მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ფილმი, სადაც სქესის შეცვლის ოპერაციას უყურებ - ივა კუზანოვის 70 წლის იუბილე - exclusive

13:01 04-23-2018
758

შეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ ერთსაათიანი ფრენისთვის, – გაგვაფრთხილეს კინო „ამირანში“ ივა კუზანოვის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერაზე შეკრებილებს. ჩვენ ვნახეთ უნიკალური ოპერაციები, ბევრი სისხლი, სქესის შეცვლა, მიკერებული კიდურები, რომლებიც სრულყოფილად ფუნქციონირებს და კიდევ არაერთი ძალიან მძიმედ სანახავი კადრი. „ეს ივა კუზანოვის ცხოვრების გზაა, გზა, რომლითაც ბევრი ქირურგი ვერ დაიკვეხნის. მე გადავიღე ფილმი იმ ადამიანზე, რომელიც არის ერთი საქართველოში“, – აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა თომა ჩაგელიშვილმა.

თომა ჩაგელიშვილი:

– ჩემთვის ძალიან უცხო იყო აქამდე სამედიცინო სფერო: ქირურგია, პლასტიკა, რეკონსტრუქცია, მიკროქირურგია. მთელი ფილმი ჩემთვის იყო საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. მინდოდა, რაღაც მესწავლა, გამეგო. ამიტომ გადავწყვიტე, ფილმიც ამ კონტექსტში გადამეღო, დამეკმაყოფილებინა მაყურებლის ცნობისმოყვარეობა ამ 45 წუთში.

– საკმაოდ მძიმე სანახავი იყო ცალკეული კადრები. არ გაგიძნელდა ამ ყველაფრის ყურება, გააზრება, გადაღება?

– პირველი ხუთი წუთია რთული, მერე იოლდება. სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად უდგები, პროფესიულ მოვალეობას ასრულებ.

– როგორ დაახასიათებ ივას რამდენიმე სიტყვით?

– ძალიან მაგარი ადამიანია, პროფესიონალი, ადრენალინით, სიცოცხლით სავსე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა გვყავს. ჩემთვის ინსპირაცია იყო მასზე ფილმის გაკეთება. მე გადავიღე ფილმი იმ ადამიანზე, რომელიც არის ერთი საქართველოში. 

ნინო ნადირაძე: 

– ივას რომ შეხედავ, ვერ იტყვი რომ 70 წლის იუბილეზე მოგვიწვია. პატარა ბიჭივითაა. მიხარია, რომ ამდენი ხანია ეს კარგი საქმე კეთდება. ტრადიციის ფასი არაფერია. ამაში ოჯახის თითოეული წევრი ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ და ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდეს.

ივა კუზანოვი:

– ძალიან ბედნიერი ვარ, ვღელავ, მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა ფილმის პრემიერაზე. ისეთი ნაცნობებიც ვნახე, რომლებიც 5 წელია არ მინახავს. დღეს ყველა ჩემმა მეგობარმა ერთად მოიყარა თავი. მადლობა თომას და მის მეუღლეს, რომ ერთობლივი ძალებით ასეთი სანახაობა გვაჩვენეს ეკრანზე. სანახავად არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო.

დალი ჩიტალაძე:

– მე ივას ვანდე ჩემი სილამაზე. ახლა სულ ვეუბნები, კეთილი ინებე და დიდხანს იცოცხლე, რომ მომხედო-მეთქი (იცინის). ჩემი მეგობრები არიან მთელი ოჯახი, უკეთილშობილესი ხალხია, მეგობრის გატანა იციან ყველაფერში. თბილისის კოლორიტები არიან.

– ჩემი სილამაზე ივას ვანდეო, უფრო კონკრეტულად მეტყვი, რა გაიკეთე?

– „ფეის ლიფტი“ გავიკეთე ივასთან, ანუ ქვედა ყბის კონტური გავისწორე.

კრისტი ყიფშიძე:

– მე ვარ „კუზანოვ დენტის“ სახე. დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი. ვულოცავ ივას იუბილეს, ასეთი მაგარი ფილმის პრემიერას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.

გუგა კუზანოვი:

– თავისთავად ცხადია, ემოციებით ვარ სავსე. არ არის ჩვეულებრივი იუბილე, დაიბადა ივა და დაიბადა ფილმი. ვხედავ, რომ ხალხს მოეწონა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

– აქამდე გახსენდებათ რომელიმე ფილმი საქართველოში, სადაც პირდაპირ გვაჩვენეს, როგორ ხდება ქირურგიულად სქესის შეცვლა?

– არ მინდა ვიყო არაკომპეტენტური, მაგრამ მე არ მახსენდება მსგავსი ფილმი. 

ჩვენც ვუერთდებით სტუმრების განწყობას და ვულოცავთ ივა კუზანოვს 70 წლის იუბილეს და დოკუმენტური ფილმის „ივა კუზანოვი“ დაბადებას.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი