(EXCLUSIVE) პატარძალი, რომელმაც საკუთარი გათხოვების ამბავი ტაქსის მძღოლისგან გაიგო

11:07 03-31-2018
8904

„პრაიმტაიმის“ რუბრიკის ყველაზე ორიგინალური ქორწილის დღის სტუმარია  25 წლის ბიზნესმენი გიორგი გაროზაშვილი და წლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი, 24 წლის მარიამ გაგუა.

გაცნობა
მე და გიორგი თანამშრომლები ვიყავით და ერთმანეთი კორპორატიულ წვეულებაზე გავიცანით.  დაახლოების სურვილი უფრო ადრეც ჰქონდა, თუმცა როდესაც გრძნობებში კარგად დარწმუნდა, მხოლოდ მაშინ გაუმხილა ჩვენს საერთო მეგობარს რომ ვუყვარდი. მეგობარს არ დაუმალავს გიორგის აღფრთოვანება ჩემდამი და ვერ დავმალავ, რომ მესიამოვნა ახალი ამბავი.

წვეულების განმავლობაში პერიოდულად მორცხვად ვაპარებდით თვალს ერთმანეთისკენ. ვგრძნობდი, რომ ძალიან იყო მოხიბლული და ამავდროულად დაბნეული. ჩვენმა მეგობარმა განმუხტა ჩვენი სიმორცხვე და ერთმანეთი ოფიციალურად გაგვაცნო.

მოვლენების განვითარება

 ის რომ ერთ კომპანიაში ვმუშაობდით გიორგის შანსებს აორმაგებდა. ყველა შესაძლებლობას იყენებდა ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად და წარმატებით გამოსდიოდა. სიყვარულში ჩემს დაბადების დღეზე გამომიტყდა.  გიორგის უყვარს სიურპრიზები.

ნიშნობა
ყოველთვის განსაკუთრებულად ვიხსენებ ნიშნობას. კოკისპირული წვიმა იყო და ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა "დახურულ" ივენთზე წასვლა მთაწმინდაზე. ამინდის მიზეზით გადაფიქრებას ვაპირებდი, მაგრამ გვიან გავაანალიზე ჩემი მეგობრის დაჟინება და დაჩქარება რომ არ დაგვეგვიანა უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე. მთაწმინდაზე ხომ უამრავი ადამიანი მელოდა.

წვიმდა და თან ძალიან ვაგვიანებდით.  ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ ჩემი გათხოვების ამბავი ტაქსის მძღოლისგან გავიგე. როდესაც მიმართულება ვუთხარით გვკითხა: " თქვენც იქ მიდიხართ ბიჭმა გოგოს ხელი რომ უნდა სთხოვოსო?! " აღმოჩნდა რომ ჩვენამდე ამ კითხვაზე სხვა მგზავრებს მოუყოლიათ. ეჭვგარეშე ვუპასუხე, რომ მე სხვაგან მივდიოდი. თურმე მე ვიყავი ის გოგო ბიჭს რომ უნდა დაენიშნა.

მთაწმინდის სკვერი მთლიანად ათვისებული ჰქონდათ ჩემსა და გიოს მეგობრებს. სათითაოდ ჩნდებოდნენ. ყვავილებს, ბუშტებს, ბედნიერ სახეებს და კეთილ სურვილებს მჩუქნიდნენ. გალუმპულები, დაღლილები მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ.

გვიან გავიგე როგორ ექტრემალურ პირობებში უხდებოდათ სამზადისი. უამრავჯერ აანთეს სეტყვისგან ჩამქვრალი 300 სანთელი და გაბერეს 500-მდე ბუშტი.

ვიოლინოზე ჩემი საყვარელი მელოდია უკრავდა და მე ვთქვი "კი".

საქორწილო სამზადისი
3-4 თვით ადრე დავიწყე წინასაქორწილო სამზადისი. მეგობრებთან ერთად შედგა "to-do list". ვერასდროს წარმოვიდგედი თუ ასეთი რთული იქნებოდა ვიზაჟისტის, სტილისტის, ფოტოგრაფის შერჩევა. რადგან ამ დღეს გინდა ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთონ შენთვის, რაზეც გიფიქრია და გიოცნებია.   

ქორწილი ბათუმში შედგა. სხვა ქალაქში ვერ წარმომედგინა ჩემი სიყვარულის ზეიმი. ამ დღესაც წვიმდა მაგრამ თბილოდა.  ქორწილის მეორე დღეს იტალიაში გავფრინდით. თვითმფრინავზე კინაღამ დავაგვიანეთ ქორწილის სამზადისით ისე ვიყავით გადაღლილები, მაგრამ ჩვენი რომაული არდადეგები კინოფილმივით ზღაპრულად შედგა.

რჩევები მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ ბოლო დღეებისთვის არ გადადონ მნიშვნელოვანი გადაყვეტილებების მიღება. სწორად შეარჩიონ ფოტოგრაფი, ვიდეო გადაღება, ვიზაჟი. ეს ის დეტალებია რომლებიც ყოველთვის ყველას ემახსოვრება და ყოველთვის განგიახლებს იმ დღის შთაბეჭდილებებს. ქორწილის დღე ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დღეა გოგონების ცხოვრებაში და ყველას ვუსურვებ ზუსტად ისეთი იყოს ეს დღე, როგორიც წარმოუდგენიათ.

ფოტოგრაფი
ლევან ქართველიშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე