ძმების ქორწილში ხელის გასაშლელად დაწყებული ცეკვა - ნიკოლოზ ლატარია ქართველ მოცეკვავეებს უცხოეთში მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს - exclusive

13:36 05-21-2018
4798

მშობლებმა ცეკვაზე უფროსი ძმების გამო მიიყვანეს, დიდები რომ დაოჯახდებიან, პატარა ხელს გაშლის ქორწილშიო, იფიქრეს. ამასობაში ნიკოლოზ ლატარიას ცეკვა ისე მოეწონა და შეუყვარდა, რომ სამივე ძმის ქორწილში გასტროლზე მოუწია ყოფნამ. მის კარიერაში იყო ანსამბლი „ერისიონი“. ამ ანსამბლის ცნობილ საიმიჯო კლიპში ჩემი რესპონდენტი 17 წლისაა. უფროსის გარეგნობა რომ შეეძინა, გრიმიორი ხელოვნურ წვერს უკეთებდა რეჟისორის მოთხოვნით. 

მის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ნიკას მეგობრებთან ერთად ანსამბლის დატოვება მოუწია. გაჭირვება იყო ქვეყანაში, თურქეთში ერთ-ერთ პოპულარულ ანსამბლში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს, ცდუნება დიდი იყო, ენთუზიაზმზე ცეკვა აღარ გამოდიოდა და... დღეს ნიკა თავის უმცროს კოლეგებს ეხმარება. მას უკვე თავისი კომპანია აქვს თურქეთში. მისი პროდიუსინგით ათასობით მოცეკვავეა დასაქმებული თურქეთსა და ჩინეთში. დღეს ანსაბლ „სეუს“ პროდიუსერიც გახლავთ.

– 5 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შემიყვანეს მშობლებმა. ამას თავისი ისტორია აქვს. ძმებში ყველაზე პატარა ვიყავი, ჩემი ძმები ჩემზე 16-17 წლით უფროსები არიან. მაშინ ჩემებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი ძმების ქორწილში უნდა მეცეკვა და ამ მიზნით შემიყვანეს ცეკვაზე. იმ დონეზე დააგვიანდათ ძმებს ცოლის მოყვანა, რომ ცეკვას შემოვრჩი და გავაგრძელე კიდეც. კურიოზული ის არის, რომ ვერცერთის ქორწილში ვერ მოვხვდი, გასტროლზე ვიყავი ორივე შემთხვევაში. 

– სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრია?

– არჩევანი მქონდა – ფეხბურთი თუ ცეკვა. ცეკვა ვარჩიე, ტალახსა და წვიმას მოვერიდე ფეხბურთში (იცინის). დედაჩემის დიდი დამსახურებაა, ცეკვას რომ შემოვრჩი. მქონდა პაუზა, როცა ჩემს ძმასთან ვიყავი რუსეთში, იქ შემოვრჩი, მომეწონა იქაურობა. დედამ თავისი გაიტანა და ჩამომიყვანა მაინც. 

– რომელ ანსამბლებში ცეკვავდი?

– მე ზუგდიდიდან ვარ. ჩემი ქორეოგრაფი თავიდან იყვნენ გურამ ჭკადუა და ემირ ნადარეიშვილი. მერე სამხარეო ზემო სვანეთთან არსებულ ანსამბლში დავიწყე ცეკვა. ქართულის სოლოს ვცეკვავდი. ერთხელ ცხონებული რეზო ჭოხონელიძე გახლდათ ჩამოსული ჩვენთან. „დავლური“ დაგვიდგა. ჩემი ტიპაჟი მოეწონა. ალბათ, ქართული ცხვირი (იღიმება). მითხრა, ცეკვას თუ გააგრძელებ, ჩემს ანსამბლში მოდიო. მაშინ არც ვიცოდი, რომელი იყო მათი ანსამბლი. „ერისიონი“ მერე დაარქვეს. მისი ეს შემოთავაზება სულ მახსოვდა. თბილისში რომ მოვხვდი და რუსთაველზე დავინახე წარწერა „ერისიონი“, ბატონი რეზოს სიტყვები გამახსენდა და მივედი. ამდენი წლის მერე კიდევ მიცნო. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა. ძალიან შრომატევადი გამოდგა მუშაობა, მანამდე ამხელა დატვირთვა არ მქონია. თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ ამ ფიზიკურ დატვირთვას ვერ გავუძლებდი. ამის მერე იყო „ერისიონის“ ბუმი. 2000 წელს პირველი გასტროლი გვქონდა ამერიკაში, 2001 წელს – საფრანგეთში. ფაქტობრივად, ყველა გასტროლი მოვიარე. 6 წელი ვცეკვავდი ამ ანსამბლში. „ერისიონის“ ცნობილ კლიპშიც ვარ გადაღებული. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. წვერიც არ მქონდა, მიმაწებეს გრიმიორებმა. 

– რატომ მიატოვე „ერისიონი“?

– გაჭირვება იყო ძალიან ქვეყანაში. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვცეკვავდით. როცა ასაკი გემატება, ენთუზიაზმიც გვერდზე იწევს, ეძებ შემოსავლის წყაროს. შემოთავაზება მივიღეთ უცხოური პროექტიდან „ანატოლიის ცეცხლი“. ეს გახლავთ თურქული შოუ, სადაც მსოფლიო ხალხთა ცეკვებია წარმოდგენილი. მაშინ ჩანაფიქრში ჰქონდათ შოუპროგრამა „ტროა“ და ქართველი მოცეკვავეები სჭირდებოდათ, ქართველი „მეომრები“. 2005 წელს საქართველოში იყო ჩამოსული ეს ანსამბლი, თურქული კულტურის დღეებზე. მივედით და ვნახეთ. ძალიან მოგვეწონა, საოცარი შოუა დღესაც. 6 ბიჭი წავედით.

– 6 მოცეკვავის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნებოდა „ერისიონისთვის“.

– ანსამბლი დიდი ოჯახია და ეს ექვსეული კიდევ უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ძალიან დიდი პატივს ვცემ ბატონ რეზო ჭოხონელიძეს. დღეს მე თუ რამეს წარმოვადგენ, მისი დიდი დამსახურებაა. ძალიან დასწყდა გული მასაც და ჩვენც ყველას, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ჩვენ იქ გავიზარდეთ. ეს არ იყო ანსამბლის მიტოვება, შემოსავალი სჭირდებოდა ჩვენს ოჯახებს.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენით განსხვავდებოდა თქვენი ქართული და თურქული ჰონორარი ერთმანეთისგან?

– „ერისიონში“ თვეში 69 ლარი გვქონდა და თურქეთში 1500 დოლარს გვთავაზობდნენ... როგორც ჩვენ გვითხრეს, ბერძნებისა და თურქების ომის დროს, საქართველოდან შემოდიოდა მეტალი, ქართველები ამარაგებდნენ მეტალით. ამ შოუში ეს იყო ჩადებული. ჩვენ ქართველი ჯარისკაცები ვიყავით შოუში. 8 წელი ვიმუშავე ამ ანსამბლთან ერთად. 

– და გადახვედი პროდიუსინგში... როგორ შეელიე ცეკვას?

– ყოფილი მოცეკვავე არ არსებობს. მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ქართველი მოცეკვავეებისთვის. ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. გავიჩინე კარგი სანაცნობო წრე. შემომთავაზეს, გამეკეთებინა სააგენტო, რომელიც თურქული კომპანიების პარტნიორი იქნებოდა და რომელიც მოცეკვავეებს გზას გაუხსნიდა მაღალანაზღაურებადი სამსახურისკენ. ასაკიც მემატებოდა და გადავწყვიტე, ამ საქმეში ჩავრთულიყავი. ჩვენმა 6-კაციანმა ჯგუფმა, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ძალიან დიდი რეკლამა გაუკეთა თურქეთში ქართველ მოცეკვავეებს. ამის მერე ყველა შოუში იწვევდნენ ქართველებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველი მერცხლები ვიყავით. თურქეთში კარგი მოცეკვავე დეფიციტია. მოკლედ, გავხსენი სააგენტო, რომელიც ძალიან მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს და ვასაქმებ ქართველებს. 

– ცეკვა არ გენატრება?

– როგორ არ მენატრება, უბრალოდ ის ნერვიულობა, რომელიც სცენაზე გასვლის წინ მქონდა, ახლა სხვა ნერვიულობამ ჩაანაცვლა. ეს უფრო რთული ყოფილა. როცა შენ დგახარ სცენაზე, თავად შეგიძლია გამოასწორო შეცდომა. როცა სხვას უყურებ, უძლური ხარ, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული. და ეს ჩემი სახელია. ხვალ კიდევ სხვა უნდა ჩავიყვანო და უნდა მენდობოდნენ. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო დიდი გულისტკივილით. ქართველებმა სახელი გაიფუჭეს თურქეთშიც და ჩინეთშიც. ხმაურიანი ერი ვართ, დისციპლინის მიღება გვიჭირს. 

– ამიტომ წერია კონტრაქტში, რომ დასაქმებულს სიგარეტის კედელზე ჩაქრობა ეკრძალება?

– (იცინის) არა, ეს ყველა კონტრაქტში წერია, მხოლოდ ქართველებისთვის არაა ეს კონტრაქტი. უბრალოდ, მინდა ვუთხრა ყველა მოცეკვავეს, რომ მთავარი არაა, როგორ ცეკვავ, პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანობაც უნდა გამოიჩინო, რომ ხვალ და ზეგ ისევ დაგიძახონ, რომ დამსაქმებელს შენი არ შერცხვეს.

– ნიკა, შენი მეუღლეც მოცეკვავეა?

– არა, ჩემი მეუღლე ზუგდიდის მთავარი არქიტექტორი იყო წლების განმავლობაში. ახლა საკუთარი საპროექტო კომპანია აქვს, დიზაინი-არქიტექტურის განხრით. ერთი ბიჭი გვყავს. მაგრამ მეორეც გვინდა და მესამეც.  

– იმედია, საკუთარ ქორწილში მაინც მოახერხე ცეკვა...

– (იღიმება), ჰო, ძმების ქორწილში ვერა, მაგრამ საკუთარ ქორწილში კი გავშალე ხელი. ჩემს მეუღლესაც ვასწავლე, ნიჭიერი გამოდგა ამ მხრივაც.

– უახლოეს გეგმებში რა გაქვს?

– ვლადიმერ წითაშვილთან ერთად ვგეგმავ, გავხსნა ბავშვთა სტუდია ზუგდიდსა და თბილისში, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ამ სტუდიაში  გადამზადდებიან მოცეკვავეები და სრულიად უფასოდ შეისწავლიან მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, რაც მოთხოვნადია თურქეთშიც და ჩინეთშიც. ქორეოგრაფები უცხოელები იქნებიან. ასე რომ, საქართველოში იქნება ბაზა, რომელიც საზღვარგარეთ დაასაქმებს ქართველ მოცეკვავეებს. 

– ნამდვილად კარგი წამოწყებაა, წარმატებებს გისურვებ.

– დიდი მადლობა.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი