რა უთხრა ვალერი მელაძემ ყაზახეთის „ვოისის“ გამარჯვებულს - „ბონი ემის შვილიშვილი იყო კონკურსანტებში“ - exclusive

17:03 06-19-2018
1511

„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, ავთო აბესლამიძე ყაზახეთიდან გრამპრით ხელდამშვებენული დაბრუნდა. 20 ქვეყანას შორის მომღერალმა უმაღლესი ქულა 131 დააგროვა და ფულადი ჯილდო, 10 ათასი დოლარიც დაიმსახურა.

„პრაიმტაიმმა“ გამარჯვებულთან ინტერვიუ ჩაწერა.

- discover silk road star - არის ასეთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც შემომთავაზა საქართველოს სახელით წავსულიყავი ყაზახეთში, კონკურსზე Voice of Astana. გავეცანი კონკურსისი ფორმატს და მივიღე გამოწვევა.

- მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო?

- ორი სიმღერა უნდა მემეღერა, მათ შორის ერთი ყაზახურ ენაზე. 10 დღიანი ტური იყო. ყველა დღე რეპეტიცია გვქონდა, გადაღებები, ინტერვიუები, კომფერენციები. საქართველოში ჩემი დღის რეჟიმს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრისთვის ფეხი ამეწყო. დილის 8 საათზე იწყებოდა ჩვენი ცხოვრება. სირთულე იყო ისიც, რომ ყაზახურ ენაზე უნდა შეგვესრულებინა სიმღერა ყაზახეთის დედაქალაქზე, ასტანაზე. ეს აუცილებელი პირობა იყო, უნდა გვემღერა ან რუსულად ან ყაზახურად. მე მაინც ყაზახური ავირჩიე, ამ ქვეყანას ვეცი პატივი ამით. ტექსტი გადავთარგმნეთ, რომ წარმოდგენა მქონოდა შინაარსზე, რათა შესაბამისი ემოცია მქონოდა შესრულების დროს.

- ქალაქი მოგეწონა?

- კი. 20 წლის ქალაქია, სულ ახალგაზრდაა და იმდენად კარგად არის გაშენებული, ლამაზი კონსტრუქციებით... ძალიან მომეწონა.

- კონკურენტებზე რას იტყვი?

- ეს იყო ყველაზე რთული კონკურსი სადაც აქამდე მიმიღია მონაწილეობა. მონაწილეების ნაწილი იყო ცნობილი მომღერალი თავის ქვაყანაში, ნაწილი სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული და იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები... ერთადერთი კონკურსი იყო სადაც ძალიან მეგობრული გარემო იყო. მე ვფიქრობ, ეს პროფესიონალიზმის დამსახურებაა. იმდენად დაკავებულები და დაინტერესებულები იყვნენ მუსიკით, სხვა ცუდ რაღაცეებზე საფიქრალად დრო არ ჰქონდათ. დღესაც, საერთო ჩათი გვაქვს სადაც ვსაუბრობთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მილოცავდნენ გამარჯვებას, რუსებიც მათ შორის. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემ სიხარულს იზიარებდნენ.

- ბევრი ქართველი მომღერლისგან მომისმენია, რომ საქართველოში სიმღერა გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა საერთაშორისო კონკურსზე. შენ რას იტყვი?

- ნამდვილად ასეა. ქართული სიმღერა ყველაზე რთულად შესასრულებელია. საქართველოში მეტი კრიტიკოსი გყავს, იმიტომ რომ კომპეტენტურები არიან და აქედან გამომდინარე, მკაცრებიც. საქართველოში ყველა მღერის, ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ დაგინახონ... წეღან მონაწილეებზე მეკითხებოდი, ბონი ემის შვილიშვილი გვყავდა ამერიკიდან. გოგო მარტო თავის წარმომავლობით იწონებდა თავს. იმდენად ძლიერი ნაკადი იყო, მართლა არ ვიცი როგორ მოვიგე ეს პროექტი...

- ბონი ემის შვილიშვილი ამართლებდა წარმომავლობას?

- კი, უდაოდ. ცეცხლს ანთებდა სცენაზე...

- როგორ გგონია, რით დაიმსახურე გამარჯვება, რა იყო შენი მთავარი კოზირი?

- კარგად შევარჩიეთ სიმღერები. ყაზახურენოვან სიმღერას რომელიც მე შევარჩიე, სინამდვილეში 4 ბიჭი მღერის, თან ოპერის ჟანრში. მე მარტოს უნდა მემღერა და თან საესტრადო გამეხადა კლასიკა. ძალიან რთული ამოცანა იყო და გარკვეულწილად რისკიც. ამ გადაწყვეტილების შესახებ რომ ვუთხარით, იკითხეს, ერთი ბიჭი ასრულებსო?...  კარგად მოვირგე ინგლისური სიმღერაც. რა გითხრათ, ჟიურის წევრებმა, მათ შორის ვალერი მელაძემაც მითრა, რომ ასეთი ხმის ტემბრი ბიჭისგან არ მოგვისმენიაო.  

- ვინ გახლდა თან?

- discover silk road star -დან ოთო გვასალია და მუსიკალური პროდიუსერი, გიორგი წიკლაური და თუ კი რამე ვიდეო დაიდო ამ დღეებში ამ კონცერტიდან გიორგის დამსახურებაა. ვერ მოვითმინეთ, სანამ კონკურსის ვიდეოები ოფიციალურად დაიდება მათ საიტებზე.

- პრიზებზეც გვიამბე...

- ჩემი მთავარი პრიზია გრამპრი და 10 ათასი დოლარი. მომავალ წელს სტუმრის სტატუსით ვარ მიწვეული ამ კონკურსზე, თავად უზრუნველყოფენ ჩემს წასვლას ყაზახეთში.

- აქამდე ქართველი მონაწილე ყოფილა ამ კონკურსზე?

- არა, პირველი მე ვიყავი.

- ავთო, აგვისტოში ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება, - „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“. საიდუმლოდ შევიტყვე, რომ საქართველოს ამ კონკურსზე შენ წარადგენ...

- კი, ასეა. ამისთვის მზადება უნდა დავიწყო მალე. მანამდე კი კლიპის გადაღება უნდა მოვასწრო. ამაღამ სტამბულში მივფრინავ. უნდა ჩავწერო სიმღერა და გადავიღო კლიპიც. ეს „იქს ფაქტორს“ უკავშირდება. დიდი ხანი ვაანონსებდი, ცოტა დროში გამეწელა. როგორც კი დავბრუნდები, უნდა დავიწყო მზადება. 22 აგვისტომდე ცოტა დროა. სამი ტურია წინ და ბევრი ქვეყნის წარმომადგენელთან შეჯიბრი. ყველაზე დიდი პასუხისმგებოლობაა როცა საკუთარ ქვეყანაში შენივე სამშობლო უნდა ასახელო. ზოგადად პროექტზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დროული და აუცილებელია. ზღვისპირა, ტურისტულ ქალაქში საერთაშორისო კონკურსი ძალიან შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.  

- შენმა მენტორმა „იქს ფაქტორში“, ნიკა გვარამიამ თუ მოგილოცა წარმატება?

- მომილოცა კი არა, წასვლისას რჩევებიც მომცა. ნიკას აჩემება იყო სწორედ ის ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელიც იქ შევასრულე. მითხრა, შენ ხმას დააკვდებაო და წარმატებაც სახეზეა.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი