მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება

10:43 06-04-2018
4888

ავტორი: ეკა პატარაია                                                              

თბილისის მერიამ სატრანსპორტო სექტორში შესაძლო ცვლილებების განხორციელების შესახებ, მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარათე სისტემის შემოღება დააანონსა. ამის შესაზებ გაზეთ "პრამტაიმში" გამოქვეყნდა სტატია. 

გაირკვა, რომ მიკროავტობუსებში ელექტრონული გადახდის აპარატები  დამონტაჟდება, რომელიც სამარშრუტო ტაქსებს გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გააერთიანებს, მაგრამ გაურკვეველია, როგორ მოხვდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი, როდესაც მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილის მგზავრობის ფასი 80 თეთრია, მცირე ნაწილის – 50/60 თეთრი, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი. ასევე, უცნობია, როგორ აისახება ბარათზე ფასში 30-თეთრიანი სხვაობის ნაშთი? შესაძლოა თუ არა ამ, ერთიანი საბარათე სისტემის შემოღების მიზეზით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 80 თეთრამდე გაიზარდოს? ალბათ კი და, მაინც, ვარაუდებით რომ არ ვილაპარაკოთ, თბილისის მერიას ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის PR-მენეჯერმა მირიან ლებანიძემ სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის გვითხრა, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა. აქვე გვირჩია, ისევ და ისევ კახა კალაძის იმ განცხადებით შემოვიფარგლოთ, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა. 

„ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. მაქსიმუმ, მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე, მივიღეთ ევრობანკის გრანტი და დავიწყეთ კვლევა „სისტრას“ დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელი  ავტობუსების, ისე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და, მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა“, – ამბობს კახა კალაძე.

 „პრაიმტაიმი“ შეეცადა, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებსა თუ ექსპერტებს გასაუბრებოდა. ქართული საკონსულტაციო კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ გვითხრა, რომ მხოლოდ  გაბილეთიანების ერთიანი, ინტეგრირებული სისტემა ახსენეს და ამაზე იმუშავებენ, ოღონდ რამდენიმე თვეში: „ჯერ ძალიან ადრეა პროექტის შედეგებზე საუბარი. რაც ახლა იწერება და ითქმის ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით კი, არის ჭორის დონის. ამიტომ დაველოდოთ კვლევისა და პროექტის შედეგებს“.  

 

ვასილ ურუშაძე, „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი: 

– თბილისის მერია მუშაობს ტრანსპორტის სტრატეგიაზე, ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტზე და ეს დოკუმენტი რეალურად დღეს თბილისს არ აქვს. ამაზე საუბარი იყო ჯერ კიდევ წინა მმართველობის დროს, ნარმანიას მერობის პერიოდში, ამაზე საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდში და საუბრობს ახლაც კახა კალაძე, თუმცა რეალურად საქალაქო სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა, კომპლექსური ღონისძიებების ნუსხა ჩვენ დღეს არ გვაქვს. 

პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო ართულებს იმ პრობლემასა და კრიზისს, რომელიც ტრანსპორტის სექტორში გვაქვს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკირება, საცობები თუ სხვა რომელიმე კომპონენტი ტრანსპორტის პოლიტიკის. ჩვენ არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რა დოკუმენტზეა საუბარი. კვლევებზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით შემუშავებული რაიმე ანალიზით და, შესაბამისად, ექსპერტების მონაწილეობა ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, შეიძლება აქ იყოს საუბარი რაიმე კონცეფციაზე, თბილისის მერიის ხედვაზე. ძალიან ხშირად მიიღება ხოლმე ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ერთი მხრივ რაღაც პრობლემას აგვარებდეს, მაგრამ მეორე მხრივ სხვა პრობლემას უწევდეს პროვოცირებას. ასეთი უამრავი შემთხვევა გვაქვს დღეს თბილისში, თუნდაც პეკინის ქუჩის გაცალმხრივება, რომელმაც რეალურად პრობლემა შეუქმნა პარალელურ ქუჩებს, პრობლემა შეექმნათ ფეხით მოსიარულეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის კუთხით დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ეს არის განპირობებული იმით, რომ კომპლექსური არ არის თბილისის ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა.

– როგორია თქვენი ხედვა, როცა ერთიან საბარათე სისტემაზე ვსაუბრობთ და გამოიწვევს თუ არა ეს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას? 

– საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე სატრანსპორტო სისტემა. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს, ავტობუსების, სამარშრუტო ქსელების დატვირთვა, გამტარუნარიანობა, მოთხოვნილება და შემდეგ მოვახდინოთ მისი ოპტიმიზაცია, ინტეგრირება სხვადასხვა ტრანსპორტის სახეობის ერთმანეთთან და არა ის, რომ ვაქციოთ ისინი ერთმანეთის კონკურენტებად, როგორც დღეს არის. ვფიქრობ, აქედან გამომდინარეა სწორედ აუცილებელი, შემუშავდეს ერთიანი საგადახდო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თანაბრად ისარგებლოს მიკროავტობუსით, ავტობუსით და მეტროპოლიტენით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ბილეთს მეტროპოლიტენში ან ავტობუსში შეიძენს, ის ბილეთი იყოს საათ-ნახევრის განმავლობაში მოქმედი ყველა მუნიციპალურ ტრანსპორტში და არ დასჭირდეს კიდევ სხვა, დამატებითი ბილეთის შეძენა. სამსახურში წასასვლელად ხშირად გვჭირდება გამოვიცვალოთ ორი სახეობის ტრანსპორტი, ერთი შემთხვევაში ეს არის მეტროპოლიტენი, მეორე შემთხვევაში მიკროავტობუსი და ასე იცვლება და იცვლება. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს უწევს სამმაგი ფასის გადახდა. ასე რომ, მსგავსი სისტემის შეცვლა აუცილებელია. აუცილებელია ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ერთჯერადი მოხმარების გამოყენების არ იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იყოს ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი აბონემენტი. იყოს თუნდაც ვაუჩერები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, რომელიც, შესაბამისად, იქნება დიფერენცირებული, ღირებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს უფრო მეტად უზრუნველყოფილს გახდის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიური გადაადგილებისთვის და არ იქნება ტრანსპორტით მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში სარგებლობის სტანდარტი. 

– და მაინც, შესაძლოა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით  მგზავრობის ფასი 80 თეთრამდე გაიზარდოს? 

– ეს უკვე შესწავლისა და დამუშავების საკითხია. ზოგადად, ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოხდეს გადასახადის დიფერენცირება, ანუ შესაძლოა, ერთჯერადი მოხმარების ღირებულება გაიზარდოს და ეს სავსებით ლოგიკურია, შემდეგ უკვე, რაც უფრო გრძელვადიანი ვაუჩერის შეძენას შეძლებს მომხმარებელი, მით უფრო დაბალი იქნება ღირებულება. მაგალითად, პირობითად, მე, ფიზიკური პირი, მოქალაქე არ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ რიგ შემთხვევაში მომიწია ამ  ტრანსპორტით გადაადგილება და გადავიხადე ერთი ლარი, ანუ ეს იქნება ერთჯერადი აბონემენტი, მაგრამ ვინც ყიდულობს ერთთვიან აბონემენტს, ის იხდის 50 თეთრს, სამთვიანის შემთხვევაში (საშუალო არითმეტიკული გამოთვლით) უნდა იყოს 40 თეთრი, ექვსთვიანის შემთხვევაში – 35 თეთრი, ერთწლიანის – 30 თეთრი. ამით იმის თქმა მინდა, რომ წამახალისებელი სატარიფე პოლიტიკა უნდა არსებობდეს.

 ყველა ის მომსახურება, რაც ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქვეყანაში გაძვირდა. გაძვირდა საწვავი, მომსახურების ხარჯები, ტექნიკური ავტომასალების ღირებულება, მნიშვნელოვნად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რაც იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ ის, რომ პირიქით, უნდა გაიაფდეს – ალოგიკურია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამ ფულს მაინც ვიხდით.