საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გალა კონცერტი გაიმართა

22:48 05-26-2018
85

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართა. 

კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. მართლაც ისტორიული დღეა. რთული იყო ის გზა, რომელიც გამოვიარეთ - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ მოქალაქეებს. დღევანდელი დღე გალა კონცერტით დასრულდა და ძალიან სასიამოვნო დღე იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გალა კონცერტის სცენა წინა წლებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით - ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებითა და სხვა დეტალებით იყო აღჭურვილი. სპეციალურად კონცერტისთვის ხუთმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი შექმნა.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წელი ხუთ პირობით ეპოქად დაიყო. თითოეულ ეტაპს განსხვავებული ნამუშევარი მიეძღვნა. გალა კონცერტში მონაწილეობა ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერმა შემსრულებლებმა მიიღეს. ეპოქების ცვლის აღსაქმელად, კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იყო გამოყენებული. 

კონცერტს აკომპანირება თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთმა წარმატებულმა წარმომადგენელმა მირიან ხუხუნაიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწია. კონცერტის მნიშვნელოვან ნაწილს ორი ჰიმნი - „დიდება“, რომელმაც საღამო გახსნა და „თავისუფლება“, რომლის ახლებური შესრულებითაც კონცერტი დაიხურა. ასევე, შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრის, მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილი - „ოდა სიხარულისა“. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.