სასტიკი ძალადობა 21 წლის ქალზე - "გამიშვან ქვეყნიდან. რა ვქნა, თავი მოვიკლა?!"

11:32 04-30-2018
6305

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის, თამარ გამრეკელაშვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიციამ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში ძალადობის მსხვერპლის, ლ.მ-ს საცხოვრებელ სახლს პოლიციის პიკაპი იცავს. ეს მას შემდეგ, რაც განყოფილებაში დაზარალებულის დედა გამოცხადდა და მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვა.

ის, რომ მსხვერპლის უსაფრთხოებას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ უზრუნველყოფს, ცხადი გახდა თამარ გამრეკელაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც მას მოძალადე მამინაცვალმა შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან ერთ საათში მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა.

ამ შემთხვევაში დაზარალებული 21 წლის ქალია. მას ორი წლის შვილი ჰყავს. ლ.მ. „პრაიმტაიმს“ ინტერვიუზე დასთანხმდა და მის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც გადასცა. კადრები საკმაოდ მძიმე სანახავია და ყველა მათგანის გამოქვეყნებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, თუმცა სტატიაში წარმოდგენილი ფოტოებიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რამდენად სასტიკი ძალადობის მსხვერპლია 21 წლის ლ.მ. 

ეს დაზიანებები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც შეისწავლა, თუმცა სავარაუდო მოძალადის მიმართ მაშინ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ვინაიდან თავად დაზარალებულმა საჩივარს ხელი არ მოაწერა. ამბობს, რომ საჩივარზე ხელმოწერისგან თავი მუქარის გამო შეიკავა. ახალგაზრდა ქალი გვიყვება, რომ 27 წლის მამაკაცი დ.ძ., რომელთანაც ის არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მასზე სისტემატურად ძალადობს, რის გამოც დაზარალებულმა თვითმკვლელობაც კი სცადა. ამჯერად კი ლ.მ. უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყნის დატოვებას გეგმავს.

ლ.მ., დაზარალებული:

– ვიყავი სამხარაულის ბიუროში, ჩამიტარდა ექსპერტიზა. ფაქტი წინ ედოთ, მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა სხეულზე, მაგრამ იმის გამო, რომ იყო მუქარა ჩემ მიმართ, საჩივრის დაწერის მეშინოდა და შესაბამისად, საქმეს მსვლელობა არ მისცეს. არ ვიცი, ეს რამდენად სწორია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი უარის მიუხედავად, პოლიციას საქმე მაინც უნდა აღეძრა.

– ანუ მუქარის გამო საჩივარს ხელი არ მოაწერეთ?

– დიახ, მემუქრებოდა, განცხადებას თუ დაწერ და დამიჭერენ, გარეთ ხალხი მყავს და ისინი მოგხედავენო. განცხადება პოლიციაში დედაჩემმა მაინც შეიტანა, თუმცა სწორედ ამ მუქარის გამო ხელი არ მოვაწერე. 26 აპრილს კი უკვე პირადადაც ვიყავი პოლიციაში, რის შემდეგაც შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის ამას დაარღვევს.

– ანუ შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, თავს დაცულად მაინც არ გრძნობთ?

– არა, დაცულად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სადარბაზოსთან პოლიციელები არიან, ჩემი უსაფრთხოება მაინც არ არის დაცული. როდემდე იდგებიან აქ ხომ? რატომ უნდა ვიყო მუდმივი შიშისა და მეთვალყურეობის ქვეშ? გავა ეს ერთთვიანი ვადა, ამოიწურება შემაკავებელი ორდერის მოქმედებაც და მერე რა მოხდება, არავინ იცის. უნდა ვიზრუნო, რომ საქართველო დავტოვო ჩემს ორი წლის შვილთან  და მთელ ოჯახთან ერთად. ჩემი და არის ხუთი წლის, მეუბნებოდა, რომ შენ და შენი შვილი თუ წახვალთ სადმე, შენი ოჯახის წევრები შეეწირებიან ამ ყველაფერსო. ჩემი ხუთი წლის დის სიცოცხლით მემუქრება. ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანაში გაჩერება.

– წარსულში ნასამართლევი იყო ეს პიროვნება?

– დიახ, ის გახლავთ მრავალგზის ნასამართლევი. წესით, 2020 წლამდე ციხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. ჩვენ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ, თუმცა ერთად ვცხოვრობდით. ამ ხნის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ჩემზე ძალადობას. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ვერც გავიხსენებ, პირველად როდის დაიწყო ეს ყველაფერი.

– თავიდანვე რატომ არ დაშორდით?

– იმიტომ, რომ მემუქრებოდა. ახლაც შერიგებას მთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაცოცხლებო. დედაჩემზე მწერს, ღორივით დავკლავო. ჩემი ოჯახის წევრებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მთელი სხეული დალურჯებული მქონდა. ბოლოს რომ მოვიდა, გარედან გააღო დაკეტილი კარი თვითონ. ამ კატეგორიის ხალხმა კარგად იცის კარის გაღება.

– ახლა რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

– მე იმდენად დავზარალდი, რომ ამას ვერავინ ვერ ამინაზღაურებს. ერთადერთი რასაც ვითხოვ, მინდა, რომ მე და ჩემს ოჯახს არავინ შეეხოს. ვითხოვ, უსაფრთხოებას. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გამიშვან ქვეყნიდან, ჩავბარდები სხვა ქვეყანას, რადგან მე და ჩემი ოჯახის წევრები გადავრჩეთ. ყოველდღიურად შიშის ქვეშ ვარ, ეს შემაკავებელი ორდერი უბრალოდ ფარატინა ქაღალდია. ალბათ, გახსოვთ, ცოტა ხნის წინ თბილისში რაც მოხდა. იგივე მოხდება ახლაც. გადამიყვანონ სხვა ქვეყანაში. რომც დავაჭერინო, ეს საფრთხე მაინც იქნება. ამბობს, მე რომ დამიჭირონ, გარეთ ხალხი მყავს და ისინი გაგისწორდებიანო. აი, როგორ უნდა მოვიქცე, იქნებ თქვენ მირჩიოთ?! ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, ნუთუ ერთი მაინც არ არის ისეთი, რომ ჩვენი სიცოცხლე დაცული იყოს და რაიმე ზომები მიიღონ. მე, ჩემს შვილს, ორ მცირეწლოვან დას, ძმას და მშობლებს გვემუქრება საფრთხე. რა ვქნა, თავი მოვიკლა და წერილი დავწერო?! სხვა ალტერნატივა არ მრჩება.

– გასაგებია, რომ საფრთხეს გრძნობთ, მაგრამ თავიდანვე რომ მიგემართათ სამართალდამცველებისთვის, იქნებ ეს პრობლემა დღეს უკვე აღარ გქონოდათ... ამაზე არ გიფიქრიათ?

– ადამიანი რომ მოკლან და დაზარალებული არ ჩიოდეს, მკვლელს არ დაიჭერენ? მე განცხადებას ხელი არ მოვაწერე მხოლოდ იმიტომ რომ ამას კიდევ ჩემს წინააღმდეგ არ ემოქმედა. პოლიციას ხომ ისედაც ყველაფერი ხელისგულზე ედო, რატომ არ მისცეს მსვლელობა ჩემი ხელმოწერის გარეშე?! ამ ამბების შემდეგ ჯანმრთელობა გამინადგურდა, ფიზიკური დაზიანებების გარდა, მაქვს ნერვული  პრობლემები. ყოველდღიურად შიშის ქვეშ ვცხოვრობ. რაც შეეხება ორდერს, მან იქვე, პოლიციასთან გამოაცხადა, რომ შემაკავებელ ორდერს დაარღვევდა, და ასეც იქნება.

– ეს ჭრილობები სხეულზე დანით მოგაყენათ?

– დაზიანებებს სხვადასხვა საგნით მაყენებდა. თავზე არაერთი დაზიანება მაქვს. იმ ზომამდეც კი მიმიყვანა, რომ თვითმკვლელობაც ვცადე. ჭიქა გავტეხე და თავის მოკვლას ვაპირებდი, რადგან მაგ დროს იარაღს მირტყამდა თავში.

„პრაიმტაიმი“, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციითაც დაინტერესდა. პირველ ჯერზე უწყებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული დაზარალებულის საქმეზე გამოძიება დაწყებულია. სტატიაზე მუშაობის პროცესში კი შსს-დან გვაცნობეს, რომ სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დ.ძ.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 1996 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მიმართ ახორციელებდა ძალადობას. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით“, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლი ოჯახში ძალადობას გულისხმობს, კერძოდ – „ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა“. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამჯერად რა სასჯელი ელის ბრალდებულ დ.ძ-ს, ეს სასამართლოს განაჩენით გაირკვევა. ცნობილია, რომ ბრალდებული წარსულში ყაჩაღობის მუხლით არაერთგზის იყო გასამართლებული.