უსახლკარო ცხოველებს ანადგურებდნენ ყოვლად ბარბაროსული და მიუღებელი მეთოდებით - ცხოველთა დაცვის ფედერაცია შს მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებს

13:04 06-05-2018
64

ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ თემურ ლაჭყეპიანმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგი გამართა და შს მინისტრს ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

როგორც ლაჭყეპიანი აცხადებს, შპს იმერეთი ჯგუფი წლების განმავლობაში მოქმედებდა და  დღესაც მოქმედებს უკანონოდ და მათ მიერ დაკისრებულ მოვალეობებს კანონის დარღვევით ახორციელებენ:

"შპს იმერეთი ჯგუფის კონტრაქტორები გახლდათ დაახლოებით 30-მდე მუნიციპალიტეტი, ანუ წარსულში დაახლოებით 30 რაიონში იჭერდნენ უსახლკარო ცხოველებს. ანადგურებდნენ ყოვლად ბარბაროსული და მიუღებელი მეთოდებით. იმ ფაქტის გამო, რომ ფირმა მუშაობდა გარღვევებით, არ გააჩნიათ არანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და არ იცავენ არანაირ ჰუმანურ პრინციპებს, გაუწყვიტეს ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტებმა, თუმცა მიმდინარე მომენტისთვის, ამ 30 მუნიციპალიტეტიდან ხელშეკრულება ჯერ კიდევ გაფორმებული აქვს ჭიათურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს ჩვენი ორგანიზაცია, თუმცა მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლა ხდება, ასევე, არ ხდება არანაირი ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელშეკრულებები ითვალისწინებს. ამ ორ მუნიციპალიტეტში, თუ სტერილიზაციები კეთდებოდა ქუჩის ცხოველებზე და ხდებოდა ყურზე დაბირკვა, მაშინ მოსახლეობა უნდა ხედავდეს ინდენტიფიცირებულ, სტერილიზირებულ და ვაქცინირებულ ძაღლებს. ყველა იზოლირებული ძაღლი გაურკვეველი მიმართულებით არის გაუჩინარებული" - განაცხადა თემურ ლაჭყეპიანმა.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე ჭიათურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში შპს იმერეთი ჯგუფის მუშაობას უარყოფითად აფასებს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვს, რომ შპს იმერეთის ჯგუფის საქმიანობის შეჩერება მოახდინოს:

"უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ძიება დღემდე მიმდინარეობს. მოვუწოდებთ შსს-ს შეისწავლონ მათი უკანონო საქმიანობა, ბიუჯეტიდან გახარჯული თანხები.

ჩვენ, ძაღლდამჭერ ორგანიზაციას დავყვებით გარე ტერიტორიაზე და ვახორციელებთ მონიტორინგს, ვიდეომასალას ორგანიზაცია ინახავს. ვიდეოებშიც ჩანს, რომ აღნიშნული კომპანია ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას" - განაცხადა ლაჭყეპიანმა.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შპს იმერეთის ჯგუფის საქმიანობით დაინტერესებულია საერთაშორისო ცხოველთა დაცვითი დაჯგუფება animal liberation fond-ი, რომელთა დოქტრინა მათთვის მისაღებია, თუმცა უკანონო მეთოდებით იბრძვიან:

"თუ "შპს იმერეთი ჯგუფი" საქმიანობას არ შეაჩერებს, შესაძლოა საქართველოში ეს დაჯგუფება შემოვიდეს, რის შემდეგაც ჩვენი ორგანიზაცია ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოიხსნის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით" - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ლაჭყეპიანმა.

მისივე ინფორმაციით, "შპს იმერეთი ჯგუფის" მიერ გაფორმებული აქტები, რის შედგენაშიც მონაწილეობას იმერეთის ჯგუფთან გარიგებაში მყოფი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იღებდნენ, რეალობას არ შეესაბამება:

"გაფორმებული აქვთ აქტები, თითქოს ერთი იზოლირების დროს მოახდინეს 35 ძაღლის გაყვანა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ეს რიცხვები ჩაწერეს კონკრეტულად შპს იმერეთის ჯგუფთან გარიგებაში მყოფმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. ისინი შევიდნენ სრულიად უკანონო გარიგებაში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება. კატეგორიულად მოვითხოვთ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია პასუხიმგებლობას მოიხსნის" - განაცხადა ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში.



ავტორი: ნინო რაზმაძე