"თუ ხედავთ, რომ მანქანას გამონაბოლქვი აქვს, 112-ში დარეკეთ..." - ეკონომიკის მინისტრი

15:22 07-03-2018
51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი ფიქრობს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ  შორის როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების.

როგორც კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს – კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში.

“თუ მხედველობითი არეალი არის და ხედავთ, რომ მანქანას გამონაბოლქვი აქვს, ამას გადამოწმება არ სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა გაიარა თუ არა ამ ავტომობილმა ინსპექტირება. ეს არის ჩვეულებრივი სანქციის ნაწილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ დარღვევის შესახებ 112-ს აცნობოს. ეს არის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და 112-ში უნდა დარეკოთ. სამოქალაქო ჩართულობა ამასაც გულისხმობს,რომ უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან რეაგირება,” – აღნიშნა ჩერქეზეიშვილმა.

მისივე თქმით, მას პირადად გადაუმოწმებია, ის ავტომობილები, რომელთა ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს აკრძალული ჰქონდა გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.