ვინ არის აბიტურიენტი გოგონა, რომელიც პატრულმა გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა

19:37 07-07-2018
2116

დღეს სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან მომხდარის შესახებ წერდა. მისი ცნობით, ეროვნული გამოცდების გამო, გლდანში ერთ-ერთ სკოლასთან გზა გადაკეტილი იყო, რის გამოც აბიტურიენტს გამოცდაზე აგვიანდებოდა. როგორც გაირკვა ამ ისტორიის მთავარი გმირი აბიტურიენტი მარიამ ცაგურიშვილია, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოლიციელებს მადლობა გადაუახადა და ამ ამბის დეტალები თავად მოყვა. მისი თქმით, მხსნელი პოლიციელი ცოტნე შაორშაძეა. 

"დღეს, უნარების გამოცდაზე ვიგვიანებდი, ამას დაემატა ისიც, რომ გზა გადაკეტილი იყო და შესაბამისად საგამოცდო ცენტრამდე ფეხით უნდა ავსულიყავი. მანქანიდან პანიკური შეტევით გადმოვედი და თავი ბოლტი მეგონა, ისე გავრბოდი:) საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობდა გზაზე, იმდენად შეურაცხადი ვიყავი, ერთ-ერთმა შემომთავაზა თუ გაგვიანდება აგიყვანთ 173 სკოლამდეო. შოკში ვიყავი, თვითონ შემომთავაზა, არ დაიზარა, ადგა, მანქანის კარი გამიღო, ჩამსვა და მეუბნება, არაფერი დამეზარება იმისთვის, რომ თქვენ ჩააბაროთო.მიმიყვანა, მადლობა გადავუხადე და მომღიმარი სახით წარმატებები მისურვა. 

ძალიან იმოქმედა ამ კაცმა ჩემს განწყობაზე, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ესეთ კეთილ პატრულს უბრალოდ მიჩვეული არ ვართ, მაგრამ აი ფაქტი - he made my day", - ნათქვამია მადლობის წერილში.