ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია - დემურ გიორხელიძე

14:29 05-07-2018
280

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, სეხის გაცემა, როცა იცი, რომ ადამიანი ვერ გადაიხდის, არ შეიძლება. ამიტომ, ეკონომისტი მიიცნევს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან რეალურად, ხალხს იმ პროცენტის გადახდა, რაც აქამდე ეკისრებოდათ სესხის დაფარვამდე, არ შეეძლოთ. 

"ურთიერთ დაცულობა, თამაშის წესი უნდა არსებობდეს. სესხი არ შეიძლება გასცე ისეთი პირობით, როცა იცი წინასწარ, რომ ვერ გადაიხდის ადამიანი. მიკოროსაფინანსოები, კერძო გამსესხებლები, ონლაინსესხები, ისეთი პროცენტებით გაიცემა, რომლის დაფარვა არ შეუძლია მომუშავე ადამიანსაც კი. ასეთი რამ, მსოფლიოში არასად არ ხდება. ჩვენთან მახინჯად გაგებული ე.წ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. იმაზეა ლაპარაკი, რომ საკმაოდ უვიცი ხალხის მიერ შექმნილი გარემოა. არაფერი არ არის დარეგულირებული, ეს არის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა. ონლაინ სესხების კომპანია 1700 პროცენტს ახდევინებდნენ ადამიანს. თუ ადამიანს უჭირს და ვერ იხდის, ყველაფერი მიდის ამ ყაჩაღებთან. ეს არ არის ბიზნესი, ამიტომ რეგულაციები აუცილებელი იყო. ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში გადაიდგა. არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. მსოფლიოში უკვე ჩამოყალიბებულია ეს მეთოდები. ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" გიორხელიძემ. 

კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის პროცედურები მკაცრდება.

კერძოდ, უნდა მოხდეს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სესხების გაცემა. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, მსესხებელმა ბანკში უნდა წარადგინოს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემაზე მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს, სწრაფ და ონლაინსესხებზეც გავრცელდება. მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე