"ქმარი საწოლიდან საერთოდ ვერ დგება, ვერც ლაპარაკობს. ოთხი წელია ეტლს ითხოვს ადამიანი..."- აკა სინჯიკაშვილი კურტანიძეების ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობაზე

15:30 03-22-2018
269

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი, ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში ყვარელის რაიონში, სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ოჯახის გაუსაძლის პირობებზე წერს.

როგორც სინჯიკაშვილი ამბობს, კურტანიძეების ოჯახი, რომელიც ამჟამად ოთხი წევრისგან შედგება, შიმშილის ზღვარზეა და წამლები და საკვები ესაჭიროებათ. 

"პრაიმტაიმი" სინჯიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ოჯახის წევრებს სხვადასხვა დაავადება აქვთ - 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრიდან მამაკაცი  საწოლში წევს ოთხი წელია, არ შეუძლია ლაპარაკი, მოძრაობა და ამდენივე ხანია, უშედეგოდ ელოდება დაპირებულ ეტლს გამგეობისგან. 

"ცოლ-ქმარს ჰყავს ქალიშვილი, რომელსაც 9 წლის ბიჭი ყავთ, თუმცა ისინი გონებრივად ჩამორჩენილები არიან. ქმარი საწოლიდან საერთოდ ვერ დგება, ვერც ლაპარაკობს. შვილი ჰყავდათ ბიჭი, რომელიც შედარებით ჯანმრთელი იყო ყველაზე და თავი მოიკლა. საშინელება ხდება. ეტლს ვიშოვით, წამლებს ვუყიდით, საჭმელს, რასაც შევძლებთ და ალბათ ხვალ ზეგ ჩავალთ", - ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

მისი თქმით, გაჭირვებული ოჯახის მდგომარეობის შესახებ თანასოფლელებისგან შეიტყო.

"ამ სოფელში 14 ოჯახი მყავს. მირეკავენ ხოლმე, როდესაც ახალს ნახავენ ვინმეს. დიდი სოფლებია. მამა-შვილი ცხოვრობს, რომლებსაც ვეხმარებით და მათ დამირეკეს. ჩავედით და ვნახეთ და ასეთი ამბავი დაგვხვდა. სოციალური აქვთ დანიშნული, მარტო მაგაზე არიან მთელი ოჯახი - 250 ლარზე. სამსახურშიც არავის მივყავართო. ქლმა გვითხრა, მინდორში მიჰყავდათ ხოლმე ჩემი გოგო - სამეურნეო საქმიანობაზე და მაგაზეც აღარ მიჰყავთო. ამ ქალსაც ეპილეფსია აქვს", - ამბობს სინჯიკაშვილი.

ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის იმედი აღარ აქვს, ამიტომ საკუთარი ძალებით და საზოგადოების დახმარების იმედით ეცდება კურტანიძეების ოჯახის პრობლემების მოგვარებას. 

"გამგეობიდან რა პასუხს უნდა დაველოდო?! ოთხი წელია ეტლს თხოვს ადამიანი, თან ეკუთვნის. ვიღაცებს რომ მისცეს, ამათ რატომ არ აძლევენ?! ამათზე საცოდავი და უბედური ვინ ნახეს?! იქნებ ვინმემ რამე გაუკეთოს. შარზე კი არ ვარ. ავყვირდები ხოლმე, მერე იძახიან - ძალით შვებაო. გაუკეთონ და ვინ რას იძახის. მხოლოდ ერთი ოჯახი კი არ არის ასეთ მდგომარეობაში, ძალიან ბევრია - ზოგს პროტეზი ეკუთვნის 10 წელია და არ აძლევენ, ზოგს სხვა რამ და არავის არაფერს უკეთებენ", - ამბობს სინჯიკაშვილი.

 

ოჯახის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - 

ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე