ვინ არის ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებული? - გახმაურებული საქმის დეტალები (ექსკლუზივი)

15:50 05-04-2018
1560

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს და მას "გ.ჩ"-ს ინიციალებით მოიხსენიებს, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება 37 წლის გია ჩოფლიანია. 

ბრალდებული წარსულშიც არაერთგზი არის ნასამართლევი, მათ შორის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ფაქტზე მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ვინაიდან გია ჩოფლიანი მიმალვაში იმყოფება, შესაბამისად მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.   

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ჩ.-ზე ძებნა გამოაცხადა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. მოწმის სახ თ ათეულობით პირი გამოიკითხა, თუმცა დანასაულის მოტივზე საუბრისგან საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით თავს იკავებენ. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, N1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნ.კ. და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს - თ.ბ.-ს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები - მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა“.

ამ დროისთვის, გ.ჩ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს თბილისში ამირეჯიბის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარ სახლთან მოკლულია ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე. 

კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ. მასთან ერთად აღნიშნულ კომპანიაში წილებს ინაწილებენ: გურამ ქაცანაშვილი 20%, იათამზე ქავთარაძე 5%, თემურ პირველი 30%, პაატა ნუცუბიძე 7.5%, ნესტან თოდუა 5%, გენრიხ ხერგიანი 2.5% და მზევინარ ხერგიანი 15%. 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნესტან თოდუა მოქალაქე პაატა ფრუიძის სასარგებლოდ წილის დათმობას აპირებდა, თუმცა რეესტრმა აღნიშნული ცვლილება სხვა პარტნიორების თანხმობის არარსებობის გამო არ დაარეგისტრირა.