მიწისძვრის საფრთხე თბილისში და ორი ინსტიტუტის დავაში „დაკარგული“ სეისმური საშიშროების რუკა

10:22 06-11-2018
1643

ავტორი: თამუნა დალაქიშვილი  

საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვარზე მომხდარმა  მიწისძვრებმა – შესაბამისად, მაგნიტუდით 5,3 და 4,4, კიდევ ერთხელ შეგვახსენა სეისმოლოგიასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები.  

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რიგ შემთხვევაში, რეალური საფრთხის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია რუკა, რომელიც სეისმურად მგრძნობიარე ან საშიშ რეგიონებს ან ადგილებს აღრიცხავს. არადა, ამ რუკის შექმნაზე უკვე 10 წელია საქართველოში ორი ინსტიტუტი მუშაობს, ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.  

სეისმური საშიშროების რუკა, სტანდარტით, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს, თუმცა  რომელ განახლებაზეა საუბარი, როდესაც ეს ორი ინსტიტუტი ჯერ ახალ რუკაზე ვერ „ჯერდება“. ძველი რუკა კი, რომლითაც ქვეყანა დღემდე  ხელმძღვანელობს, ლამის გასული საუკუნის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი, შესაბამისად,  სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, მასზე დაფუძნებული გათვლები არასწორია.  

სეისმური საშიშროების ახალი რუკის არარსებობის გამო, არა თუ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ის საფრთხეები, რაც მიწისძვრის შემთხვევაში გველის, არამედ  სპეციალისტებსაც კი არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, სად არის მეტად სარისკო ზონები, სად არა და  როგორ უნდა განვითარდეს თბილისში მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რაც ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს და რასაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიწისძვრის შემთხვევაში საფრთხე აუცილებლად დაემუქრება.  

„პრაიმტაიმი“ ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელ პირებს დაუკავშირდა.    

 ნინო წერეთელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი:  

– თუ გავიხსენებთ 2002 წლის მიწისძვრას თბილისში, რომელიც მაგნიტუდით 4,5 იყო და ეს არის საშუალო სიდიდის მიწისძვრა, ამ მიწისძვრის შედეგად ძველ თბილისში უამრავი შენობა დაინგრა და დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ეკონომიკური ზარალი დაფიქსირდა. დაიღუპა 8 ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდეს თბილისში, თუნდაც მაგნიტუდით 5,7, რაც იყო ზაქათალაში, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? ბუნებრივია, გაცილებით მეტი მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი გვექნება. ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში არც სხვა რეგიონებია დაცული, მაგრამ თბილისი, მისი მჭიდრო განაშენიანებიდან გამომდინარე, უფრო დიდი რისკის წინაშე დგას.        

– რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიდიდის მიწისძვრა თბილისისთვის ასეთი დიდი საფრთხის შემცველი?  

– თბილისის ტერიტორიაზე არ გვაქვს შესაბამისი სეისმომედეგობის შენობები, ამიტომაცაა, რომ საშუალო და სუსტი მიწისძვრაც კი შეიძლება დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ეს ეხება ძირითადად ძველ შენობებს. უფრო ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში კი – ახალ შენობებსაც. გეოფიზიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით დაადგინა, რომ მაგნიტუდით 6 სიდიდის მიწისძვრის შემთხვევაში თბილისში 25 ათასამდე შენობა დაინგრევა, იქნება ათი ათასამდე ადამიანური მსხვერპლი.     

– სად არის თბილისში ყველაზე სახიფათო სეისმური ზონები? 

– დაზუსტებულად და ცალსახად კონკრეტული ზონების გამოყოფა შეუძლებელია, პრაქტიკულად მთელი თბილისი რისკის ზონაა. ბოლო პერიოდში, წლების განმავლობაში თბილისში შენობები სეისმომედეგობის გათვალისწინების გარეშე შენდებოდა. როდესაც პირველად დაიწყო სამშენებლო ნორმების დანერგვა და შეიქმნა სეისმური საშიშროების რუკა,  ნაგებობების აშენება დაიწყო 7 ბალის გათვალისწინებით, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 2010 წლიდან, როდესაც მოქმედებაში შევიდა იმ დროისთვის ახლად გადათვლილი სეისმური საშიშროების რუკა, აღმოჩნდა, რომ ახალ რუკაზე  გაიპარა ძალიან დიდი შეცდომა, რის გამოც ყველა შენობა, რომელიც ამ რუკის გათვალისწინებით პროექტდება, არის არასწორი. სეისმური საშიშროების რუკა ფასდება ორი პარამეტრით – ბალიანობა და გრუნტის მოძრაობის აჩქარების  მაქსიმალური მნიშვნელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. ამ პარამეტრის მიხედვით ხდება შენობების დაპროექტება. 2010 წლის სეისმოსაშიშროების რუკის მიხედვით, ეს პარამეტრი ძალიან დაბალი – 0.16-0,17-ია, თანამედროვე გათვლებმა გვიჩვენა, რომ ამ პარამეტრის  მინიმალური მნიშვნელობა თბილისისთვის შეიძლება იყოს 0,28 და კიდევ უფრო მეტი, შესაბამისად, შენობების დაპროექტება ხდებოდა და ხდება გრუნტის მოძრაობის აჩქარების ძალიან დაბალ მნიშვნელობაზე.   

ისტორიულად ცნობილია, რომ 1275 წელს მცხეთაში მოხდა მაგნიტუდით 6,5 მიწისძვრა, რომელმაც ეპიცენტრში გამოიწვია 9-ბალიანი ეფექტი, ამ მიწისძვრამ დატოვა თავისი ანაბეჭდი გეომორფოლოგიაში. ეს ზონა თბილისის ტერიტორიაზეც ვრცელდება. მაგნიტუდით 6-6,5 მიწისძვრა თბილისში იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1896 წელს, მას შემდეგ თბილისში ასეთი სიდიდის მიწისძვრა არ ყოფილა.    

აუცილებელია, შემუშავდეს ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმა, მოხდეს კვლევები, გამოვლინდეს მოწყვლადი უბნები, შენობები, სადაც შეიძლება ყველაზე დიდი მსხვერპლი იყოს, უნდა გამაგრდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მოხდეს გაცვეთილი შენობების მოხსნა.  

– რატომ ვერ ხდება ახალი სეისმური საშიშროების რუკის შედგენა, როდესაც საერთაშორისო სტანდარტით, რუკის განახლება ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს. 

– ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ გაჭიანურება ხდება იმ ინტერესების გამო, რაც არსებობს სამშენებლო ბიზნესის მხრიდან. ცუდ გრუნტზე მშენებლობა გაცილებით ძვირი ჯდება, რადგან ასეთ გრუნტზე გაცილებით ხარისხიანი სამშენებლო მასალის გამოყენებაა სავალდებულო, ხშირ შემთხვევაში ასეთ ადგილებში მშენებლობა იმდენად ძვირი ჯდება, რომ შესაძლოა, არც კი უღირდეს სამშენებლო კომპანიას იქ შენობის აშენება. ვინაიდან დღეს ამის გათვალისწინება არ ხდება, შენობები შენდება იაფად, რაც, რა საფრთხესთანაც არის დაკავშირებული, იოლი მისახვედრია.   

2006 წლიდან ამ რუკაზე ვმუშაობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტი და ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ჩვენ სეისმური საშიშროების რუკა უკვე მზად გვაქვს, და გაცილებით ადრეც გამოვაქვეყნებდით, მაგრამ ამ პროცესს ყოველთვის აჩერებდა ილიაუნის ინსტიტუტი, რადგან მათ არ აქვთ მზად რუკა და მათ ველოდებით.    

– რატომ ელოდებით, ილიაუნის ინსტიტუტს, თქვენ მიერ მომზადებული რუკა გამოაქვეყნეთ – ორი ინსტიტუტის ჭიდილში, როცა სეისმური საფრთხე ასე მაღალია, ბედის ანაბარა ვართ დატოვებულები?   

– ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, ეკონომიკის სამინისტროს არ დაუდგენია დედლაინი, როცა უნდა მომხდარიყო რუკის მომზადება. საბოლოო ჯამში, უნდა მოხდეს ერთი რუკის მიღება, თუმცა ის ორივე ინსტიტუტმა უნდა წარადგინოს. პარამეტრის ის ნაწილი, რაც ეხება გრუნტის მოძრაობის მაქსიმალურ აჩქარებას და ძველ რუკაში არასწორადაა შეფასებული, მათი მომზადებულია, შესაბამისად, ველით ახალ მონაცემებს. ჩვენი რუკის მიხედვით, ეს პარამეტრი გაცილებით მაღალია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ილიაუნის ინსტიტუტს აქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ რუკა მათ გარეშე არ უნდა მომზადდეს და ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ მათ მიერ მომზადებულ რუკაში, როგორც ყოველთვის, ახლაც ისევ დაბალი მნიშვნელობები იქნება, ამ შემთხვევაში გეოფიზიკის ინსტიტუტი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, რომ მათი რუკა იყოს მიღებული და ვაიძულებთ, მივიღოთ ჩვენი რუკა, რადგან გამოვაქვეყნებთ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტულ დასკვნებს, რაც უკვე მომზადებული გვაქვს. 

თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი:

  – გეოფიზიკის ინსტიტუტის პოზიციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ, ეს 30 წლის განმავლობაში არსებული თემაა და თუ ვინმე, კონკრეტულ ადამიანებს რაიმე სახის პრობლემები აქვთ, ეს ჩემი პრობლემა არ არის და ამაზე არ ვისაუბრებ. აბსოლუტურად არ მაქვს პრობლემა გეოფიზიკის ინსტიტუტთან, მათ თავად აქვთ პრობლემები, მე ამ პოლემიკაში არ ვერთვები. ჩვენმა გუნდმა უკვე საკმარისი პასუხი გასცა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც პრობლემებს ქმნის იმის გამო, რომ მათ ფული არ გადაეცათ. ჩვენი სეისმური მონიტორინგის ცენტრი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღჭურვა 68 თანამედროვე სეისმური სადგურით. წლების წინათ სულ რვა სეისმური სადგური გვქონდა, დღეს უკვე მთელ საქართველოს ვფარავთ. ჩვენ ვმუშაობთ სეისმური საშიშროების რუკაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის სამეცნიერო გუნდებთან ერთად, რუკა მზად იქნება სექტემბერში. უკვე შევქმენით ახალი მონაცემთა ბაზა, რუკა მომზადებული იქნება აბსოლუტურად განახლებული სისტემისა და ახალი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. პარამეტრები მუშავდება ისე, რომ საინჟინრო სექტორისთვის იყოს გასაგები. ინჟინერი და სეისმოლოგი სხვადასხვა ენებზე მეტყველებენ, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. ის ინფორმაცია, რასაც იძლევა სეისმური საშიშროების რუკა, გასაგებ ენაზე უნდა იყოს საინჟინრო სექტორისთვის, რომ მორგებული იყოს იმ დატვირთვებზე, რაც აქვს შენობას მიწისძვრის შემთხვევაში, ეს ყველაფერი სეისმოინჟინერმა და კონსტრუქტორმა სწორად უნდა გაითვალისწინონ. თბილისს აქვს სეისმური საფრთხე. 5,7 მაგნიტუდა თბილისისთვის კატასტროფის მომტანი შეიძლება იყოს.   

– რამდენად გამძლეა შენობები, რომლებიც დღეს თბილისში შენდება? 

– არის კონსტრუქციები, რომლებიც კეთდება კონკრეტული ადამიანების მიერ და რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს და მათი აგებული შენობები, ბევრად უსაფრთხოა, მაგრამ არის სამშენებლო ჯგუფები, სადაც საერთოდ ბაკქანალიაა და ვინ რას აკეთებს, კაციშვილმა არ იცის. თუ კონსტრუქცია არ არის გათვლილი სწორად, ნაგებობა ახალია თუ ძველი, ის ყოველთვის არის პრობლემატური. გასამკაცრებელია კონტროლის მექანიზმი და მისაღებია რეგულაციები, რომლის მომზადებაშიც კანადის ჯგუფი გვეხმარება, რომ ამ რეგულაციების ინპლემენტაცია მოხდეს. ისინი ელოდებიან ჩვენს რუკას, უკვე გაკეთებულია თარგმანი, რამდენიმე პარამეტრიც მიღებულია, ჩვენ მომზადებულ ახალ რეგულაციებსა და პარამეტრებს მივაწვდით ინჟინრებს, საინჟინრო სექტორმა უნდა გაიაროს ტრენინგი ამ კუთხით და გაითვალისწინოს ახალი რეგულაციები და სამშენებლო ნორმები.