"ბრალს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მდებენ, ეს ბრალდებები კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეფუძნება - სარკოზი

12:04 03-22-2018
30

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს განუცხადა, რომ ბრალს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სდებენ და ბრალდებები უსაფუძვლოა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. 

„მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე. ეს ბრალდებები ეფუძნება კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 1,5%-ის სხვაობით წავაგე. კადაფის ოჯახისა და მისი გარემოცვის მიერ აგორებული საქმე მე ამ 1,5%-ად დამიჯდა“ - განუცხადა მოსამართლეებს ნიკოლა სარკოზიმ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ის ლიბიის სახელმწიფო ინტერესების გატარებას უწყობდა ხელს.

„როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე ხელი შევუწყვე ლიბიის სახელმწიფო ინტერესებს? გაერო-ში მე მოვიპოვე მანდატი ლიბიაზე ავიადარტყმების განსახორციელებლად. ჩემი პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კადაფის რეჟიმი კიდევ ხელისუფლებაში იქნებოდა“, - განუცხადა მოსამართლეს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებტ, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსირების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

20 მარტს სარკოზი სასამართლო მოსმენაზე მივიდა, სადაც  პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე ლიბიის ხელისუფლების მხრიდან სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო ფინანსირების საკითხი განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე