მილანის „ინტერი“ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელი ბაზით კმაყოფილი დარჩა

15:04 07-02-2018
58

 

თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელმა ბაზამ მილანის გრანდის „ინტერის“ საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა. კემპი 25 ივნისს გაიხსნა. ხუთი დღის განმავლობაში ბანაკში საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების 6-დან 16 წლამდე ასაკის დამწყებმა და ჭაბუკმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. პროექტის მიზანი იყო ორი საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა.  „ინტერის“ აკადემიის მწვრთნელმა 100-ზე მეტი ფეხბურთელი ნახა, თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი გაემგზავრება იტალიაში. 

ის ორი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელებმა ერთკვირიანი ვარჯიშების დროს შეარჩიეს და „ინტერში“ სტაჟირებაზე მიიწვიეს,  „გაგრას“ 10 წლის ფეხბურთელი ლუკა ლომთათიძე და „საბურთალოს“ 12 წლის წევრი ბუბუ ღოღობერიძეა. 

ვარჯიშებს 5 იტალიელი და 5 ქართველი მწვრთნელი უძღვებოდა. 

„ინტერი“ დამწყები ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს – ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა.  

იტალიურ მხარეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელი ბაზა ძალიან მოეწონა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თბილისში  მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი იმყოფებოდა. თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა სწორედ მან დაათვალიერა, ბაზაზე არსებული ევროპული სტანდარტებით მოიხიბლა და საფეხბურთო ბანაკიც გახსნა.  

უკვე მოგვიანებით, ვალერიო კანდიდომ, „ინტერის“ აკადემიის მწვრთნელთა კოორდინატორმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათ ძალიან კარგი პირობები დახვდათ და კმაყოფილები არიან.  

თავის მხრივ, თაკო კოკაიამ, რომელიც კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური მენეჯერია, განაცხადა, რომ ასეთ პროექტში მონაწილეობით კმაყოფილები არიან. 

ბანაკის ორგანიზატორი „თავისუფალი ფეხბურთია“.   

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს.