საქართველოს მოქალაქეს გერმანიაში, დაკავების შემდეგ, 45 პასპორტი აღმოუჩინეს

12:08 07-09-2018
47

გერმანიაში დრეზდენის ფედერალურმა პოლიციამ 51 წლის ქართველი დააკავა, რომელსაც სხვადასხვა სახელზე გაცემული 45 პასპორტი ჰქონდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. 

შემთხვევა ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად მოხდა. 

„მამაკაცის საბუთების შემოწმების დროს პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მას ქალაქ ესენის უცხოელების სამძებრო სამსახური ეძებდა.

დაკავების შემდეგ მამაკაცს მეორე პასპორტიც აღმოუჩინეს. ამის შემდეგ დრეზდენის ფედერალურმა პოლიციამ საფუძვლიანი ჩხრეკა ჩაატარა და დაკავებულის ფოტოთი, სხვადასხვა სახელზე გაცემული კიდევ 43 პასპორტი ამოიღო.

როგორც გაირკვა, 1997-2018 წლებში დაკავებული პირი ძარცვისა და ყაჩაღობის 12 სხვადასხვა შემთხვევაში ფიგურირებდა. ის გერმანიის ტერიტორიიდან ოთხჯერ არის გაძევებული. თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს 5 წლით გერმანიაში შესვლა აუკრძალეს, თუმცა ის მაინც დაბრუნდა ქვეყანაში სხვა სახელზე გაცემული საბუთით, რათა ისევ თავშესაფარი მოეთხოვა.

სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქართველოს მოქალაქემ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გინება დაიწყო, რის გამოც მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება შეურაცხყოფისა და ბინადრობის წესების დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს“, - წერს გერმანული მედია.