„კადიროვისტებს პროვოკაცია სურდათ, თორემ პანკისში რუსულნომრიანი მანქანებით ასე იოლად ვერ ივლი“ - რა მოხდა პანკისში?

15:36 06-15-2018
988

პანკისის ხეობის მაცხოვრებელი სულხან ბორძიკაშვილი, „პრაიმტაიმთან“, პანკისის ხეობის მაცხოვრებლებსა და ე.წ კადიროვისტებს (ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერები) შორის დღეს დილას მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს.

როგოც სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, პანკისის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, დუისში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც „კადიროვისტებმა“ შეძახილით „ახმად სილა“ სკანდირება დაიწყეს. 

"რუსული ნომრებით გაუვლიათ მანქანებს. ზუსტად არ ვიცი ყველა ადგილობრივი იყო თუ არა, ვის შორისაც მოხდა დაპირისპირება, ვიღაც ადგილობრივიც იქნებოდა და ვიღაც შერეული. 

მანქანების ნომრებზე ვიცი, რომ ძირითადად რუსული მანქანები იყვნენ. შეიძლება ვინც რუსეთში არიან, ისინი იყვნენ ჩამოსულები. მე ვერ შევესწარი, მაგრამ ხალხისგან ვიცი, რომ „ახმად სილას“ ძახილი რომ დაიწყეს "კადიროვისტებმა", ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ მოეხსნათ კადიროვის პლაკატები, ეუბნებოდნენ, რომ პანკისში ამას ვერ გააკეთებთ. შემდეგ უკვე სიტუაცია დაიძაბა, რადგან მათ უარი განაცხადეს პლაკატების მოხსნაზე. პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, თუმცა სპეცრაზმი, რომელიც ამ პოლიციას მოჰყვა, იმ მომენტში სულ არ იყო საჭირო", - აცხადებს სულხან ბორძიკაშვილი.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში ამჟამად მდგომარეობა განმუხტულია და მომხდარის შედეგად არავინ დაუკავებიათ. 

ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება კადიროვის პროპაგანგა იყო და „კადიროვისტებს“ პროვოკაციის მოწყობა სურდათ. 

"უბრალოდ, სიტუაცია იყო ისეთი, დღესასწაულია, ბევრი ადამიანი გროვდება ამ დროს და ალბათ „კადიროვისტებმა“ იფიქრეს, რომ ეს ნორმალური იყო, თუმცა ეს რაღაცნაირად პროვოკაციული ნაბიჯივით ჩანს შორიდან. კადიროვის პროპაგანდა უნდოდათ ალბათ, პანკისში ასე ვერ ივლი, კადიროვის და რუსეთის რაღაცებით, იმიტომ რომ აქ სხვა სიტუაციაა ამ მხრივ. თუმცა, ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მაგ ხალხს და დაზუსტებითაც ვერ ვიტყვი რა მიზანი ჰქონდათ", - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ინციდენტში შსს დროულად ჩაერთო და სიტუაციის გამწვავებას ადგილი  არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, ამჟამად პანკისის ხეობაში მდგომარეობა სტაბილურია. 

"სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან", - აცხადებენ შსს-ში.

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მუსლიმები დღეს რამადანის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრს) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება.

 

ლელა მდივანი