გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

11:40 06-13-2018
39
თეგები: გარდაბანი

გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. 

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი გრძელდება.

„27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

გარდაბნის გზატკეცილი N24 ა-ში  მცხოვრებ  27 ოჯახს 1990-91 წლებში საცხოვრებელი ფართები სამსახურებრივი უწყებისგან (ყოფილი „სპეც-ტექნიკის“ ქარხანა) უნდა გადასცემოდათ. 90-იან წლებში შენობის დასრულება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მოსახლეობამ  კორპუსი საკუთარი სახსრებით გადახურა, ასევე, შიდა კომუნიკაციების გაყვანა და კეთილმოწყობა უზრუნველყო.

 

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ოჯახებს ფართები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.