„კოოპ-მარკეტი” მეიდანზე მოეწყო

14:01 07-08-2018
18

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კოოპერატივების საერთაშორისო დღისდმი  მიძღვნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა   კოოპ-მარკეტი დაათვალიერა.

გიორგი ხანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად ფერმერებს კოოპერატივების საერთაშორისო დღე მიულოცა. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული  პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 20 -ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივმა მიიღო .

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო  სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ჩაი,  ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და  ყველი.

ღონისძიება გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  და ქალაქ თბილისის  მერიის მხარდაჭერით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა საქართველოს 2013 წლიდან დაიწყო.  მცირე ფერმერთა გაერთიანებების, კოოპერატივების  სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა   სხვადასხვა დარგის კოოპერატივების ხელშეწყობისათვის.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი