„ქალის მთავარი იარაღი სილამაზეა“ - ქართველი მოდელი მსოფლიო კონკურსზე - exclusive

13:30 05-29-2018
2270

ცოტა ხნის წინ ალბანეთიდან ქართველი მოდელი დაბრუნდა. 24 წლის მერი ტარიელაშვილი Miss Summer World 2018 -ის მონაწილე გახლდათ. ქართველმა მოდელმა მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიო კონკურსზე და სხვა ნომინაციებშიც დაამახსოვრა ჟიურისა და მაყურებელს თავი.

ეს ის შემთხვევაა, როცა მოდელის პარამეტრები და მისი განათლება ერთმანეთს შეესაბამება. მისი ვიზუალური მხარე ნამდვილად ვერ ტოვებს გულგრილს საწინააღმდეგო სქესს. ამას მერის გონიერებაც ემატება. არ ვიცი მიუძღვნეს თუ არა უკვე გალაქტიონის „მერი“ ჩემს რესპონდენტს მისით მოხიბლულმა მამაკაცებმა, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, მოდელი ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ვფიქრობ სილამაზესთან ერთად ეს მისი კიდევ ერთი იარაღია.

- სამოდელო სააგენტო „კატრინმა“ მომცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო მსოფლიო სილამაზის კონკურსში Miss Summer World 2018რომელიც ჩატარდა ალბანეთში. ფინალში გადავიდა სულ 15 ქვეყნის მისი და მათ შორის მეორე საპრიზო ადგილი დავიკავე. ვფიქრობ საქართველოსთვის ეს  ძალიან დიდი წარმატებაა. ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ შევძელი ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარდგენა. ბევრმა კონკურსანტმა საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა. მე მათ დავათვალიერებინე ფოტოები, დავაგემოვნებინე ქართული ღვინო… ჩვენი ტრადიციული სამოსი რომ ძალიან ლამაზი და დახვეწილია ამაზე ყველა შეთამხმდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და შევძელი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე.

- ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო შენთვის?

- ეს არ იყო პირველი კონკურსი. ამ წლის „მის ევრაზია“ ვარ. კონკურსი ჩატარდა შარშან ნოემბერში, ანტალიაში და მთავარი ტიტულთან ერთად 3 ნომინაციაში გავიმარჯვე. გავხდი „მის სრულყოფილება“, „მის სოციალური მედია“ და  ქემერის მერმაც ქალაქის სახედ მე დამასახელა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ჩავერთე მოდის სფეროში, რაც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამსახურებაა.

 

- ეს არის შენი ძირითადი პროფესია თუ სწავლობ სადმე?

- 100%-იანი დაფინანსებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ უნივერსიტეტში და აგრეთვე მაქვს საკუთარი კარიერული მენეჯმენტის ცენტრი, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვეხმარები იპოვონ საკუთარი თავი, სწორად აირჩიონ პროფესია და მიაღწიონ წარმატებას.

- უნივერსიტეტში რა პოზიციაზე მუშაობ?

- კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ცენტრის უფროსი ვარ.

- სამომავლოდ რას აპირებ, მოდელობა თუ ფსიქოლოგია?

- აუცილებლად ფსიქოლოგია. გვირგვინი უბრალოდ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მე ვერასდროს ვეტყოდი სხვა ადამიანებს მიყევით საკუთარ ოცნებებს, თუ თვითონ საკუთარი ოცნების ასასრულებლად არაფერს გავაკეთებდი. ძალიან მიხარია გარეგნობის დამსახურებით მიღწეული წარმატება, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ შეედრება იმ სიამაყის გრძნობას, რომელიც მოაქვს ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევაში დახმარებას კარიერის მენეჯმენტის ცენტრში. დღეს ეს ჩემი მთავარი მიღწევაა.

- ასაკი, პარამეტრები?

- 24 წლის ვარ. 175 სმ. 51 კგ. 88/59/89.

- რა აზრის ხარ პლასტიკურ ქირურგიაზე და თავად თუ გაქვს გაკეთებული რაიმე?

- კონკურსებზე არის შეზღუდვა პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით.  არაფერი შემიცვლია საკუთარ გარეგნობაში. თუმცა ძალიან დადებითად ვაფასებ როდესაც ზომიერების ფარგლებში ადამიანები მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას. ქალის მთავარი იარაღი სწორედ სილამაზეა, ასე რომ ჭეშმარიტად ჭკვიანი ქალი საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას - არ იყოს ლამაზი, მოვლილი. თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად თავდაჯერებულობა იმდენად ძვირფასი ფენომენია, რომ თუ ამისთვის საჭირო იქნება პლასტიკურ ქირურგსაც უნდა მივმართოთ.

- თაყვანისმცემლებზეც მიამბე, ალბათ უამრავია შენს გარშემო, როგორ იშორებ თავიდან აბეზარ მამაკაცებს?

- ადამიანები ძალიან მიყვარს, მომღიმარი და კომუნიკაბელური ვარ, გარეგნობის წყალობითაც ხშირად ვექცევი ყველას ყურადღების ცენტრში. მოლოდინები განსაზღვრავენ ჩვენს აღქმას და მაშინ როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან მე მხოლოდ მეგობრული მოლოდინები მაქვს, სამწუხაროდ ხშირად მათგან განსხვავებული მოტივები მიდის. უარის მიღება არავის უყვარს. ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია როცა სხვა გზა არ მრჩება და უნდა დავკარგო ადამიანი, რომელსაც მეგობრად მივიჩნევდი ან ჩემთვის ავტორიტეტი იყო. რაც შეეხება მეთოდს, იგნორი რეაქციის ჩაქრობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- არ მწამს როცა სიყვარულზე წარსულ დროში ლაპარაკობენ. ჩემი იდეალისტური შეხედულებით ნამდვილი სიყვარული ერთია და ის მე ძალიან მაშინებს. განცდის დონეზე სიყვარული ჩემთვის მთის მწვერვალზე ან ბეწვის ხიდზე დგომას გავს, შეიძლება თვალდახუჭული ენდო, გადმოხტე სიმაღლიდან და არ დაგიჭირონ... მაქსიმალურად ვცდილობდი გავქცეოდი ამ გრძნობას, ახლაც ვცდილობ, მაგრამ მგონი სულ ტყუილად... იმედია სულ ტყუილად!

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი