რატომ ჩაიშალა გადაღება - რას ყვებიან მსახიობები - exclusive

11:37 07-02-2018
2564

პრეზიდენტისა და ყრდელის დედოფლის სიყვარულის ამბავმა კიდევ უფრო საინტერესო გახადა მაყურებლისთვის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. პრეზიდენტი და ფული თუ სიყვარული და ოჯახი – სწორედ ასე დგას ამ ეტაპისთვის საკითხი ლუნა მაზიაშვილის ცხოვრებაში. ქარაფშუტა, მექალთანე პრეზიდენტი მორიგ მსხვერპლზე გაჩერდა, თუმცა ლუნა სულაც არ ჰგავს მსხვერპლს. მანამ სანამ საბოლოოდ გაირკვევა, რა გზას აირჩევს ყრდელის დედოფალი, ქეთი ხუციშვილი და კახა გოგიძე გადაღებების დეტალებსა და თავიანთი გმირების ცხოვრებაზე გვიამბობენ.

– ბატონო „პრეზიდენტო“, როგორ გგონიათ, ნამდვილი სიყვარული გაჩაღდა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის?

– არა. ჩემი გმირი ძალიან ქარაფშუტა კაცია, ნიავივით არის, ოჯახი ჰყავს, პარალელურად ლუნას ეარშიყება, მდივანსაც თვალებს უჟუჟუნებს. ტიპური მექალთანეა. სადაც კაბა გაფრიალდება, იქ თავს აჯერებს, რომ უყვარს. არასერიოზული კაცია, ამაშია მთელი ამბავი. 

– პრეზიდენტი მექალთანე უნდა იყოს?

– თუ ამას კახა გოგიძეს ეკითხებით, მიმაჩნია, რომ – არა. ზოგადად, ეს მიდგომა არ მომწონს. ვიღაც თვლის, რომ, რაც უფრო მეტი ქალი ჰყავს, მით უფრო მაგარი კაცია. ამას არ ვეთანხმები. ხოლო თუ ამას ჩემს გმირს ჰკითხავთ, აბა, რაა, პატარა ღიპი, ბევრი ქალი, სუფრა, ქეიფი და მაშინ ხარ კაცი!

– თქვენს ნამდვილ ოჯახზე გვიამბობთ?

– ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახი მაქვს, ბევრი შვილით, შვილიშვილებით, სტანდარტული პრობლემებით.

– შვილები რა პროფესიისანი არიან?

– სამწუხაროდ, მსახიობები.

– „სამწუხაროდ“ რატომ?

– შემომხედეთ, როგორი დაღლილი ვარ დღის ბოლოს. ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. უმადურს ეძახიან ჩვენს პროფესიას. როდესაც მსახიობი სცენაზე გადის, წინასაინფარქტო მდგომარეობა აქვს დ რაც არ უნდა ბევრი აპლოდისმენტი და ემოცია მიიღოს სპექტაკლის ბოლოს, ამის კომპენსაციას ვერ იღებს. 

– კახა, იგრძნობა, რომ ქეთი არ არის პროფესიონალი მსახიობი?

– არა, ქეთის შემთხვევაში ნამდვილად არ იგრძნობა. ლუნას მთავარი ხიბლი ისაა, რომ ქეთი ზუსტად თამაშობს იმას, რასაც უნდა თამაშობდეს. ამ ჯგუფის მთავარი ხიბლიც ესაა, რომ სწორად პოულობენ იმას, რაც სჭირდებათ. მე შეიძლება გამჭირვებოდა ასეთი პერსონაჟის თამაში, უფრო პროფესიონალურად მივუდგებოდი და ამ გადამეტებულ ცოდნას შეიძლება გაეფუჭებინა ის, რასაც ხალხურობა ჰქვია და რაც აქვს ქეთის. ასეთ დროს აკადემიურობისკენ წასვლა აუცილებლად გააფუჭებს გმირს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგად გათვალეს, რომ სწორედ ქეთი შეარჩიეს ამ როლისთვის.

