მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"ფესტივალის ტერიტორიაზე "რეივერებზე ზრუნვა" ნიშნიანი ახალგაზრდები ივლიან..." - 4GB განცხადებას ავრცელებს

15:30 05-15-2018
102
თეგები: 4GB

მუსიკალური ფესტივალი 4GB "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნარკოტიკული საშუალებებისგან გარდაცვალების შემთხვევების გამო, გადაწყვიტეს, ფესტივალის სტუმრები საფრთხისგან დაიცვან.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან გარდაცვალების არაერთი შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, გავრცელებულია დაბინძურებული ნარკოტიკული სუბსტანციები, ფატალური შედეგების რისკი გაზრდილია და ამიტომ ჩვენი თხოვნაა მოერიდოთ თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ყველა სუბსტანციას!!!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, 4GB-ს გუნდი ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და შევეცდებით მაქსიმალურად დაგიცვათ საფრთხეებისგან. 

წელს, ფესტივალზე, 4GB-ის გუნდი, ზიანის შემცირების სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაცია, პროექტით “მანდალა" და კომპანია ევექსი • EVEX განვახორციელებთ პროექტს “რეივერებზე ზრუნვა”, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

1. ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური კარავი, სადაც შეგეძლებათ მიიღოთ საინფორმაციო ბროშურები, კვალიფიციური ადამიანების რჩევები.

2. ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. სხვა სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იქნება ევექსის სასწრაფო დახმარების, სრულად ეკიპირებული ეკიპაჟი.

3. ფესტივალის ტერიტორიაზე მუდმივად ივლიან "რეივერებზე ზრუნვა" ნიშნიანი და პროექტ “მანდალას” ფარგლებში სპეციალურად დატრეინინგებული ახალგაზრდები, რათა საფრთხის შემთხვევაში დროულად მოვახდინოთ საჭირო რეაგირება.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ვიზრუნოთ თქვენზე, თუმცა პირველ რიგში გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა იზრუნოთ და გაუფრთხილდეთ თქვენს თავს, თქვენს მეგობრებს და თითოეულ ადამიანს ფესტივალზე. 

თუ თქვენს გარშემო შეამჩნევთ ზედოზირების ნიშნებს დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, მიმართეთ “რეივერბზე ზრუნვა” ნიშნიან ადამიანებს ან მოგვმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ კარავში", - აღნიშნულია განცხადებაში.