მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

შუშანაშვილი 2015 წლის ზაფხულში სადახლოზე დააკავეს და ქვეყნის დასატოვებლად ხუთდღიანი ვადა მისცეს - რას ედავება ქართული მართლმსაჯულება ძმებ შუშანაშვილებს?

13:07 04-23-2018
2479

ევროპის მასშტაბით ქართული მაფიის აქტიური წმენდა გრძელდება, რასაც 16-17 აპრილს საბერძნეთსა და საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციაც მოწმობს, რომლის ფარგლებშიც, სხვებთან ერთად, კრიმინალური სამყაროს გენერლად წოდებული ლაშა შუშანაშვილი დააპატიმრეს. 

საბერძნეთის ტერიტორიაზე ოპერაციაში ანტიტერორისტული ჯგუფის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენიც კი იყო ჩართული. უშუალოდ ლაშა შუშანაშვილი სალონიკთან ახლოს მდებარე ქალაქ პილაიაში აიყვანეს. ევროპის ორივე ქვეყანაში, საერთო ჯამში, 40-მდე ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის ოთხი „კანონიერი ქურდი“: ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი), ალექსანდრე კობალაძე (სიუ), ნოდარ შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) და მერაბ ასანიძე (ჩიკორა). ბერძნული მედიის ცნობით, „ქართველმა კრიმინალებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, ორმხრივი სროლებისას კი ორი ადამიანი დაიჭრა“.

დაკავებულებს შორის არის მსახიობი კახა აბუაშვილიც, იგივე კაბუ. გამოძიება მას ზემოხსენებულ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირსა და ბინების ძარცვას ედავება. ის სხვებთან ერთად საფრანგეთის ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც სპეცოპერაციაში 300-მდე ჟანდარმი იყო ჩართული. მათ კაენში, მონტობანსა და რენში საქართველოს 14 და სომხეთის ერთი მოქალაქე დააპატიმრეს, მათ შორის, „ქურდული საერთოს“ „მაყურებლები“ – პაატა ახალაძე, ელგუჯა შუკაკიძე და ლევან გოჩიაშვილი. დაკავებული მსახიობი კახა აბუაშვილი პაატა ახალაძის ახლო მეგობარია. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს სპეცოპერაციის ფარგლებში ათენში დაკავებულ „კანონიერ ქურდ“ ნოდარ შუკაკიძესთანაც. 

სპეცოპერაციის დროს მტკიცებულებების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ოქროულობა, ელექტრონული მოწყობილობები, ფულადი თანხა, ცეცხლსასროლი იარაღი და ყალბი დოკუმენტები.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთო ზარალმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა შორის ოთხი ქალია, რომლებსაც ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია ედებათ ბრალად. 

ლაშა შუშანაშვილის ქართველი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი არ წარუდგენიათ და ის ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მეტიც, ადვოკატის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა დიდი ნაწილი უკვე თავისუფალია. 

რატომ არ წაუყენეს ბრალი საბერძნეთში დაკავებულ ლაშა შუშანაშვილს? სავარაუდოდ, მისთვის ბრალის წარდგენა საფრანგეთში მოხდება. ფრანგულმა მხარემ საბერძნეთს უკვე წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, რის საფუძველზეც საფრანგეთი შუშანაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში იხდის სასჯელს ლაშა შუშანაშვილის ძმა, ასევე „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილიც, რომელიც მარსელის ციხეში იმყოფება, თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ და ასევე, გაგაცნობთ სისხლის სამართლის იმ საქმეს, რომლის არსებითი განხილვა ძმები შუშანაშვილების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს. 

დიდი ალბათობით ლაშა შუშანაშვილსაც ფრანგული კანონმდებლობით გაასამართლებენ. ქალაქ რენის პროკურორი ნიკოლას ჟაკე ადასტურებს, რომ ფრანგული მხარე ლაშა შუშანაშვილისა და კიდევ რამდენიმე დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ ევროპოლის ეგიდით ჩატარებულ სპეცოპერაციას, პროკურორი ჟაკე ამბობს: 

„ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. რენის საგამოძიებო ორგანოში ჟIღშ-ში სპეციალური ჯგუფი 2017 წლის იანვარში შეიქმნა, რის შედეგადაც სექტემბერში პირველი ფრანგულ-ბერძნული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფორმირება მოხდა. ჩატარებულმა ჩხრეკამ საშუალება მოგვცა, გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შსს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში:

„ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას. სხვადასხვა ქალაქში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არაერთი ნივთმტკიცება იქნა ამოღებული. ბრალდებულები საფრანგეთისა და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია, სადაც საქართველოს შსს აქტიურად არის ჩართული, გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“.

ევროპული პრესა ლაშა შუშანაშვილს ხან ქართულ-რუსული მაფიის გენერლად, ხანაც „ბერძნების“ დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებს. ქურდული სამყაროს ნათლიმამის, შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ სწორედ ის ჩაუდგებოდა სათავეში კალაშოვის იმპერიას, თუმცა ქურდული სამყაროს ტახტზე ასასვლელად მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ციხიდან განთავისუფლდა გავლენიანი „ავტორიტეტი“ ნადირ სალიფოვი, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა. გასულ კვირას ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კი საბოლოოდ დაასუსტა „ლაშა რუსთავსკის“ პოზიციები, ვინაიდან, კალაშოვის მსგავსად, ციხეში მას, სავარაუდოდ, მრავალი წლის გატარება მოუწევს. 

წარმოშობით რუსთაველ ძმებს – კახა და ლაშა შუშანაშვილებს ქურდულ სამყაროში წლებია დიდი გავლენები აქვთ. 

56 წლის ლაშა შუშანაშვილი ამ დრომდეც არაერთ მძიმე დანაშაულში იყო მხილებული, მათ შორის საქართველოში, რუსეთსა და საბერძნეთში. პირველი სასჯელი მან ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოიხადა. ცნობილია, რომ ის „კანონიერ ქურდად“ გოგი ჩიქოვანმა აკურთხა. შუშანაშვილი გახლდათ ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე „ძედ ჰასანის“ მარჯვენა ხელი. მას სხვადასხვა წყაროები შაქრო კალაშოვის უახლოესი გარემოცვის წევრადაც მოიხსენიებდნენ. ლაშა შუშანაშვილმა 2002 წელს საქართველოს მოქალაქეობა დათმო რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ. თუმცა 2008 წელს რუსეთის ტერიტორია ძმასთან ერთად დაატოვებინეს. მას შემდეგ ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში დასახლდა და ირგვლივ არაერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ შემოიკრიბა. პრესა ამ კლანს ხშირად „ბერძნების დაჯგუფების“ სახელით მოიხსენიებს. 

რაც შეეხება კახა შუშანაშვილს, ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ მას ფულის გათეთრების, თაღლითობის, საბანკო ბარათების გაყალბებისა და მკვლელობის მცდელობისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ეს განაჩენი საბოლოო არ გახლავთ, რადგან, როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში განიხილება, თუმცა პროცესებს ბრალდებული ვერ ესწრება, ვინაიდან ამჟამად კახა შუშანაშვილი საფრანგეთში, კერძოდ, მარსელის ციხის სამარტოო საკანში იმყოფება. საფრანგეთი მას „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას განზრახ მკვლელობას ედავება.  

ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში „კანონიერ ქურდთა“ ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც ცნობილი რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“, მკვლელობით დაიწყო. ამ მკვლელობაში „ქურდების“ ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს და ერთი ვერსიით, ჯანაშიას მკვლელობაც მათი მხრიდან შურისძიება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ქართველი „ქურდები“ ორივე დაპირისპირებულ ბანაკში არიან. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა „კრიმინალური ავტორიტეტის“ კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. ესპანელი პროკურორის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით.

შედარებით ნაკლებად ცნობილია მესამე ძმა – კობა შუშანაშვილი, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინათ რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და გამოძალვის ბრალდებით კობას 18 წლის ვაჟი, ლაშა შუშანაშვილი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ კობა შუშანაშვილი არც ნასამართლევია და არც რაიმე ოფიციალური ბრალდება აქვს წარდგენილი, ის წლებია საქართველოში ვერ ჩამოდის. ჩვენი ინფორმაციით,  კობა შუშანაშვილმა ქვეყანაში დაბრუნება 2015 წლის ზაფხულში სცადა, თუმცა ის სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს და კვლავ საზღვრისკენ მიუთითეს. ქვეყნის დასატოვებლად კობა შუშანაშვილს ხუთდღიანი ვადა მისცეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშა შუშანაშვილი გასული წლის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაშიც ფიგურირებს, როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი. ამავე სიაში 2013 წელს შეყვანილი იყო კახა შუშანაშვილიც. ამერიკის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის ისეთი გავლენიანი „კანონიერი ქურდები“, როგორებიც არიან შაქრო კალაშოვი, ვასილი ქრისტოფოროვი („ვასკრესი“), კამჩიბეკ კოლბაევი („კამჩი ბიშკეკსკი“), ვლადისლავ ლეონტიევი, ვადიკ ბელი, იური პიჩუგინი („პიჩუგა“), რუბენ თათულიანი („რობსონი“), ალიმჟან ტოქტახუნოვი („ტაივჩიკი“), ვლადიმერ ტიურინი („ტიურიკი“) და გაფურ რახიმოვი. ყველა ამ პირზე დაწესებულია ეკონომიკური სანქციები. ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ. ასევე, ამერიკაში გაყინულია მათი ყველა საბანკო ანგარიში. 

რაც შეეხება საქართველოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში 2011 წლიდან არის საქმე ლაშა და კახაბერ შუშანაშვილების მიმართ. მათ ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობისა“ და გამოძალვის ჩადენა. ძმების მიმართ საქმის განხილვა მათ დაუსწრებლად მიმდინარეობს. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2006 წლის იანვარში სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში დაიწყო. საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულმა ჯემალ მამნიაშვილმა მიმართა, რომელიც ძმებ შუშანაშვილებს გამოძალვაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საუბარია საბერძნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე. შუშანაშვილების ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული ობიექტი მამნიაშვილს არასდროს ეკუთვნოდა და მან ძმები შუშანაშვილების წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული მასალების საფუძველზე ლაშა შუშანაშვილი 2013 წელს საბერძნეთში გაასამართლეს. 2013 წლის 24 ივლისს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2015 წლის ივნისში, საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სრულიად განთავისუფლდა პატიმრობიდან. სწორედ ამ საქმეზე ძმებ შუშანაშვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ასამართლებენ. მათ, გამოძალვის გარდა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებაც აქვთ წარდგენილი, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, პროცესები უკვე წლებია ჭიანურდება, შესაბამისად, უცნობია, როდის გამოუტანს საბოლოოდ ვერდიქტს ქართული მართლმსაჯულება ქურდული სამყაროს გავლენიან ლიდერებს. განაჩენის მიუხედავად, დიდი ალბათობით ძმები შუშანაშვილების ექსტრადირებას ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ისინი უკვე წლებია საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან.