„სავარაუდო გარდაცვლილები ინტერპოლის სიაშიც არიან... სანამ არ იქნება ოფიციალური დადასტურება, დამნაშავე პირი დევნის ობიექტად ითვლება“ - მამუკა არეშიძე

14:43 06-28-2018
330

„სანამ არ იქნება ოფიციალურ დონეზე დადასტურება ამა თუ იმ დამნაშავე პირის გარდაცვალების შესახებ, ის საერთაშორისო სამართლით დევნის ობიექტად ითვლება“ - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იმ ადამიანების შეყვანას, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან.   

„არიან ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაულებები და მათი გარდაცვალება დადასტურებულია ოფიციალურად, შესაბამისი საბუთებით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. კი ბატონო, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცით, რომ ამ სიაში მყოფი ოთარ ტურანბა სავარაუდოდ გარდაცვლილია, მაგრამ დოკუმენტალურად ეს დადასტურებული არ არის, თავად აფხაზებისთვისაც კი. ასეთ მძიმე დანაშაულებებზე როდესაც არის სუაბარი, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სახელ და გვარს იცვლის. არის შემთხვევები, როცა დამნაშავე სპეციალურად ავრცელებს ცნობებს, ინფორმაციებს, რომ თითქოს გარდაცვლილია, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას და მასზე ძებნა არ განხორციელდეს. ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს არა მარტო ჩვენს რეგიონში არამედ საერთაშორისო პრაქტიკაშიც. ასე რომ, ვიდრე პირის გარდაცვალება დოკუმენტურად არ იქნება დადასტურებული, საერთაშორისო სამართლი მას ძიების ობიექტად მიიჩნევს. ჩვენ კი არა, აფხაზურ მხარესაც კი არა აქვს ოფიციალური დადასტურება იმის, რომ ეს ადამიანები მართლა გარდაცვლილები არიან. აქედან გამომდინარე, ამ სიის მიმართ ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიას. აღმოაჩენთ, რომ წითელი ცირკულარით დღესაც იძებნება არაერთი ადამიანი, მათ შორის საქართველოდან, რომლებიც სავარაუდოდ გარდაცვლილნი არიან, თუმცა ვინაიდან არ არსებობს ამის ოფიციალური დადასტურება, ისინი კვლავ რჩებიან საერთაშორისო ძებნილთა სიაში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე. 

საერთაშორისო ძებნილთა სიაში რამდენიმე გარდაცვლილის პირის გვარი მართლაც ფიგურირებს. მათ შორის გახლავთ საქართველოს მოქალაქე ვახა ბუგაევი, რომელიც 2015 წელს ტერორორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა და გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ბუგაევს ინტერპოლი დღესაც წითელი ცირკულარით ეძებს.