ვინ არის მეორე „ენდი“ „ბარბარიკას“ ცხოვრებაში - exclusive

11:34 07-09-2018
1256

მსახიობობა ბავშვობიდან სურდა, მაგრამ სერიოზულად ამ პროფესიაზე არასდროს უფიქრია. საქმიანობის სფეროდ ჟურნალისტიკა აირჩია და კარიერაც, შესაბამისად, ამ სფეროში დაიწყო. მის ცხოვრებაში იყო სხვადასხვა რადიოები, ტელევიზია, მედიაჰოლდინგი და უცებ სერიალის გადასაღებ მოედანზე მოხვდა. 

თაკო კორინთელმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ძველი „ბარბარიკა“ – მარიშკა ჯავახაძე ჩაანაცვლა. როგორც თავად ამბობს, ნერვიულობდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი. თუმცა სერიალის მაყურებელმა მალე შეიყვარა და მიიღო ახალი ბარბარიკა. თაკოსთან ინტერვიუ საკონდიტრო ბუტიკში – „ბალთაზარ ჩერიში“ ჩავწერეთ.

– ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ „ფორმულა კრეატივში“ იყო ქასტინგი, ეძებდნენ გოგონას „ბარბარიკას“ როლისთვის და ჩემი ნებართვის გარეშე გაგზავნა ჩემი ფოტოები. დამიბარეს ქასტინგზე და მოგვიანებით დამამტკიცეს როლზე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება ამ პროფესიისკენ. ბავშვები რომ ვთამაშობდით, ყოველთვის ვიყავი ლიდერი, წამყვანი, სულ მიკროფონი მეკავა ხელში. 

– სად იყო შენი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში?

– პირველ კურსზე ვიყავი, როცა რადიო „საქართველოს ხმაში“ დავიწყე მუშაობა. სხვა რადიოებიც იყო ჩემს ცხოვრებაში. მერე იყო ტელევიზია. ტელეკომპანია „მაესტროში“ 3 წელი საინფორმაციოს წამყვანი ვიყავი. ეს საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ვმუშაობდი მედიაჰოლდინგ „პალიტრაში“.

– ვფიქრობ, ტელევიზია სწორი გადაწყვეტილება იყო, შარშან ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად დაგასახელეს ერთ-ერთ ინტერნეტგამოკითხვაში...

– კი, იყო ასეთი გამოკითხვა. თუმცა მე ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. სასიხარულო ფაქტი იყო. თუმცა, მირჩევნია, როცა პროფესიონალიზმს აფასებენ და არა გარეგნობას. 

– თაკო, ბარბარიკას როლის შემსრულებელს, მარიშკა ჯავახაძეს თუ იცნობ?

– კი, მოგვიანებით გავიცანი. ვკონტაქტობთ, ძალიან კარგი გოგონაა, დავმეგობრდით კიდეც. ძალიან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. 

– შენი პირველივე გამოჩენა დადებითად შეაფასა მარიშკამ...

– ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი, გამიხარდა, რომ შემაქო.

– აქვე ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რატომ გახდა აუცილებელი „ბარბარიკას“ როლისთვის ახალი მსახიობის მოძიება.

– მარიშკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ხელი მოიტეხა, წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ვეღარ აგრძელებდა სერიალთან თანამშრომლობა.

– როგორ მიგიღო „ფორმულა კრეატივმა“, როგორ შეეწყვე მანტკავების ოჯახს?

– სერიალის მაყურებელი ვიყავი აქამდე. აქამდეც ამ ჯგუფის ოჯახის წევრი ვიყავი, ოღონდ სახლიდან. არაჩვეულებრივი გუნდია, ძალიან მაგარი ადამიანები არიან. პირველივე დღიდან ყველანაირი კომფორტი შემიქმნეს, რომ არ დავძაბულიყავი, არ მენერვიულა.

– ინერვიულე?

– პირველი სცენისას მაინც ძალიან ვინერვიულე. გული ამოვარდნას მქონდა. დიდი პასუხისმგებლობა იყო წინ, უნდა შემეცვალა მარიშკა, რომელიც უკვე ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. 

– როგორ შეხვდა შენი ოჯახი შენს ახალ პროფესიას?

– მათთვის მისაღებია ყველა ჩემი ნაბიჯი. პატივს სცემენ ყველა ჩემს გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად გვერდში მიდგანან. 

– პირად ცხოვრებაზეც გკითხავ...

– ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს.

– შეყვარებული თაკო როგორია?

– ზოგადად, ძალიან პოზიტიური და მხიარული ადამიანი ვარ. თუ რამე პრობლემა მაქვს, არასდროს ვაჩვენებ სხვას. ასე რომ, დიდად არ განსხვავდება შეყვარებული თაკო ჩვეულებრივისგან. ორივე შემთხვევაში მხიარული, ხალისიანი და ბედნიერი ვარ. 

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც თაკოს მოეწონება?

– ზოგადად, ადამიანი უნდა იყოს ერთგული, მზრუნველი და ყურადღებიანი. 

– რაზე ოცნებობ?

– ძაღლების თავშესაფარი მინდა, მქონდეს. მინდა, ქუჩის ყველა ძაღლს ვუპატრონო.

– თავადაც გყავს ლაბრადორი...

– კი, ჩემი ლაბრადორი 2 წლის არის, ბიჭია და „ენდი“ ჰქვია. ყველას ჰგონია, რომ სერიალში ჩემი ქმრის სახელი დავარქვი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი ენდი უფრო ადრე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე „ენდი“ „ბარბარიკას“ ცხოვრებაში. ძალიან საყვარელია ჩემი ენდი, 2 კვირის იყო, რომ მომიყვანეს და მის მერე ერთად ვართ. თავისუფალი დღე თუ მაქვს, ვცდილობ, მთლიანად მას დავუთმო.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი