როდის გაეპარა ამერიკაში ქმარს დალი ჩიტალაძე - (ვიდეო) - exclusive

12:15 07-09-2018
1034

ამ ქალბატონის სახლში შესასვლელი კარიც კი სარკესავით ირეკლავს. მის სახლში შესვლისთანავე უზარმაზარი ბოძი გხვდებათ თვალში, რომელიც, როგორც ჩემმა რესპონდენტმა მითხრა, საყრდენი ყოფილა, ვერაფერი მოუხერხებია და სარკეებით შეუფუთავს. ერთი სიტყვით, თუ ამ სახლის დიასახლისობა გადაწყვიტეთ, ყოველთვის ფორმაში უნდა იყოთ, თორემ სახლის ყველა კუთხეში საკუთარ თავს ხედავ და მოუწესრიგებლობაც თვალში გხვდება. პრინციპში, მოუწესრიგებელი დალი ჩიტალაძე მე პირადად არასდროს მინახავს. სამზარეულოშიც კი ისეთი გამოპრანჭული ფუსფუსებს, სულ რომ არ გინდოდეს, სიამოვნებით დალევ მის მიერ მომზადებულ ყავას. მე შენ ცივი ყავა მოგიმზადე, – მითხრა და სამზარეულოსკენ გამიძღვა: 

– თუ გინდა ქალის ხასიათი გაიგო, აუცილებლად უნდა ნახო მისი სამზარეულო და თავად ის სამზარეულოში. როგორც ამბობენ, კარგი მზარეული ვარ. პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები, ჩემს შვილს და ჩემი მეგობრებისთვის გამართული „შუ ფართები“ ხომ უკვე საქვეყნოდ ცნობილია. უგემრიელესი კრემი გამომდის და ამით არის ცნობილი ჩემი „შუ“. ვამზადებ: ხორცეულს, თევზეულს, მეგრელი ქმარი მყავს და კარგი მეგრული ღომის, ხარჩოს მომზადებაც შემიძლია. 

– ქმარი, რომელიც არასდროს ჩნდება საჯაროდ. ეს მისი სურვილია, ალბათ...

– ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებულია თავისი საქმით და აბსოლუტურად არ აინტერესებს ჩემი ბომონდები, ჩემი მოდა. მაგრამ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მომწონს. 

– მისაღებ ოთახში კვლავ სარკეებსა და შენს ფოტოებს ვხედავ...

– არა, ეს ჩემი დაა, დიანა, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ჩემი დიდი ტკივილია დღემდე. სულ ორი წელია, რაც ერთად აღარ ვართ... ამ ნახატებს შორის ერთ-ერთი ია ფარულავას პირველი ქმრისგან, მხატვარ პიკო ნიჟარაძისგან შევიძინე.

– დალი, შეიძლება ჩვენს მკითხველს შენი ასაკი გავუმხილოთ?

– როგორ არ შეიძლება. არასდროს ვმალავ. როგორ შეიძლება, ვიყო 40 წლის, როცა ჩემი შვილი 38-ის არის (იცინის). 55 წლის გახლავარ და არასდროს ვმალავ.

– მაშ, აქვე შენი სილამაზის საიდუმლო რეცეპტიც გაგვანდე...

– დიდი წილი გენეტიკის დამსახურებაა. ბებია მყავდა რუსი, ქსენია რომანოვა. ბაბუამ რევოლუციის დროს გაიცნო ბებია მოსკოვში. რამდენიმე წელი ყაზახეთში ცხოვრობდნენ. ინჟინერი იყო ბაბუა. იქ დაიბადა ჩემი უფროსი დეიდა. 37 წლის შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში. დედაჩემი უკვე საქართველოში გაჩნდა. 102 წლის გარდაიცვალა ბებიაჩემი. საოცრად ლამაზი ქალი იყო. ყოველ საღამოს მაწონს ჭამდა, ბოსტნეულსა და ხილს მიირთმევდა და სულ მეუბნებოდა, დაიძინე, ნუ ათენებ ღამეებსო. სხვათა შორის, ბებიას დავუჯერე. ჩემი 8-საათიანი ციკლი მაქვს ძილის. რა დროსაც არ უნდა დავიძინო, ყველამ იცის, რომ 8 საათი უნდა მეძინოს და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამაღვიძონ.

– როგორ იწყება შენი დილა?

– კვირაში სამჯერ აუცილებლად ვვარჯიშობ, ოღონდ არა სპორტდარბაზში, ჰაერზე გავდივარ, ჩემი ადგილი მაქვს ვაკის პარკში, დავდივარ, კიბეებზე ავდივარ, ვაკეთებ პრესებს, გაწელვებს. სიგარეტს თავი დავანებე, ეს მავნე ჩვევაც მოვიშორე უკვე 4 წელია. 

– ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ პროფესიით მუსიკოსი ხარ...

– კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. ვწერდი სიმღერებსაც, მაგრამ ჩემმა ემიგრაციაში ყოფნამ, ჯანი ვერსაჩესთან ურთიერთობამ, აბსოლუტურად სხვა რელსებზე დამაყენა. თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში. სმენა კარგი მაქვს, მაგრამ „2 ვარსკვლავის“ დროს ანრის გვერდზე საერთოდ დავიკარგე. ნერვიულობისგან ბევრი შეცდომა და ლაფსუსი გამეპარა. ადრე არ იყოს ლაივში სიმღერა. ჩანაწერზე ვმღეროდით. მაშინაც დუეტებში ვბედავდი მღერას, მერაბ სეფაშვილთან მაქვს ნამღერი, დიდ ირაკლი უჩანეიშვილთან. ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, არაფერს ვნანობ. ამერიკამ სულ სხვა საფეხურზე ამიყვანა, სხვანაირად განვვითარდი. 

