„ლავას ოღლის“ სტატუსი შეუჩერეს - დიდი წმენდა ქურდულ სამყაროში

12:13 06-18-2018
14902

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბოლო პერიოდში სტამბოლი ქურდული სამყაროს ცენტრად იქცა. თავად თურქი სამართალდამცველებიც აღიარებენ, რომ იქ „კანონიერი ქურდების“ არნახული კონცენტრაცია ფიქსირდება. მთავარ მოთამაშეს კი აზერბაიჯანის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი (ლოტი გული) წარმოადგენს.

და სწორედ სალიფოვის ინიციატივით სტამბოლში გასულ კვირას ქურდულ სამყაროში დიდი წმენდა გამოცხადდა, რომელიც სხვებთან ერთად ქართველ „კანონიერ ქურდებსაც“ შეეხოთ. მათ შორის ქურდული სტატუსის გარეშე დარჩა არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტი მინდია გორაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლავას ოღლის“ სახელით იცნობენ.

გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ ვარაუდობს, რომ დიდი გარჩევა კლანებს შორის არსებული დაპირისპირების გაგრძელებაა, რომლის ერთ მხარეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ მერაბ ჯანგველაძე დგას, მეორე მხარეს კი – ნადირ სალიფოვი, რომელსაც ჯანგველაძის კლანთან ბრძოლაში ლაშა შუშანაშვილის ე.წ. „ბერძნული კლანის“ მხარდაჭერაც აქვს. პრესა წერს, რომ სალიფოვი და შუშანაშვილი სწორედ საერთო მტერმა – მერაბ ჯანგველაძემ გააერთიანა. "ლავას ოღლისთან" ერთად სტატუსის გარეშე დარჩა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ 25 წლის რევაზ უბილავა (რეზო ჯვარსკი) და, ასევე, ლექსო ლოგუა (ლექსო გალსკი). სამივე მათგანი ჯანგველაძის კლანს წარმოადგენს და დიდხნიანი დაპირისპირება ჰქონდა მეგრული დაჯგუფების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლა სწორედ ნადირ სალიფოვის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი, მათ შორის – მერაბ მზარეულია, კიკო მზარეულია, გოჩა ალფასონი, თამაზ ბარკალაია, ნიკა დგებუაძე და სხვ.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს ჯანგველაძის კლანის წარმომადგენელ რევაზ უბილავაზე (რეზო ჯვარსკი) მოსკოვის ცენტრში თავდასხმა მოხდა. მაშინ რეზო „ჯვარსკი“, სულ რაღაც, 21 წლის იყო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გავრცელდა ცნობა, რომ ამ თავდასხმის უკან სწორედ ზემოხსენებული მეგრული კლანი იდგა, კერძოდ, გაიჟღერა კიკო მზარეულიას სახელმა. ზუსტად ოთხი წლის შემდეგ კი იგივე ჯგუფი რეზო უბილავას კიდევ ერთხელ გაუსწორდა და ჯანგველაძის მიერ მინიჭებული ქურდული სტატუსიც ჩამოართვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტატუსი შეუჩერეს 38 წლის ლექსო ლოგუასაც (გალსკი), რომელიც ასევე ონიანი-ჯანგველაძის კლანის წარმომადგენელი და მინდია გორაძის, იგივე „ლავას ოღლის“, უახლოესი მეგობარია. ბოლოს ლოგუას სახელმა 2014 წელს გაიჟღერა, როდესაც ის მინსკში დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დეპორტაცია საქართველოში იგეგმებოდა, თუმცა მოულოდნელად ლოგუა თბილისის ნაცვლად სტამბოლში აღმოჩნდა.

ქურდული ტიტულის გარეშე დარჩა თავად „ლავას ოღლიც“, რომლის სახელიც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ის 2013 წელს სხვა რამდენიმე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდთან“ ერთად სწორედ ჯანგველაძის კლანმა „აკურთხა“.

გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს უკრაინიდან გამოძევებულმა მინდია გორაძემ ბინა საქართველო-თურქეთის საზღვართან, ხოფაში დაიდო და სწორედ იქიდან ცდილობდა ბათუმში მოქმედი „შავი სამყაროს“ გაკონტროლებას. მიუხედავად ამისა, „ლავას ოღლის“ გარემოცვა არაერთხელ გაება ქართველი სამართალდამცველების მახეში. პირველად მაშინ, როდესაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი ბათუმში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მინდია გორაძის სახელით ე.წ. „ქურდული წილების“ მისაღებად აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ყველა მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი.

მინდია გორაძის სახელს უკავშირდება პოლიციის თანამშრომლის, თარეშ მუკბანიანის ჩაცხრილვაც. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი თარეშ მუკბანიანი 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე შსს-მ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სარფის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. სავარაუდოდ, დევაძე „ლავას ოღლისთან“ ხოფაში გადასვლას აპირებდა.

ლავას ოღლისა და სამართალდამცავების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის ბანდიტიზმის მუხლით გასამართლდა. ბოლოს კი მისმა სახელმა მიმდინარე წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაიჟღერა. მაშინ საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს თურქეთიდან სწორედ მინდია გორაძე და მისი მეგობარი, „ენცოს“ მეტსახელით ცნობილი „კანონიერი ქურდი“ აკაკი ტუღუში მართავდნენ.

სხვათა შორის, სწორედ აკაკი ტუღუშმა გადაიბარა „ლავას ოღლის“ საქმეები, როდესაც ეს უკანასკნელი 2016 წელს მოლდოვაში დააპატიმრეს და საქართველოში გამოამგზავრეს, თუმცა სამშობლოში „ლავას ოღლის“ პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ის 2017 წელს სასამართლომ გაათავისუფლა, სამართალდამცველებმა კი პირდაპირ საზღვრისკენ მიუთითეს.

ამ თემებზე მომუშავე რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, მალე სტატუსის გარეშე დარჩეს აკაკი ტუღუშიც.

მინდია გორაძის მსგავსად, აკაკი ტუღუშიც წარმოშობით ბათუმელია და ასევე ჯანგველაძის კლანის აქტიური წარმომადგენელი გახლავთ. ის ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ხნის წინ დაუსწრებლად ამხილეს. საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით 60 000 ლარის გამოძალვის მცდელობას. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, სადაც განმარტეს, რომ „აკაკი ტუღუშს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით და 223-ე პრიმა მუხლით (გამოძალვა და ქურდული სამყაროს წევრობა). ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში, მასზე გამოცხადდა ძებნა“.

აკაკი ტუღუში „კანონიერ ქურდად“ 2012 წლის 10 დეკემბერს დუბაიში „აკურთხეს“. მასთან ერთად, ტიტული კიდევ 15-მა პირმა მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ „ლავას ოღლი“ და „ენცო“ მერაბ ჯანგველაძის კლანს წარმოადგენენ, რომელიც, თავის მხრივ, ტარიელ ონიანის გავლენის სფეროშია მოქცეული. აკაკი ტუღუშისთვის ტიტულის მინიჭებას მწვანე შუქი აუნთეს ისეთმა გავლენიანმა „ავტორიტეტებმა“, როგორებიც არიან მერაბ ჯანგველაძე, ტარიელ ონიანი, ჯემალ მიქელაძე, როინ უგულავა, იგივე „მატევიჩი“, როვშან ჯანიევი და სხვ. ეს გახლავთ „კანონიერი ქურდების“ ის ჯგუფი, რომელთა სახელსაც ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე „ძედ ჰასანის“ მკვლელობა უკავშირდება.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნადირ სალიფოვის კლანი ჯანგველაძის დაჯგუფებას უპირისპირდება. თავის მხრივ, სალიფოვი აქტიურად ცდილობს „ძედ ჰასანის“ მემკვიდრეობის ხელში აღებას.

გარდა ამისა, ქურდულ სამყაროში დიდ უკმაყოფილებას იწვევს ონიანი-ჯანგველაძის კლანის ახალგაზრდული ფრთის არაერთი გადაწყვეტილება. მაგალითად, ცნობილია, რომ მათ სტატუსი შეუჩერეს 60 წელს ზევით მყოფ რამდენიმე „კანონიერ ქურდს“, რამაც ქურდულ სამყაროში მოსაზრებები ორად გაყო.

ცნობილია, რომ დიდი ქურდული წმენდა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა გეგმები ნიკა დგებუაძის ქორწილმა შეცვალა, რომელიც სტამბულში მდებარე კომპლექს Esa Royal Park-ში  8 ივნისს გაიმართა. 37 წლის დგებუაძეს კრიმინალურ წრეებში „ნიკა გაგრინსკის“ სახელით იცნობენ. ის ნადირ სალიფოვის გარემოცვის წევრი გახლავთ და აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს. მის ქორწილს არაერთი გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ესწრებოდა, მათი უმრავლესობა კი ე.წ. მეგრულ კლანს წარმოადგენდა, რომელიც „ქარდავა-მზარეულიას“ დაჯგუფების სახელით არის ცნობილი. ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ნადირ სალიფოვი, იგივე „ლოტი გული“, რომელიც შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ქურდული სამყაროს ბოსის სტატუსისთვის იბრძვის. ეთნიკურად აზერბაიჯანელი სალიფოვი წარმოშობით გარდაბნიდან გახლავთ და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს.

ნიკა „გაგრინსკის“ ქორწილის შემდეგ სალიფოვმა ჯანგველაძის კლანზე პირდაპირი იერიში მიიტანა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს გადაწყვეტილება მეორე მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. არ გამორიცხავენ, რომ ქურდულ სამყაროში დაწყებულმა წმენდამ და ჯანგველაძის კლანზე გამოცხადებულმა ნადირობამ, მალე სისხლიანი დაპირისპირება გაააქტიუროს.