რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, პრეზიდენტის ორაზროვანი განცხადება გაუგებარია

18:13 05-16-2018
44

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, გასაკვირი და გაუგებარია: 

„უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში, ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია" - განაცხადა სესიაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. არგუმენტად, კი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები მოიყვანა.

"სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს.

საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან მიმართებაში ორად არის გაყოფილი. რასაც მე ვხედავ გამოკითხვებს უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტური არის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის უმრავლესობა კი არა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

შესაბამისად ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ ეს არის საუბარი კონკრეტულ ქმედებებზე რომელიც უნდა განხორციელდეს" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი: ნინო რაზმაძე