თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე ახალგაზრდა არქიტექტორთა ოლიმპიადა დასრულდა

14:48 07-07-2018
9

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

ოლიმპიადაზე, რომლის თემა იყო „ავტოფარეხები, როგორც პოტენციური საჯარო სივრცეები“, სტუდენტურმა გუნდებმა, გამოცდილ არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე შეიმუშავეს თბილისის სამ ლოკაციაზე (საბურთალო, ვარკეთილი, გლდანი) ფარეხებით დანაწევრებული სივრცეების
განვითარების სცენარები.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ. სოფიო ხუნწარიამ ოლიმპიადის მონაწილეებს სიგელები გადასცა. 

„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ახალგაზრდა ურბანისტების ჯგუფის მიერ, შემოთავაზებული იქნა პროექტი, რომელიც არსებული ფარეხების ტერიტორიაზე საზოგადოებრივად საინტერესო სივრცეების შექმნას გულისხმობს. შესწავლილ იქნა სამი რაიონი - გლდანი, ვარკეთილი და საბურთალო. პროექტი საკმაოდ საინტერესოა და თბილისის მერია არის ამ იდეის მხარდამჭერი“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.


ღონისძიება პროექტის ერთ-ერთ ლოკაციაზე გაიმართა, სადაც გამოფენის სახით იყო წარმოდგენილი ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტური ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრები (რენდერები, მაკეტები). აგრეთვე, გაიმართა კვლევისა და შექმნილი კონცეფციების პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი, საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ასევე, ურბანისტები, არქიტექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.