– კახა, თეატრის მსახიობებს დიდად არ ხიბლავთ ის ამბავი, რომ ტელეეკრანიდან იცნობთ მათ მაყურებელი. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– აი, სწორედ ამაშია ის უმადურობა, ზემოთ რომ მოგახსენებდით. ძალიან დიდ, ჯოჯოხეთურ შრომას ვდებთ მსახიობები სპექტაკლებში. გამოდიხარ სერიალში, ორჯერ გაივლი-გამოივლი და ყველა გცნობს. თეატრი სხვა სპეციფიკის ხელოვნებაა, მას თავისი მაყურებელი ჰყავს და სამწუხაროდ, ის ყველასთვის გასაგები არაა. ამიტომაც არ გვიყვარს თეატრის მსახიობებს, როცა ტელეეკრანიდან გვცნობენ. იქ დიდი რისკია, თუ ვერ გააკეთე, ტაშს არ დაგიკრავენ. აქ ვერ გააკეთე? თავიდან გადაიღე, რა პრობლემაა. იქ ყველაფერს აკეთებ და ვერ გცნობენ, აქ თითქმის არაფერს და ყველა გიღიმის. 

– მაყურებელი ხშირად მსახიობს მის პერსონაჟთან აიგივებს, მე ვიცი, რომ ქეთის, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთი მოუწყვეს სოციალურ ქსელში ლუნას გამო...

ქეთი:

– კეთილებიც არიან, რომ მარიგებენ, არ უნდა გეკოცნა პრეზიდენტისთვისო, ქმრისთვის არ უნდა გეღალატაო. ერთმა ისიც კი დაწერა, განა რამდენი გადაუხადეს, ასე რომ გაიფუჭა თავიო.

– მგონი, მაყურებელს უყვარს თქვენი ოჯახი და არ უნდა, რომ დაინგრეს.

ქეთი:

– კი, კი. ასეც არის. ერთხელ ქუჩაში გადაღების დროს კამერაში შემოგვიხტა ქალი, მხარზე ხელი დამადო და მითხრა, ლუნა, გეხვეწები, არ გაფუჭდეო (იცინიან). გადაღება ჩაიშალა ამ ქალის გამო. ალბათ, ახლა თუ მიყურებს, უკვე ხელიდან წავიდაო, ფიქრობს. 

– კახა, თქვენ მღეროდით ანსამბლ „ალილოში“, მხოლოდ ამით ჰგავხართ თქვენს გმირს, რომ მღერით?

– ამითაც არ ვგავარ. იმიტომ რომ რეალურად სიმღერა არ მიყვარს. ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს სუფრასთან სიმღერის, შეიძლება ფობიაც კი დავარქვათ ამას. ეს ჩემი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მომღერალი მეგობარი მყავს (ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე...) და ძალიან მიყვარს მათი მოსმენა... მე რომ მეუბნებიან, იმღერეო, რესტორნის მენიუს შემადგენელ ნაწილად მივიჩნევ თავს. ხინკალი, ქაბაბი, კაი სიმღერა კახა გოგიძესი – აი, ამ ჩამონათვალში ვხედავ თავს. 

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი კილოგრამი დაიკელით...

– ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღა თქვენ გაწყენინოთ. აი, ამ სავარძელში მხოლოდ ფეხსაცმლის მაშველით თუ ჩავჯდებოდი, იმხელა ვიყავი. მერე ვიდიეტე, დიეტამ გამიფუჭა ნერვული სისტემა. მერე ისევ მოვიმატე და ბოლოს ოპერაციით ვუშველე თავს.  ახლა აბსოლუტურად შევიცვალე ცხოვრების სტილი. ვვარჯიშობ კიდეც. 25 წლის განმავლობაში წონის გამო ძალიან ბევრი რამ დამაკლდა. სკოლა რომ დავამთავრე, სამეჯლისო ცეკვებს ვცეკვავდი. ამაზე დღემდე დამცინიან ჩემი ძმაკაცები. ცეკვას თავი რომ დავანებე, უცებ მოვიმატე. მის მერე ვებრძოდი კილოგრამებს. ბოლოს გამოჩნდა დათო აბულაძე, მის ხელებს შემოვევლე, გამიკეთა ოპერაცია და... გადავრჩი. მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ამას აპირებს, კი, დიდი შვებაა, მაგრამ შემდგომი პერიოდიც არაა მარტივი. კონტროლი უნდა მუდმივად. ასე რომ, თუ ფსიქიკაში კარგად ვერ ხართ, ნუ გაიკეთებთ. 

– ცხოვრების წესი შეცვალა ქეთიმაც, რომელიც, ფაქტობრივად, არ გამოდის სპორტდარბაზიდან...

ქეთი:

– კი, ასეა ნამდვილად. ამან ძალიან დიდი სტიმული და ცხოვრების ხალისი მომცა. ვარჯიშზე დამოკიდებული გავხდი. არსად წასვლა არ მიხარია, თუ ვიცი, რომ იმ დღეს ვარჯიში უნდა გამიცდეს. 

– დახვეწილობის კურსები დამთავრდა?

– კი, კი, რამდენი ხანია, სერტიფიკატიც ავიღე.

კახა:

– ჩვენ გვეცინება დახვეწილობის კურსებზე, მაგრამ მე ვიცი ერთ-ერთ ინსტანციაში დანა-ჩანგლის ხელში ჭერის კურსებს გადიოდნენ (იღიმის). დევდარიანი ხშირად რაღაც წინასწარმეტყველურს მოარტყამს ხოლმე. მართალი გითხრათ, მეშინია, ჩემი პერსონაჟი ინსულტით არ დაღუპოს. მერე სულ შიშში ვიქნები (იცინის). 

– ქეთი, როგორი გინდა იყოს ყრდელის დედოფლის ცხოვრება, როგორ გგონია, რას უპირებს დევდარიანი ლუნას?

– წარმოდგენა არ მაქვს, ისეთი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე მორიგ სცენარს... წარმოიდგინეთ, საიდან სად, გოჭების სცენიდან, პირველ ლედობამდე მოვედი. 

– კახა, როგორ ფიქრობთ, რომელ პრეზიდენტს მიამსგავსა სცენარისტმა თქვენი გმირი?

– მე მგონია, რომ არცერთს. ჩემი გმირი საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ ჰგავს. ვფიქრობ, რომ სწორია ეს ოქროს შუალედი. ვიღაცას მოსწონდა ის პრეზიდენტი, ვიღაცას – ეს და რომელიმეს გაშარჟება არ იქნებოდა ლამაზი. ამით შენდაუნებურად შეურაცხყოფას აყენებ მას, ვისაც ის მოსწონს ან მოსწონდა. ჩემი გმირი ხალხიდან გამოვიდა, ხალხმა შვა. 

– საწოლის, კოცნის სცენაზეც გკითხავთ, რამდენად რთული აღმოჩნდა გადასაღებად, სათამაშოდ...

კახა:

– ამას წინათ დავით ბახტაძეს ჰქონდა საწოლის სცენა ანჯელინა ჯოლისთან და იგივე კითხვა დაუსვეს. ის ჩვეულებრივი მსახიობიაო, ასე უპასუხა დათომ. იგივეს თქმა შემიძლია მეც. ქეთი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი გოგოა, მაგრამ მე რომ ემოციები ჩავრთო საქმეში, სცენას ვეღარ ვითამაშებ. ეს კანონია, ასეთ დროს ემოციები არ უნდა გამოამჟღავნო. 

– კახა, თეატრზეც გკითხავთ. „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი ხართ, თუმცა მიწვევით სხვადასხვა თეატრებთანაც თანამშრომლობთ. ამჯერად რომელ თეატრში მუშაობთ და რა სპექტაკლზე?

– ვარ „თავისუფალ თეატრში“, „ილიაუნის თეატრში“ და პარალელურად ვდგამ სპექტაკლებს. დრამის სარეჟისორო დავამთავრე, ახლა კინოსარეჟისოროსაც ვამთავრებ. სულ სტუდენტი ვარ. მეგობარი მეხუმრა ამას წინათ, ამდენი დიპლომი რად გინდა, ტაქსისტი უნდა გამოხვიდეო? ალბათ, ბოლოს გამოვალ მართლა (იცინის). აქვე ვიტყვი, რომ არაფერი მაქვს ტაქსის მძღოლების საწინააღმდეგო, ყველას შრომას ვაფასებ და პატივს ვცემ. ახლა სენაკში ვდგამ სპექტაკლს. 27-ში მაქვს პრემიერა. 

– დასასრულ, ერთი წუთით თქვენი გმირები, ლუნა და სულიკო მინდა გახდეთ.

კახა:

– ხოდა, წავედი მე, პრემიერი მიხმობს, ჭკუა უნდა დამარიგოს.

ქეთი:

– ხალხს უყვარხარ, საყვარელო (იცინიან),

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი