"არემჯი გოლდის" წინააღმდეგ აქციები ისევ იწყება: „ჩავალთ და ვეცდებით სამუშაოები დროებით მაინც შევაჩეროთ..." - ნინო ბურჭულაძე

12:32 04-26-2018
64

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვისერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომპანია "არემჯი გოლდი" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული გზით ოქროს მოპოვების დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ ნინო ბურჭულაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, საყდრისის კომიტეტის წევრებს ადგილობრივემა უთხრეს, რომ "არემჯი გოლდი" სამუშაოების დაწყებას დაახლოებით 30 აპრილისთვის გეგმავს. ეს კი საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ბნელი ხევის უნიკალურ ბუნებას, არამედ, ისეთ კულტურულ ძეგლებს, როგორიც არის ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხეც. 

"თქვენ იცით, რომ ასობით ჰექტარი ტყე უკვე გაჩეხილია და ხეების გაჩეხვა კიდევ იგეგმება. ვაპირებთ ადგილზე ჩასვლას, ვეცდებით ტექნიკის შეყვანა ბნელი ხევის ტერიტორიაზე დროებით მაინც შევაჩეროთ. სოფელ ტანძიიდან შესასვლელი გზა დაახლოებით 2 კვირაა ადგილობრივებს თავად აქვთ გადაკეტილი და იმის საშიშროება, რომ იქ მძიმე ტექნიკა გაივლის, არ არსებობს. ღიად რჩება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან ტერიტორიაზე მოხვედრის შანსი. ჩვენ გვინდა, რომ მეორე შესასვლელიც ტექნიკისთვის დაიბლოკოს.

მოგეხსენებათ, ორი დღის წინ ვიყავით მონიტორინგისთვის ბნელი ხევის ტერიტორიაზე, თუმცა, იქ დაგვხვდა საგუშაგო, ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს. გვითხრეს, ვერ შეხვალთ, რადგან "არემჯი გოლდმა" დააყენა საგუშაგოებიო. დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ავუხსენით, რომ კომპანიას ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, თუ იქ რაიმე საშიში პროცესები არ მიმდინარეობდა. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიციაც,  ადგილზე "არემჯი გოლდის" უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. მათ კი ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის რომ ჩვენ სიტუაციას გავერიდებინეთ. საბოლოოდ "არემჯი გოლდის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგა და მინდა გითხრათ, რომ არც "არემჯი გოლდს" აქვს პასუხი, რატომ აქვს გადაკეტილი ბნელი ხევის შესასვლელი. ერთადერთი, ის გვითხრეს, რომ ის აქვთ საწვავის საწყობი. მგონი ცოტა არარეალურია, ათობით კილომეტრიანი ტერიტორია ამის გამო გადაკეტო", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საყდრისის კომიტეტმა გუშინ ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა "არემჯი გოლდს" შეტანილი თხოვნა ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.

"დაგვიდასტურეს, რომ 24 აპრილს მათთან შევიდა წერილი, სადაც "არემჯი გოლდი" აცხადებს, რომ ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყებამდე ითხოვს კონსულტაციებს ძეგლთა დაცვის სპეციალისტებთან. არაერთხელ ვნახეთ, რა რეკომენდაციები გაუწია ამ სააგენტომ საყდრისთან დაკავშირებით "არემჯი გოლდს", რომელსაც სულაც არ გახსენებია ძეგლთა დაცვის სააგენტო, როდესაც ფიტარეთთან აწარმოებდა აფეთქებებს და მოასწორა შემდეგ იქაურობა, ეს იყო შარშან, იქ აქციებიც გვქონდა.

გვინდა მოვუწოდოთ კულტუურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ ამ საქმეს, რადგან არ ვენდობით "არემჯი გოლდის" მიერ ჩატარებულ არცერთ კვლევას ძეგლებთან მიმართებაში, ასევე კულტურის სამინუსტროსაც - მიხეილ გიორგაძე ერთხელ დაგვპირდა, საჭიროების შემთხვევაში, თქვენთან ერთად დაიცავდა ფიტარეთის მონასტერსო - ასევე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კახაბერ კუჭავას, დროუალდ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის "არემჯი გოლდის" საქმიანობას. გვინდა ასევე მოვუწოდოთ ადგილობრივ მოსახლეობას, მტკიცე პოზიცია დაიჭირონ. ბნელი ხევი მხოლოდ საყდრისის კომიტეტის დასაცავი არ არის.", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

 

ამ წუთებში კომპანია RMG-ის წიინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. სოფელ ტანძიას მოსახლეობამ კომპანია „არემჯის“ კუთვნილ ტექნიკას ბნელი ხევის ტერიტორიისკენ არ უშვებს. ისინი ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე