ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ფაქტზე დაკავებული პირები - როგორ გავიდა გამოძიება დანაშაულის კვალზე?

13:17 05-08-2018
4267

ცნობილი ხდება იმ პირთა ვინაობა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით დააპატიმრა. დაკავებულები არიან 27 წლის ნინო გ. და 24 წლის გიორგი გ.

მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად აღწერა თუ რა სქემით ხდებოდა ნარკოტიკების გავრცელება და როგორ გავიდა გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე.

მეზვრიშვილის თქმით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული სქემა მთავარ პროკურატურასთან ერთად გამოავლინეს.

პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ:

ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი. მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებული ქალის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.