„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება დაიწყო - „ყველა წინა მთავრობა ამ დაპირებით მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ რეალური ნაბიჯები არავის გადაუდგამს.“

11:13 06-04-2018
1110

ავტორი: ეკა პატარაია   

თბილისში „ხრუშჩოვკების“ „ალაგების“ და მისი ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლების პროცესი იწყება. მათი  ექსპლოატაციის ვადა სწორედ 21-ე საუკუნის პირველი ათეულის ბოლოს იწურება, თუმცა ეს დრო დიდი ხანია (დაახლოებით 90-იანი წლებიდან) ამოწურულია „ხრუშჩოვკებისთვის“ და თბილისის ძველ უბნებში არსებული ავარიული სახლებისთვის. სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაციით, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების გენგეგმა 2010 წელსაც უნდა განხორციელებულიყო „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, მაგრამ მაშინ ეს პროექტი ჩავარდა დეველოპერების დაინტერესების არარსებობის გამო. დღეს კი მიესალმებიან ამ სასიამოვნო წამოწყებას და მზად არიან, თბილისის მერიას გვერდში დაუდგნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებას მერია გამოყოფს, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება რეალური გახდება. 

დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროექტს ვარკეთილის მესამე მასივში, მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ტიპის კორპუსებით იწყებს. „ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად ვსაუბრობდი აღნიშნულ საკითხზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. როგორც კი  ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვეცა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოებს, რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მოსახლეობისთვის. დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი. მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ (3,2 ჰექტარი) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და  კერძო სექტორს ვიწვევთ“, – განაცხადა კალაძემ. 

მას შემდეგ, რაც კალაძის მიერ „ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა გაჟღერდა, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები სოციალურ ქსელშიც გამოჩნდნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების სრულ პროგრამას, თბილისის კი არა, ამერიკის ეკონომიკაც ვერ გასწვდება. მაინც, ეკონომიკის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს პროექტის განხორციელებას, რომელზეც, როგორც ამბობენ, თურმე ორი წლის განმავლობაში ორასი სპეციალისტი მუშაობდა. მისცემს თუ არა საქართველოს ეკონომიკა თბილისის მერიას პროექტის განხორციელების საშუალებას? როგორია ამ „ხრუშჩოვკების“ ტიპის კორპუსებში მცხოვრებთა გაყვანის გეგმა? სად გადავლენ დროებით? რამდენად წამოვლენ იმ პირობებზე, რასაც შესთავაზებენ მათ, ანუ როგორ დაკმაყოფილდება მოსახლეობის ინტერესები და რა იქნება გარანტი იმისა, რომ ისინი ბოლომდე მიიღებენ იმას, რასაც მათ ხელშეკრულებითა და ვალდებულებით შეჰპირდებიან? ვიდრე ამ კითხვებით ჩვენს რესპონდენტებთან გადავალ, ისევ საპილოტე პროექტზე მოგახსენებთ. 

თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი აღნიშნულ პროექტს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად განახორციელებს და გარკვეული რაოდენობის ფართებს მუნიციპალიტეტს გადასცემს. სატენდერო პირობები, ინფორმაცია „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების  პროგრამის შესახებ კონკურსის გამოცხადებისთანავე განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge. განაცხადების მიღება თვე-ნახევარი გაგრძელდება, 1 თვის განმავლობაში შეირჩევა გამარჯვებული, რომელსაც მიეცემა 3 თვე, რომლის განმავლობაშიც  გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებს და შეისწავლის სარეალიზაციო ბაზარს. ამ პროცედურების განხორციელების შემდეგ, ინვესტორს მიეცემა 6 თვე, რათა დეტალური პროექტი წარადგინოს და თბილისის არქიტექტურის სამსახურს შეუთანხმოს, რომელიც 3 თვის ვადაში გასცემს შესაბამის პასუხს. პროექტის განხორციელება დაიწყება ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსების ჩანაცვლებით, აღწერილი მონაცემების მიხედვით, მე-5 კატეგორიის ავარიული კორპუსების რაოდენობა არის 4, რომელშიც დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს, ამასთანავე, #10-11 კორპუსი არის მე-4 ხარისხის დაზიანების და მათი მაცხოვრებლების რაოდენობა 900 ოჯახია. კონკურსი ცხადდება 30 200 კვ.მ მიწაზე, აქედან დაახლოებით 7500 კვ.მ გადაეცემა მერიას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბინების გადაცემა 170 ოჯახისთვის, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდება მე-5 კატეგორიის ავარიულ კორპუსებში მცხოვრები თითოეული ოჯახი, დანარჩენი ბინებით კი დაკმაყოფილდებიან ოჯახები, რომლებიც შეირჩევიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების საფუძველზე და მიმართავენ რაიონულ გამგეობას. ბინების მისაღებად ოჯახებმა უნდა გამოთქვან მზაობა, რომ იმ ფართებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ, გადასცემენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ამის შემდგომ დაიწყება მათთვის ახალი ბინების გადაცემა, რომელიც იქნება გარემონტებული. აღნიშნული საპილოტე პროექტის საშუალო ხანგრძლივობა 3 წელია.

გიორგი დოხტურიშვილი, თბილისის საკრებულოს სამგორის  რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი: 

– ბატონო გიორგი, რა თანხებია მობილიზებული ამ პროექტის განსახორციელებლად? 

– აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მერია დახარჯავს თანხას ამ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, თვითონ ააშენებს ამ კორპუსებს. აქ საუბარია ვარკეთილში არსებულ ერთ-ერთ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე. ჩვენ, საკრებულომ, დავამტკიცეთ განაშენიანების რეგულირების გეგმა, შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. როგორც კი სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, შეირჩევა ერთი კომპანია და ვინც საუკეთესო პირობას შესთავაზებს მერიას, მას გადაეცემა აღნიშნული მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ დაახლოებით 170-დან 200-მდე ოჯახს დააკმაყოფილებს. დავაზუსტებ. საუბარია იმ ოჯახებზე, ვინც კონკრეტულად ამ ოთხ ავარიულ ე.წ. „ხრუშჩოვკებში“ ცხოვრობენ. ეს ეტაპი გაგრძელდება, რა თქმა უნდა. მაგალითად, გამოთავისუფლებული „ხრუშჩოვკების“ ადგილზე, ასევე,  დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა. სხვა ტერიტორიაზეც, იმედი მაქვს, რომ მასობრივ ხასიათს მიიღებს ეს პროექტი და სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლებთ ყველაზე ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას.  ეს პროექტები განხორციელდება კერძო ინვესტორების მიერ.

– ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის გაყვანის საკითხი. ჩვენ გვინახავს ადამიანები, რომლებიც ქირით გაყვანას არ დასთანხმდნენ ან გაიყვანეს და ქირის გადახდის პირობა არ შეასრულეს დეველოპერებმა და საერთოდ, ქუჩაში აღმოჩნდნენ ისინი. ანუ შიშის სინდრომი მაინც არის მოსახლეობაში ამ დროს. ბოლომდე მიიღებენ იმას, რასაც მათ ხელშეკრულებითა და ვალდებულებით შეჰპირდებიან?

– როდესაც გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს მერიას და ააშენებს იმ ვადებში, რა ვადებიც აქვს  დათქმული მერიისგან, ამის შემდეგ მოხდება მცხოვრებთა გადაყვანა იმ ახალაშენებულ ბინებში. ქირით გაჰყავს გამგეობას და მერიას ის მოსახლეობა, რომელთა კორპუსებსაც ავარიულობის შესაბამისი კატეგორიები აქვს მინიჭებული. დღეს, ამწუთას, ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია კორპუსებზე, რომლებიც ავარიულია, მაგრამ იქიდან ადამიანების დაუყოვნებლივ გამოსახლების საჭიროება არ დგას. 

– როგორია თქვენი ხედვა? როგორ წავა პროექტი? რა გამოვა?

– ყველა წინა მთავრობა ამ დაპირებით მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ რეალური ნაბიჯები არავის გადაუდგამს. წინასაარჩევნო დაპირებისამებრ მერია იწყებს უპრეცედენტო პროექტს, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თბილისის სხვა უბნებშიც ბევრი ასეთი „ხრუშჩოვკაა“.   

– სხვა უბნებში არ არის „ხუშჩოვკებზე“ ასეთი მძიმე მდგომარეობა. ყველაზე ავარიული მდგომარეობა დღეს გვაქვს ვარკეთილის მესამე მასივში და მერიამ დაიწყო ზუსტად ამ კონკრეტული უბნიდან.        

 რევაზ სოხაძე, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე: 

– მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის საუბარი, დაახლოებით სამი ჰექტარია, რომელზეც არის დამტკიცებული რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულოს მიერ. ამ პროექტზე მოკვლევა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ამაზე მერია უკვე მრავალი წელია მუშაობს და როგორც იქნა, დაადგა საშველი, რომ პრობლემა გადაიჭრას. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია. ვფიქრობ, აუცილებლად დაინტერესდებიან კომპანიები, იმიტომ რომ მათი ინტერესთა სარგებელიც არის, დააკმაყოფილონ მოსახლეობა და თვითონ უკვე იმ კოეფიციენტით ისარგებლონ, რომელსაც მიანიჭებს მათ მერია. არსებული მიწის ნაკვეთი კომპანიას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გამოეყოფა. კომპანია, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს ჩვენს მოსახლეობას და მერიას (პირობითად ასი კომპანიიდან), ამ მიწის ნაკვეთზე ააშენებს საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც დაახლოებით 170 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს. ეს 170 ოჯახი ძირითადად ის ოჯახებია, რომლებიც მერიასა და სამგორის რაიონის გამგეობას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველთვიურად უხდის ქირის თანხას. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივზე, აი, იმ ავარიული კორპუსებზე, რომლებშიც, ლაბორატორიული დასკვნით, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, მოსახლეობა უკვე გაყვანილია იქიდან.

– და არანაირი საშიშროება არ დგას, რომ ეს ადამიანები ხვალ ქუჩაში არ აღმოჩნდებიან იმიტომ, რომ მათ ქირა ვერ გადაუხადეს? 

– იმის საშიშროება, რომ ქირას ვინ გადაუხდის, რამდენ ხანს იქნებიან, გარეთ ხომ არ დარჩებიან, ნამდვილად არ დგას. როდესაც ავაშენებთ, უკვე პირდაპირ გადავა მოსახლეობა ამ კორპუსებში. ასე რომ, საკითხი, გამოვიყვანოთ, გადავუხადოთ ქირა და მერე შევიყვანოთ ახალ ბინებში, ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია და სხვანაირად არ დგას. ახლა ჯერი იმ კომპანიაზეა, რომელიც შერჩევის წესით კონკურსში გაიმარჯვებს.  

– თქვენი ხედვა როგორია?

– ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ათეულობით წლებია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, სხვადასხვა არჩევნებზე ისმენს დაპირებებს, რომ მოვალთ და „ხრუშჩოვკებს“ ჩავანაცვლებთ, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, ალბათ, იმაში, რომ ეს ვერცერთი ხელისუფლების და თვითმმართველობის დროს ვერ განხორციელდა. ეს შეძლო სწორედ კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად და ეს პრობლემა გადაჭრილია, ფაქტობრივად, ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია. შეიძლება ამას ვუწოდოთ საპილოტე პროექტი, რომელიც ამით არ მთავრდება. აქ ათეულობით კორპუსზეა საუბარი. ეს უბრალოდ პირველი ეტაპია, რომელიც ეხება მეოთხე, მეექვსე და მერვე კვარტალის დასახლებას და ზემო პლატოს. კომპანიას მიეცემა გონივრული ვადა, რაც ხელისშემშლელი არ იქნება დროის ფაქტორში კომპანიისთვის, რათა განახორციელოს პროექტი.  

გაზეთი "პრაიმტაიმი"; N 473; 4 ივნისი; 2018 წელი