– დალი, როგორც მეუღლე...

– ამბობენ, რომ კარგი მეუღლე ვარ. ფაქტი სახეზეა, 16 წელია ერთად ვართ. 

– მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი რთული თვისებები ხასიათში, რისი ატანა უწევს შენს მეუღლეს?

– ძონძთაყვანისმცემლობის (იცინის). ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები. მთავარია, კომპრომისებზე წასვლა იცოდე და გრძნობა თუ გაკავშირებს ადამიანთან, იქ ყველაფერი მოგვარებადია.

– კრიზისული პერიოდები იყო?

– იყო თავიდან. მე თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვარ. ვახოს მამას გავცილდი, 20 წლის რომ ვიყავი. სულ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მერე თავისუფლებას მივეჩვიე, 19 წელიწადი მარტო ვიყავი. თან ვერძი ვარ, ჯიუტი. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ჩემს მეუღლეს, რომ ეს სიჯიუტე დამეძლია. არ იყო მარტივი. მაგრამ სიყვარულმა გაიმარჯვა... ერთხელ გაბრაზებული ამერიკაში გავეპარე ქმარს (იცინის). მაგრამ ისევ დავბრუნდი, სად წავიდოდი.

– დალი, როგორც მოდის ექსპერტს, მინდა გკითხო, რას იტყვი თბილისურ მოდაზე?

– ვინატრებდი ისეთი მასა იყოს საქართველოში, როგორიც არის პარიზში, ნიუ-იორკში, ევროპის ქუჩებში. ცივილიზაცია გვაკლია, მოვლის კულტურა გვაკლია. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ბრენდი უნდა გვეცვას. რაც არ უნდა გვიჭირდეს, არ გვქონდეს ტანისამოსის ფული, როცა ხარ სუფთად ჩაცმული, გემოვნებიანი, ცოტას ტენდენციებსაც გაითვალისწინებ, უკვე სიამოვნებს თვალს შენი ცქერა. მეორედი ტანსაცმლის მაღაზიაში 20 ლარად ამიწყვია ლუქი და მერე ეს ლუქი მცმია ქალაქში. ცოტა ხნის წინ ამ ყველაფერს სერიოზულად მოვკიდე ხელი და ჩემი გვერდი გავაკეთე ფეისბუკზე: „შოპინგი დალისთან ერთად“, სადაც რჩევებს ვიძლევი სწორედ ამ მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე პოპულარული ვიდეო სწორედ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გადაღებული ვიდეო გახდა.

– მოდის ტენდენციებზეც ვისაუბროთ, რა ჩავიცვათ ამ სეზონზე?

– გეხვეწებით გაფერადდით. კოტონი და ტილოს ნაჭრებია აქტუალური ამ სიცხეში. ჩაიცვით თეთრი, ყვავილებიანი, მოდურია ბრჭყვიალა სამოსი. 

– სტილი?

– არ მიყვარს, ქალი რომ ამბობს, ეს ჩემი სტილი არ არისო. მთავარია, გაითვალისწინო, სად მიდიხარ, თორემ მსუქანმაც შეიძლება მოიხდინოს სპორტული სტილი და გამხდარმაც. მაგალითად, მიდიხართ რომელიმე კომპანიის ოფისში, საქმიან შეხვედრაზე, ინტერვიუზე, უმჯობესია, პერანგი ჩაიცვათ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. ასეთ შეხვედრაზე დახეულ ჯინსებს ნუ ჩაიცვამთ. ჯერ ერთი, დახეული ჯინსები სულაც აღარ არის მოდური. ტენდენციურია მაღალი წელი, შარვალზეც და ქვედაბოლოზეც. სიგრძე დაგრძელებულია. მოდურია მიდი – მუხლსქვევით ქვედაბოლოები. 

– აქსესუარები?

– ბრჭყვიალა, დიდი. 

– დალი – დედა...

– უსაყვარლესი შვილი მყავს, მწერალი, პუბლიცისტი, ძალიან საინტერესო ბლოგი აქვს – „ვახტანგური“. არ ეწევა, არ სვამს, ძალიან უყვარს ოჯახი. მაგისტრატურა დაამთავრა თუ არა, ჩამოვიდა ამერიკიდან. საოცარი შვილია, მეგობარი, ერთგული. 

დალი, რაზე ოცნებობ?

– მინდა დავბერდე. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მივხვდი, რომ ღმერთისგან დიდი მადლია, დროულად დაბერება. ძალიან მენანება დიანა, მე ძმაც გარდაცვლილი მყავს და მძაფრად განვიცდი ამას. 

– 10-15 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

– ასეთივე. სულ ვიტუქსები ხოლმე ჩემი მეუღლისგან, როდის უნდა დაწყნარდეო, მეუბნება. არასოდეს- მეთქი, ვპასუხობ. რა ვქნა, ძალიან ოპტიმისტი ვარ. პროგრესულობა მომწონს ყველაში და ყველაფერში. ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე და ამასვე ვურჩევ ყველას. და კიდევ ერთი, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მივხვდი, სიყვარულზე, მეგობრობაზე და კარგ ურთიერთობებზე მეტი სიმდიდრე არ არსებობს. 

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი