გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში შეხვედრაა ჩაიშალა

14:28 06-27-2018
32

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, აფხაზური მხარის ულტიმატუმი გახდა, რომ ქართულ მხარეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯიოღლის საკითხი ამოეღო. რაზედაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს საკითხი ქართული სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და დღის წესრიგიდან მის ამოღებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

მანამდე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიაში“ 33 ადამიანის შეყვანის ფაქტზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა. 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.