(exclusive) რატომ მონაწილეობს ლევან ვასაძის ლექსების კრებული კონკურსში „საბა“ - ორგანიზატორების განმარტება

17:55 03-16-2018
163

ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსების კრებული ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში "საბა" მონაწილეობს. ლექსები 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაშია წარდგენილი.

"პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რა პრინციპით არჩევენ ნომინანტებს. როგორც "საბა"-ს კონკურსის ორგანიზატორებმა "საბას" კონკურსში წიგნის მონაწილეობის პროცედურა განგვიმარტეს, საკონკურსო წიგნებს “საბა” არ არჩევს. “საბას” კონკურსზე წიგნების წარდგენა ხდება გამომცემლების და ავტორების მიერ.

"ყველა ავტორს და გამომცემელს შეუძლია წიგნის წარდგენა, თუკი ეს წიგნი შეესაბამება კონკურსის რომელიმე ნომინაციას და “საბა” ვალდებულია მიიღოს განხილვაზე ყველა ასეთი წიგნი. ასე ყალიბდება საკონკურსო სია, რომელიც რეალურად არის მთლიანად გარედან შემოტანილი საკონკურსო წიგნების ჩამონათვალი. ამჟამად "საბას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სწორედ ასეთი სრული სია და აქ არის ყველა წიგნი, რომელიც ასობით ავტორმა და გამომცემლებმა წარმოადგინეს.

ამის შემდეგ ჟიურის მიეწოდება ყველა ეს საკონკურსო წიგნი და დაახლოებით 5 თვის მუშაობის შემდეგ (ივლისის თვეში) ჟიური დადებს თავის შეფასებას, როდესაც 300-ზე მეტი საკონკურსო წიგნიდან შეირჩევა საუკეთესოები - ანუ დასახელდება ნომინანტები. საშუალოდ 50 ნომინანტი გადადის ხოლმე კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ხოლო პრემიის გამარჯვებულები სახელდება უკვე სწორედ ამ ნომინანტებისგან, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.

წლევანდელი კონკურსის სრული სია (ანუ რაც გარედან შემოვიდა განაცხადების სახით) ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა, ხოლო ნომინანტები დასახელდება სავარაუდოდ ივლისში და ეს უკვე იქნება ჟიურის მიერ შედგენილი ე.წ. შორტ ლისტი", - აცხადებენ ორგანიზატორები. 

რაც შეეხება კონკრეტულად ლევან ვასაძის წიგნის კრებულის ნომინირებას, ორგანიზატორებს კონკრეტულად წიგნთან დაკავშირებით კომენტარი არასწორად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძის კრებული „ლექსები“ 2017 წლის ბოლოს გამოვიდა. კრებული გამომცემლობა „ექსპრესს ბუქსმა“ დაბეჭდა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის მიზანი გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.

გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცემათ. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია.

ავტორი: ლილუ მიროტაძე