ბავშვი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:44 07-09-2018
185

ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დუშეთის გამგებელმა  ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის ცხედარი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

როგორც სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილი სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა, რომელიც მისი ინფორმაციით, დაკავებულია. საუბარია ახალგაზრდა მწყემსზე.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.