დიქტატორების ულამაზესი ცოლები

10:47 06-11-2018
790

ჟაკლინ კენედი

1952 წელს ერთ-ერთ მიღებაზე 23 წლის ჟურნალისტი ჟაკლინ ბიევიე ოფიციალურად წარუდგინეს 35 წლის სენატორს ჯონ კენედის. ერთი წლის შემდეგ მათ იქორწინეს. 1960 წელს კი კენედიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებდა. ჟაკლინი უკვე ფეხმძიმედ იყო, თუმცა, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. 

ის პასუხობდა მრავალრიცხოვან წერილებს. სარეკლამო რგოლებს იწერდა, მეუღლეს საარჩევნო შეხვედრებზე დაჰყვებოდა, იძლეოდა ინტერვიუებს და ერთ-ერთ გაზეთშიც კი იბეჭდებოდა. როდესაც 1961 წლის 20 იანვარს კენედი უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს პრეზიდენტად, ჟაკლინი არა უბრალოდ პირველი ლედი გახდა, არამედ ყველაზე მოდური პირველი ლედი ამერიკის ისტორიაში. 

ერთ-ერთი პირველი, რაც მან გააკეთა, ეს თეთრი სახლის რეკონსტრუქცია გახლდათ. ამისთვის კი მან საუკეთესო დიზაინერები და კონსულტანტები მოიწვია, მათ შორის იყო კოლექციონერი და ავეჯის მცოდნე ჰენრი დიუპონი. 

ამერიკელები ჟაკლინს აღმერთებდნენ. 

ელეონორა რუზველტი

ამერიკის ოცდამეათე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ცოლს „მსოფლიოს პირველ“ ლედადაც კი მოიხსენიებენ. ის დღემდე ახსოვთ ფრაზით: „დიადი ტვინები იდეებს განიხილავენ, საშუალო ტვინები – მოვლენებს, პატარა ტვინები კი – ადამიანებს“. თეთრ სახლში მან 12 წელი დაჰყო. ის ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

ფრანკლინმა და ელეონორამ ერთმანეთი ახალგაზრდობაში გაიცნეს. მაშინ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას უმზადებდა მათ ბედი. სანამ რუზველტი ქვეყანას სათავეში ედგა, ელეონორა მას ეხმარებოდა, ხალხს ხვდებოდა და მეუღლეს ამომრჩევლების განწყობებზე ესაუბრებოდა. ის ერთადერთი პირველი ლედი იყო, რომელიც ყოველ კვირას პრესკონფერენციებს აწყობდა. 

ცხოვრების ბოლომდე ის საზოგადოებრივად აქტიური იყო. ის იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, მონაწილეობდა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Freedom House დაფუძნებაში. მისი ინიციატივით მიიღეს საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა. ისტორიკოსები და მეცნიერები მას ქვეყნის საუკეთესო პირველი ლედის ტიტულს ანიჭებენ. 

ევა პერონ

პირველი სიტყვები, რაც მარია პერონმა თავის მომავალ ქმარს, არგენტინის პრეზიდენტს ხუან პერონს უთხრა, ასეთი იყო: „მადლობა, პოლკოვნიკო, რომ არსებობთ“. პირველი ლედის სტატუსში ის ექვსი წელი იყო და მან მოასწრო „ამხანაგი ევიტადან“ ქვეყნის მეორე პირად ჩამოყალიბებულიყო. 

პერონი მას უსიტყვოდ ენდობოდა და საკადრო საკითხებსაც კი ცოლთან გადიოდა. 

არგენტინელები მას აღმერთებდნენ, მან შეძლო მოქალაქეების გულებამდე მისვლა. „ფანატიზმის გარეშე ვერაფერს გააკეთებ“ – ევა ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და კიდევ უფრო ბევრს შრომობდა. ის ლეგენდად იქცა, თუმცა, მისი პერსონის გარშემო დისკუსია არ წყდება. 

რაისა გორბაჩოვა

რაისა გორბაჩოვა ითვლება საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პირველ ლედად. 1985 წლიდან, როცა მიხეილ გორბაჩოვი ცეკას გენერალურ მდივნად აირჩიეს, რაისა აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

კულტურის მოღვაწეებთან ერთად, მათ შორის იყო დიმიტრი ლიხაჩოვი, მან კულტურის ფონდი დააარსა, რომელიც დახმარებას უწევდა მუზეუმებს, აფინანსებდა ეკლესიებისა და კულტურის ძეგლების რესტავრაციებს. 

