აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას გამოეხმაურა

10:29 06-27-2018
234

ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიაში“ 33 ადამიანის შეყვანას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების და კერძოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.

პრემიერის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთთან მიმართებაში და სერიოზულად აფერხებს არსებული მოლაპარაკებების პროცესის საფუძვლებს.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.