ოთო კვალიაშვილი: „ხაზგასმით ვამბობ, ბიჭებს ჩემთან შანსი არ აქვთ“ - exclusive

13:24 06-04-2018
1244

„ჟურნალისტი მეკითხებოდა, რას იტყვი სექსბომბა შოთაზე, სექსბომბა გოგაზეო და გავბრაზდი, სექსბომბა ვარ მე-მეთქი, ვუთხარი“, – მიამბო ინტერვიუს დროს „მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ ოთო კვალიაშვილმა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის შემდეგ ოთოს გულშემატკივრები მხოლოდ გოგონები არ არიან. „ბიჭები უფრო პირდაპირები არიან, ხან სად მეპატიჟებიან და ხან – სადო“, – მითხრა ოთომ.

დღეს „მხოლოდ ქართულის“ სექსბომბა „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

 – ოთო, იმ ასაკიდან დავიწყოთ, როცა პირველად შეეხე მუსიკას...

– 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა სიმღერის ნიჭი აღმომაჩნდა. მოყვარულის დონეზე დავიწყე მღერა. გამოვდიოდი ბაღის ღონისძიებებზე, სკოლის ზეიმებზე. 10 წლიდან ვოკალის პედაგოგთან მიმიყვანა მამიდამ, რუსუდან კვალიაშვილმა. ბაბუა მღეროდა და მამიდას ძალიან უხაროდა, რომ მე შთამომავლობით, გენეტიკურად გამომყვა მისი ნიჭი. სულ იბრძოდა, რომ სიმღერას გავყოლოდი. კახა გრძელიშვილი იყო ჩემი პირველი ვოკალის პედაგოგი. იქიდან მოყოლებული, მე და ჩემი პედაგოგი დავმეგობრდით, მეც სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს და დღემდე მოვედი. 

– სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრია?

– ვსწავლობ ქუთაისის უნივერსიტეტში, მესამე კურსზე ვარ, ბიზნესის ადმინისტრირებას მინდა დავეუფლო. მიფიქრია ბიზნესმენობაზე, მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა. საქართველოში შოუბიზნესი არ არის შემოსავლიანი, ამიტომ აუცილებლად უნდა გქონდეს შემოსავლის სხვა წყარო. 

– მაინც რა ბიზნესში ხედავ საკუთარ თავს?

– მიოცნებია ლუდის ბიზნესზე, ჩემს სამშენებლო კომპანიაზე... 

– მთავარი პროვოცირება მამიდამ მოახდინა, დღეს რომ სცენაზე დგახარ?

– 7-8 წლის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რა შეიძლებოდა, ამ პროფესიას ჩემთვის მოეტანა. ამიტომ მამიდას დამსახურებაა, ამ გზას რომ გავყევი. ასევე, ჩემი მასწავლებლის, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, რომ სიზარმაცე დამეძლია. 

– უკრავ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე?

– არა, არც მუსიკალური განათლება არ მაქვს. მხოლოდ ვოკალის პედაგოგთან დავდიოდი.

– აქამდე არცერთ მუსიკალურ პროექტში არ მიგიღია მონაწილეობა?

– ბავშვობაში რაღაც კონკურსზე გავედი, კი, არც მახსოვს, რა ერქვა, პირველი ადგილი კი ავიღე, ცაია ყიფიანი და მარიკა ცხაკაია აკეთებდნენ. 

– ახლა რატომ გადაწყვიტე „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა?

– ძალიან სპონტანურად მოვედი. წელიწად-ნახევარი ნამღერიც არ მქონდა და ვიფიქრე, მოვემზადები და მომდევნო წელს გავალ-მეთქი. მაგრამ მერე უცბად გადავწყვიტე.

– შენი ერთი ფრაზა მახსენდება ახლა, „სექსბომბა ვარ მეო“, ეთერში რომ თქვი...

– (იცინის) ჰო, ჟურნალისტი მეკითხებოდა, რას იტყვი სექსბომბა შოთაზე, სექსბომბა გოგაზეო და გავბრაზდი, სექსბომბა ვარ მე-მეთქი, ვუთხარი. 

– სად მეპატიჟებიან გოგონებიო, რას ჰყვებოდი?