რაისა გორბაჩოვა მეუღლეს ვიზიტებისას ახლდა ხოლმე, იზიარებდა მის პოლიტიკურ კურსს. როგორც წერენ, რაისას ჩაცმულობასა და თმის სტილზე ისეთსავე ინტერესს გამოხატავდნენ, როგორც ალა პუგაჩოვას. 

დასავლურმა პრესამ მას მშვიდობის მტრედიც კი უწოდა. ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ფონდებს, რომელიც ბავშვებს ეხმარებოდა, მათ შორის იყვნენ ჩერნობილის ბავშვებიც. ჟურნალმა Woman’s Own 1987 წელს ის წლის ქალად დაასახელა. 

იმელდა მარკოსი

 1945 წელს ლამაზმანი იმელდა რომუალდესმა კონგრესმენი ფერდინანდ მარკოსი გაიცნო. ამ უკანასკნელს ზუსტად 11 დღე დასჭირდა, რომ ქალისთვის ხელი ეთხოვა, სამაგიეროდ კარიერის კიბეზე ასვლას მარკოსმა 12 წელი მოანდომა. 

1966 წელს ის ფილიპინების პრეზიდენტი გახდა. 1972 წელს მარკოსმა კონსტიტუცია გააუქმა და დიქტატურა მთელი 20 წლის მანძილზე დაამყარა. პირველ ლედის კი სახელმწიფო ბიუჯეტისკენ გზა გაეხსნა და ისიც, როგორც შეეძლო, ფულს ხარჯავდა – ძვირფას ნივთებში, ძვირფასეულობასა თუ სამოსში – ყველაფერს ყიდულობდა. 

იმელდა მარკოსის შოპინგებზე ლეგენდებიც კი დადიოდა. მას შეეძლო, თვითმფრინავით ამერიკაში მხოლოდ შოპინგისთვის გადაფრენილიყო. ერთ-ერთი საბაჟო დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი გადაფრენის დროს ფილიპინების პირველმა ლედიმ შოპინგზე რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა. ხალხი კი მის ქვეყანაში სიღატაკეში ცხოვრობდა. 

1986 წელს ფერდინანდ მარკოსი გადააყენეს და ცოლთან ერთად ქვეყნიდან გააძევეს. ხუთი წლის შემდეგ კი მას დაბრუნების უფლება მისცეს. იმელდამ მოდური სამოსის საკუთარი ხაზი გახსნა და პარლამენტშიც კი ცდილობდა კენჭისყრას.  

კარლა ბრუნი

კარლა ბრუნს ფრანგი ჟურნალისტები ხუმრობით „პრეზიდენტ სარკოზის მთავარ მიღწევად“ მიიჩნევენ. თავად სარკოზი ბრუნზე წერდა: მისმა შარმმა და ნიჭიერებამ დამატყვევა. მას ხუთი ან ექვსი ტვინი აქვს და ყველა მშვენივრად უმუშავებს“. 

კარლა ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი 2008 წელს გახდა და როლში მალევე შევიდა. ეს როლი მას იმდენად უხდებოდა, თითქოს მისთვის იყო განკუთვნილი. ის ცდილობდა, იმის დემონსტრირება მოეხდინა, რომ დედის, მომღერლისა და პირველი ლედის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან კარგად გამოსდის.  

ის ხელმძღვანელობდა დედებისა და ბავშვების ფონდს, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ დაარსდა. თუმცა, მედიაში მის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მეტად პირად ცხოვრებას განიხილავდნენ. 

ჰილარი კლინტონი

ის ყველაზე გავლენიანი პირველი ლედების რეიტინგში ლიდერობს. ბილ კლინტონზე 1975 წელს იქორწინა. მანამდეც აქტიურად იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული – მოზარდობის დროსაც ნაკლებად აინტერესებდა გართობა, მას სხვადასხვა თემებზე დისკუსიები უფრო მოსწონდა და ახალგაზრდა პატიმრებთანაც კი მუშაობდა. 

1993 წელს ბილ კლინტონი ამერიკის 42-ე პრეზიდენტი ხდება, ჰილარი კი – პირველი ლედი. ის ამბიციური იყო, კარგი განათლება ჰქონდა, ბევრ საკითხში ავლენდა კომპეტენტურობას, ინტელექტუალი იყო და გაწონასწორებული.  

პირველი ლედობიდან ის საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის დემონსტრირებას ახდენს. მისი ისტორია პოლიტიკაში ჯერ, როგორც ჩანს, არ დასრულებულა. მას არ ეშინია პასუხისმგებლობის აღების და პოლიტიკურ ბრძოლებში საინტერესო კონკურენტია. 

