მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე პოზიციაში დაკრძალვის წესი დაადგინა

14:27 05-16-2018
388

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების თანახმად, შესაძლებელი ხდება მიცვალებულის მჯდომარე პოზიციაში დაკრძალვა.

"მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის", ერთ-ერთ პუნქტში "სასაფლაოების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ" მითითებულია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით სულ ცოტა 1 მეტრი უნდა იყოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იურიდიულ სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სანდრო სორდია მიმდინარე წლის 4 მაისს საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მჯდომიარე პოზიციაში დაკრძალვა მოხდება მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ბუნებრივი მდგომარეობა, მის ჰორიზონტალურად დაკრძალვის საშუალებას არ იძლევა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან, საკრებულოში შემოვიდა სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესების შესახებ დადგენილების პროექტი, აღნიშნული წესი განიხილა კომისიამ და შესაბამისი რეკომენდაციებით გაიგზავნა სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოში, საიდანაც მივიღეთ მითითებები, რომლის გათვალისწინებითაც მიღებული გვაქვს აღნიშნული წესით დაკრძალვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც ჩვენ მიერ არის მიღებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა ნორმის შესაბამისად. მჯდომიარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი არის ერთ-ერთი პუნქტი დადგენილების, რომელიც გულისხმობს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ დაიკრძალოს ჰორიზონტალურად, შესაბამისად, ეს არის წესი, რომელიც მიღებულია საკრებულოს მიერ. მსგავსი რეგულაციებით დაკრძალვა მიღებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც, როგორც უკვე მოგახსენეთ სამართლებრივი ზედამხედველობა შენიშვნების გარეშე გავლილი აქვს და აღნიშნული წესი ემსახურება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაკრძალვის მიზანს", - განმარტა სანდრო სორდიამ.

ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა კომიკურად ხვდება. ისინი, ამბობენ რომ მსგავსი რამ მართლმადიდებლურ წესებს ცდება და ნებისმიერი ქრისტიანისთვის მიუღებელი იქნება. 

"როგორ შეიძლება მიცვალებულის დაკრძალვა მჯდომარე პოზიციაში, რაიყო თანამდებობებს ურიგებენ?! რატომ არ გაითვალისწინა საკრებულომ ის, რომ ეს ჩვენს რელიგიას არ შეესაბამება. მე არამგონია რომელიმე ქრისტიანმა საკუთარი მიცვალებული მჯდომარედ დაკრძალოს, მითუმეტეს ამის უფლებას არც სასულიერო პირები მისცემენ", - განაცხადა ნარგიზა ადამიამ.

საკრებულოში ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან შევიდა, თუმცა, იდეის ავტორებს აღნიშნულ საკითხზე საუბარი უჭირთ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში პერიოდულად აგზავნის სხვადასხვა ნორმატიულ აქტს, რომლის დამტკიცების გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის  საკრებულო იღებს.

 

 

ავტორი: მზეკო ჟვანია