– გოგონები თუ ბიჭები, რომლით დავიწყო?

– გოგონებით ჯობია. პროექტს მაინც „მხოლოდ ქართული ჰქვია...

– გოგონები მაინც უფრო თავშეკავებულები არიან ბიჭებთან შედარებით. საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოვიტანე, ბიჭები უფრო პირდაპირები არიან, იერიშზე მოდიან. ერთმა მომწერა, ჩემთან ჩამოდი ბათუმში, სახლში ვუყუროთ შენს ჩანაწერებსო. 

– ეს გოგო იყო თუ ბიჭი?

– ბიჭი. მაგ სტილის სმს 30-მდე ბიჭს ექნება მოწერილი, თუ მეტს არა. გოგოები უფრო მეტნი არიან, საბედნიეროდ (იცინის). მაგრამ ბიჭები ძალიან პირდაპირები არიან. ბიჭები მოგწონს, მითხარი, და ამას ვერავინ გაიგებსო, მწერენ. ასეთ სმს-ებს პასუხსაც არ ვცემ. კარგად მღერიო, ასე იწყებენ და მაგაზე მადლობას ვუხდი. კი არ ვიცი წინასწარ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ჩემს მადლობას... ხოდა, აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ბიჭებს ჩემთან შანსი არ აქვთ, დაივიწყონ ეგ ამბავი (იცინის). 

– მაშინ მითხარი, როგორი გოგონები მოსწონს ოთო კვალიაშვილს...

– ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პირველ რიგში ადამიანს სულიერად უნდა გაუგო. ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს.

– შეგხვედრია მატყუარა გოგონები?

– მაგის მეტი რა შემხვედრია, მატყუარები არ არიან ნახევარზე მეტი?! მაგრამ, ადრე თუ გვიან, სიმართლეს იგებ და ყველაფერი ნათელი ხდება. კარგი გოგო უნდა იყოს, ქართულ ადათ-წესებზე გაზრდილი, წესიერი, პატიოსანი, ლამაზი.

– მასეთი დიმიტრი იყო გელოვანი და ისიც მამრობითი სქესის...

– (იცინის). ჰო, არ გამიმართლა.

– 21 წლის ასაკამდე შეყვარებული არ ყოფილხარ?

– ამაზე ლაპარაკი არ მინდა. 

– კარგი... რას გვიმღერებ შემდეგ ტურზე?

– შემდეგ ტურზე ორ-ორი სიმღერის მღერა გვიწევს. მე ვიმღერებ „ისევ შენ და ისევ შენ“ და ოთარ რამიშვილის „ფუტკარს“.

– ზოგჯერ კონკურსანტებს არ მოსწონთ სიმღერა, რომლის შესრულებაც უწევთ კონცერტზე, შენ თუ გქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვერ მოირგე სიმღერა?

– ბოლო სამი ტურია, ისე მომწონს ჩემი სიმღერები... თან ბოლო სამი ტურია,  ჩემი ნამღერითაც კმაყოფილი ვარ, საკუთარ თავსაც ვატყობ, რომ კარგი გამოსვლები მაქვს, მართლა ტურიდან ტურში ვიზრდები. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ზვიად ბოლქვაძესა და პედაგოგებს. საერთოდ, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ვერავინ ვერ შეაფასებს ჩემს ნამღერს ისე, როგორც მე. ყველა ხარვეზს ვხედავ და ვამჩნევ. 

– ვინ არის შენი მთავარი გულშემატკივარი?

– პედაგოგი, ჩემი მშობლები, ჩემი და, მამიდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ზოგადად, ჩემი შესაძლებლობების 70% გამომაქვს სცენაზე. ეს ნერვიულობის ბრალია. მადლობელი ვარ უფლის, რომ აქამდე პროექტში ვარ. 

– პროექტი რომ დამთავრდება, შემოთავაზების შემთხვევაში რომელიმე კლუბში ან ბარში იმუშავებ? 

– სიმართლე გითხრათ, მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია. კარგ, მაღალი დონის რესტორანში, ბარში, რატომაც არა, სიამოვნებით ვიმღერებ მხოლოდ ქართულს. 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი