებს არ ვიყენებ, ვცდილობ, ჩემი პირადი ცხოვრება როგორმე დავიცვა საზოგადოებრივი ინტერესისგან“. მისივე თქმით, ის ფულს ინტერნეტის მეშვეობით შოულობს, ამზადებს რა სხვადასხვა სახის მოხსენებებს.    

შეხვედრის მსვლელობისას ჟურნალისტებმა სნოუდენს უთხრეს: ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ და ზოგჯერ ღიადაც ირწმუნებიან, რომ თქვენ რუსი ჯაშუში ხართ. „დამერწმუნეთ, ამერიკის სპეცსამსახურებს რუსეთში საკუთარი აგენტები ჰყავთ. ასე რომ, მე რომ ჯაშუში ვიყო, მათ ამის შესახებ ეცოდინებოდათ“, – უპასუხა სნოუდენმა. 

შემდეგ მათი დიალოგი ასე გრძელდება:

– რუსული სპეცსამსახურები ცდილობდნენ თქვენს გადაბირებას? 

– დიახ, როცა ჩამოვფრინდი, აეროპორტში. თუმცა, თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. მე მათ ვუთხარი: „მე თან არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, არა მაქვს არანაირი სურვილი, თქვენთან ვითანამშრომლო და მე თქვენ თავს არ შეგაშინებინებთ“. 

სნოუდენის მტკიცებით, ამის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურს ის აღარ შეუწუხებია. 

მიუხედავად ამისა, სნოუდენი არ გამორიცხავს, რომ რუსული სპეცსამსახურები შესაძლოა, ისედაც სარგებლობდეს მისი მამხილებელი დოკუმენტებით.   

 ჟურნალისტები ტვიტერზე სნოუდენის აქტიურობითაც დაინტერესდნენ. ამ უკანასკნელის თქმით: „ხალხს სულ ჰგონია, რომ არსებობს პირი, რომელიც მუდმივად მეუბნება, რა უნდა დავწერო ტვიტერზე და რა – არა, რომელიც თითებში მირტყამს, როცა რუსეთზე რამეს ვწერ და ფულს მიხდის, როცა ამერიკის სპეცსამსახურების წინააღმდეგ რამეს ვდებ. მაგრამ ეს ასე არ არის. მე მიზანმიმართულად არ ვეკონტაქტები რუსეთის ხელისუფლებას. არ მინდა მათთან რაიმე სახის კავშირიც კი. არ მინდა ინტერესების კონფლიქტი. არასოდეს მქონდა აქ მოხვედრის განზრახვა “.

ჟურნალისტების შეკითხვაზე: რამდენად მიაჩნია, რომ მისთვის რუსეთში ცხოვრება ტრაგედიაა, სნოუდენმა უპასუხა: „რუსეთში ყოფნა ტრაგედია არ არის “. 

„გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა ერთხელ პუტინს წმინდა წყლის დემოკრატი უწოდა. თქვენც ასე მიგაჩნიათ?“ – დაინტერესდნენ ჟურნალისტები

„ეს ჩემთვის არასწორად ჟღერს, თუმცა, მეორე მხრივ, მე რუსეთის პრეზიდენტს არასოდეს შევხვედრივარ. მე მას მხოლოდ პოლიტიკიდან ვიცნობ, აქ კი მას ერთმნიშვნელოვნად არ ვეთანხმები“, – უპასუხა სნოუდენმა. 

კითხვაზე: რამდენად უსაფრთხოა მისთვის პუტინის კრიტიკა, მან უპასუხა, რომ რისკი, რა თქმა უნდა, არის: შესაძლოა, ხელისუფლებისთვის სულერთია, მე რას ვამბობ, მე ხომ რუსულად არ ვსაუბრობ. თანაც მე „ცეერუს“ ყოფილი აგენტი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და მათთვის ძალიან რთულია ჩემი პოლიტიკური შეხედულებების დისკრედიტაცია“...

„არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ კრემლის მაკრიტიკებლები რეგულარულად იხოცებიან გაურკვეველ ვითარებაში რუსეთში ან სადმე სხვაგან?“ – დაინტერესდნენ ჟურნალისტები.

„შესაძლოა, – უპასუხა სნოუდენმა, – მაგრამ მე რომ უფრო უსაფრთხო ცხოვრება მდომებოდა, ჰავაიზე დავრჩებოდი და ამერიკის სპეცსამსახურებზე ვიმუშავებდი“. 