დიქტატორების ულამაზესი ცოლები

მსოფლიო დიქტატორები შეგიძლიათ, გააკრიტიკოთ ყველაფრისთვის, მეუღლეების შერჩევის გარდა. მცირე უმცირესობის გარდა, მათი უმეტესობა ქმრის ერთგულია, მათი თანამოაზრეა და ხშირად ცდილობენ, მსოფლიოს თვალში ქმრის ავტორიტეტიც აამაღლონ. არაფერი რომ არ ვთქვათ მათ უზადო სილამაზეზე. 

სირიის ლედი ასმა ალ-ასადი 

ასადის ცოლს დღეს ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. თუმცა, ეს ახლა ომის ფონზე, თორემ მშვიდობიან პერიოდში მისთვის მხოლოდ ქათინაურები ემეტებოდათ. ასმა ალ-ასადი ევროპელი მუსლიმანია, ის ხომ ლონდონში დაიბადა, განათლებაც იქ მიიღო და მომავალი ქმარიც იქ გაიცნო. თავის ისტორიულ სამშობლოში სირიაში მხოლოდ 2000 წელს გადავიდა, მაშინ ის უკვე 25 წლის იყო. თუმცა, ბრიტანეთის მოქალაქეობა შეინარჩუნა.    

2011 წელს კი მის გამო მედიაში გრანდიოზული სკანდალი აიწია. ამერიკულმა Vogue-მ ასმაზე დადებითი სტატია დაწერა (თითქოს ასადის პიარშიკების მიერ მომზადებულიც კი), რამაც სერიოზული ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. გაბრაზება იმდენად მძლავრი იყო, რომ რედაქციამ სტატია წაშალა, სტატიის ავტორი კი სამსახურიდან დაითხოვა და ეს ამ რედაქციაში მუშაობის 30-წლიანი სტაჟის მიუხედავად. მოგვიანებით, იგივე ჟურნალისტმა ასმაზე უკვე სხვა გამოცემაში ნეგატიური სტატია დაწერა და ასადის ცოლს „ჯოჯოხეთის პირველი ლედი“ უწოდა. თუმცა, ამით თავის თავს უფრო ავნო და საქმე სასაცილოდ გაიხადა, ვიდრე ასმას. 

ანგოლას პირველი ლედი ანა პაულა დუშ სანტუშ 

ყოფილმა ფოტომოდელმა და სტიუარდესამ, რომელიც ქვეყნის ნომერ პირველ თვითმფრინავს ემსახურებოდა, მომავალი ქმარი და ქვეყნის მმართველი ჟოზე ედუარდუც ბორტზე გაიცნო. მათი სიყვარულის ისტორიაც იქ დაიწყო. ანა პაულა ქმარზე 20 წლით უმცროსია, თუმცა, ეს მას სრულებითაც არ აწუხებს. 

საინტერესოა, რომ ერთხელ ანა პაულას ფრაზამ წყობიდან გამოიყვანა ქვეყნის მოსახლეობა. მან თქვა, რომ ანგოლაში იმდენად დაბალია განათლების მიღების ხარისხი, რომ აპირებს, შვილი სასწავლებლად უცხოეთში გაუშვას. ის მათ საკუთარი ბიზნეს და პოლიტიკური ამბიციებითაც აღიზიანებს.

 

ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი ლი სოლ ჩჟუ

ჩრდილოეთ კორეა ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, მხოლოდ კიმ ჩენ ინმა დაარღვია ტრადიცია და საზოგადოებას საკუთარი ცოლი წარუდგინა. მანამდე ცოლებიც ისეთივე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ, როგორც თავად ჩრ. კორეა. ლის ჩაცმის განსხვავებული სტილი აქვს. თუკი სხვა ქალბატონებს ევალებათ, მკაცრი კოსტიუმები ჩაიცვან და ყოველთვის მოკრძალებულები იყვნენ, პირველი ლედი თავს უფლებას აძლევს, მუხლს ზემოთ ქვედაბოლოც კი ჩაიცვას, ხმარობს ქუსლიან ფეხსაცმელს და გულიანად სიცილსაც არ ერიდება.   

კიმ ჩენ ინის ცხოვრებაში ლის გამოჩენის შემდეგ ჩრ. კორეის პრეზიდენტმა მოხსნა აკრძალვები და ახლა ქალებს შეუძლიათ, ჩაიცვან შარვალი, ატარონ ფეხსაცმელი ქუსლზე, ასევე, მოიკაზმონ ბიჟუტერიით. ამით დიქტატორმა მორალის დამცველების რისხვაც კი გამოიწვია. 

https://bigpicture.ru/?p=898092