ჟურნალისტებმა ისიც იკითხეს, რას მიაღწია სნოუდენმა მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებით, რაზეც მან უპასუხა: ვფიქრობ, მე ადამიანებს ვაჩვენე, როგორ ფუნქციონირებს მსოფლიო. ადრე არავის სჯეროდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს შეუძლიათ, შეინახონ ამერიკის თითოეული მოქალაქის სატელეფონო საუბრები. მაგრამ ეს მოხდა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, არამედ ის პრაქტიკაშიც ხორციელდება. და რაკიღა ამის შესახებ უკვე ვიცით, შეგვიძლია, ამისგან თავიც დავიცვათ“. 

მაგრამ შეიცვალა კი რამე მსოფლიოს ფუნქციონირებაში ამ მხილების შემდეგ?

„სპეცსამსახურები მაინც აგრძელებენ ჩაწერების პრაქტიკას. თუმცა, დღეს უკვე ძალიან ბევრი ცდილობს, საკუთარი ინტერნეტმიმოწერა დაშიფროს, სხვადასხვა კომპანიები კი არ ჩქარობენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“, – ამბობს სნოუდენმა. 

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელმა თქვა: „ჯაშუშობა მეგობრებზე – ასე საქმე წინ ვერ წავა“. ეს გამონათქვამი გულუბრყვილობად მიიჩნიეს, – ამბობს სნოუდენი, – სპეცსამსახურები პოლიტიკურ მითითებებს ასრულებენ“. შესაბამისად, მიიჩნევს სნოუდენი, თუკი არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონი, რომელიც დაგვიცავს, მალე ის წყაროებიც გაქრება, რომლებიც ჩვენთვის რეალობას აშუქებს. სნოუდენის შეფასებით, ასეთი სკანდალური ფაქტის შემდეგ, უცნაურია, რომ მერკელმა ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე არ იზრუნა.   

ამდენად, სნოუდენი მიიჩნევს, რომ გერმანია მას თავშესაფარს არ აძლევს იმიტომ, რომ ამერიკის ეშინია. „თუმცა, ვიყოთ გულწრფელები... გერმანია ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ მის ტერიტორიაზეა მთავარი მოსასმენი აპარატურა ევროპაში. გერმანია მნიშვნელოვან ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებს. აქ ისინი ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად მუშაობენ, კონკრეტულად კი საომარ რეგიონებში. გერმანია ინახავს რამშტაინერის ცენტრსაც, საიდანაც დრონები იმართება. 

ამიტომაც სნოუდენი მიიჩნევს, რომ მერკელს შეეძლო, ამ სფეროში რეგულაციები დაეწესებინა. „ეს იქნებოდა ცვლილებების შანსი “. – აღნიშნავს ის. მისი რწმენით, მერკელს ხვალ რომ კარზე მიუკაკუნოს პირმა სერიოზული მამხილებელი დოკუმენტებით, მერკელი მას შეიფარებს, თუ დოკუმენტები პუტინის წინააღმდეგ იქნება და არ შეიფარებს, თუ ის ამერიკის საწინააღმდეგო იქნება. 

Wikileaks-ის დამაარსებლის ჟულიან ასანჟის თქმით, სნოუდენი რევოლუციონერი არ არის, მას არ სურს სისტემის მოშლა, ის რეფორმატორია.  

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სნოუდენმა „ცეერუს“ ახალ დირექტორზე, ქალბატონ ჯინა ჰასპერზეც ისაუბრა. მისი თქმით, არსებობდა მტკიცებულებები, როგორ იყო ეს ქალბატონი ჩართული ადამიანების წამებაში. მისი მტკიცებით, ის პირადად მონაწილეობდა წამებაში, როცა ფეხმძიმე ქალს სცემდნენ და მუცელში ურტყამდნენ, მამაკაცს კი თავის საკანში ყინავდნენ. მაგრამ ახლა ეს მტკიცებულებები განადგურებულია და ჩვენ ამას ვერასოდეს დავამტკიცებთ, – განმარტავს ის.  

„უახლოეს პერიოდში ჰასპერი ევროპაში ჩასვლას შეეცდება. და მაშინ გაჩნდება კითხვა: გერმანიის ხელისუფლება ითანამშრომლებს ადამიანთან, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების წამებაზე? ის წინააღმდეგობების გარეშე შეძლებს გერმანიაში ჩასვლას?

„თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ „ცეერუს“ დირექტორს გერმანიაში დააკავებენ? – იკითხეს ჟურნალისტებმა

„მსოფლიო იცვლება და ეს არის ცვლილებების შანსი. და ეს არის მანდატი, რომელიც ლიდერებს ეძლევათ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი – ქალბატონ მერკელს. მათ აქვთ ისტორიული შესაძლებლობები, შეცვალონ ვითარება უფრო ღია, უფრო თავისუფალი და მეტად დამოუკიდებელი ევროპისთვის. ახალი ევროპა უფრო მარტივად დაუპირისპირდება დონალდ ტრამპს...“ – პასუხობს სნოუდენი.