ბრძოლა წავკისის მიწებისთვის - "რეალურად საქმე გვაქვს სერიოზული თაღლითური სქემით ფულის გამოძალვასთან"

15:20 03-12-2018
433

მირიან ბოქოლიშვილი

ვინ არის ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი წავკისელ ფეოდალად მოიხსენიებს? როგორ აღმოჩნდა მის ხელში ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მათ შორის ტყის მასივი? რას პასუხობს ბრალდებებს თავად ბიზნესმენი, რომელიც კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა ლელუაშვილის და მისი ახლო მეგობრის, ყოფილი დეპუტატის თემურ ფეიქრიშვილის ინტერესებზე საუბრობს? ბრძოლა წავკისის მიწებისთვის და ორი საპირისპირო ვერსია... ვინ, როდის და როგორ დაისაკუთრა წავკისში ასეულობით ჰექტარი და ტყის მასივები? „პრაიმტაიმმა“ დაპირისპირებულ მხარეებს მოუსმინა და გადაწყვიტა, მკითხველისთვის ორივე პოზიცია გაეცნო, დასკვნები კი მკითხველმა თავად გამოიტანოს... 

მოქალაქე გურამ ჯაფიაშვილი წავკისში ამჟამად რამდენიმე მიწის ნაკვეთის მფლობელია, თუმცა ორი მთავარი ნაკვეთი „ბიოლის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის შუაგულშია მოქცეული, შესაბამისად, ჯაფიაშვილს საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად „ბიოლის“ კუთვნილი ტერიტორიით სარგებლობა უწევს. ამბობს, რომ თავის დროზე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ მჭედლიძემ იმდროინდელი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაათმობინა, ახლა კი, როდესაც ის დარჩენილ მიწის ნაკვეთებს არ თმობს, მისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას შეგნებულად უზღუდავენ და ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ ეძლევა. ყოველ შემთხვევაში ასე ყვება ჩვენი რესპონდენტი. სანამ მის ნაამბობს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ „ბიოლის“ გამაჯანსაღებელ კომპლექსს შპს „მედჯგუფ საქართველო“ ფლობს, რომელიც ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძის საკუთრებაა. მჭედლიძე წავკისში მიწის ნაკვეთების შეძენით ჯერ კიდევ 2005 წელს დაინტერესდა. გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნისა და ინვესტიციის განხორციელების მიზნით მან არაერთი ადგილობრივის მიწის ნაკვეთი შეისყიდა, 2012 წლის მარტში კი პრეზიდენტის განკარგულებით წავკისსა და ტაბახმელაში პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწებიც გადასცეს, მათ შორის ტყის მასივი, რაშიც მჭედლიძემ 1 მილიონ 150 ათასი ლარი გადაიხადა. 

გურამ ჯაფიაშვილი:

– პრობლემები დაიწყო ჯერ კიდევ 2007 წელს. სწორედ ამ დროს დაადგეს თვალი ჩვენს კუთვნილ მიწებს. გვთხოვდნენ გაგვეყიდა ეს ნაკვეთები, თუმცა უარი მიიღეს. ამის შემდეგ დაიწყეს კარგად შემუშავებული სქემით მოქმედება. 2011 წელს მუქარისა და შანტაჟის გზით იძულებით მოგვაწერინეს ხელი ერთი ნაკვეთის დათმობაზე მიზერულ ფასად. „ბიოლის“  მფლობელი გახლავთ თამაზ მჭედლიძე. ზეწოლას ძირითადად ახდენდა კომპანიის მაშინდელი დირექტორი მირიან ამირანაშვილი, რომელიც გახლდათ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის კლასელი და ახლო მეგობარი. სწორედ ხეთაგურის გავლით საქმეში ჩართეს მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. მათი სახელით მიდიოდა ჩემზე გაუსაძლისი ზეწოლა, რომ როგორმე ხელში ჩაეგდოთ ჩემი მიწები. 

– რაში გამოიხატებოდა ეს ზეწოლა?

– მუბნებოდნენ, რომ შემექმნებოდა პრობლემები არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც. საკუთარი სახლიც კი სანატრელი გაგიხდებაო. ეს ხალხი დაკავშირებულნი იყვნენ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან და ამ გზით დამათმობინეს ერთი მიწის ნაკვეთი. ვიფიქრე, იქნებ თავი დამანებონ-თქო, მაგრამ სულ ტყუილად. ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემები შემიქმნეს. 

– სანამ ამ პრობლემებზე ისაუბრებთ, მანამდე იქნებ დააკონკრეტოთ, ის ერთი მიწის ნაკვეთი რა ფასად დათმეთ და რა იყო რეალური ღირებულება?

– 35 ათას დოლარად შემიფასეს, როცა 75 ათასი მქონდა მიცემული მე. ამ 35 ათასის ღირებულების სხვა მიწის ნაკვეთი მომცეს, ხრიოკ ადგილას, მაგრამ დავთანხმდი იმის გამო, რომ იქნებ ასე მაინც გამანებონ თავი-თქო. იმ ადგილებში დაახლოებით სამი ათასი ძირი ხე მოჭრეს და ისე გაიყვანეს გზა. ამის მერე სასამართლოში 100 ათას დოლარს მედავებოდა, რომ თითქოს მე გავხადე იძულებული, გზა გაეჭრა, რადგან უარი ვუთხარი სხვა ნაკვეთების დათმობაზე. ამბობდა, რომ ამის გამო ვერ ახორციელებდა საინვესტიციო პროექტს.

– თუმცა არსებობს შეთანხმება, რომელზეც თქვენ აწერთ ხელს და რითიც თანხმობას აცხადებთ, რომ ამ ნაკვეთებს მჭედლიძის სასარგებლოდ დათმობდით... 

– დიახ, ხელი მომაწერინეს წინარე შეთანხმებას, როდესაც მიიღებდა მერიიდან თანხმობას სახელმწიფო მიწების გადაცემაზე, მერე უნდა მომხდარიყო ჩვენი ნაკვეთების გაცვლაც. ამ შეთანხმებაზე ხელი იძულებით მომაწერინეს, მაგრამ მას არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა და ეს დაადასტურა კიდეც უზენაესმა სასამართლომ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს შეთანხმება გაფორმებულია იძულებით და არანაირ მიწის გადაცვლას არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ახლაც. 

– და ახლა რა პრობლემა გაქვთ?

– სამართლებრივად არაფერი გამოუვიდა და ახლა მიდის შეგნებულ პროვოკაციაზე. დაიწყო გზების შეკვეცა და რასაც ჰქვია ე.წ. მცოცავი ოკუპაცია. როგორც კი შევალ ჩემს ნაკვეთში, მოდის პროვოკაციაზე, მაყენებს შეურაცხყოფას... მერე მიდის და იქით მიჩივის პროკურატურაში ხან თაღლითობის, ხან ხულიგნობის მუხლით. ასეთ მეთოდებს იყენებს, რომ როგორმე დამათმობინოს ნაკვეთი, რომელიც ამჟამად მის მიერ შესყიდული მიწების შუაგულშია მოქცეული. მე არ მეძლევა ჩემს საკუთრებაში თავისუფლად შესვლის საშუალება. ყველა გზა გადაკეტილია და ერთადერთი ვერტმფრენით თუ მოხვდები ჩემს საკუთრებაში. ექვსმილიონიანი შვეულმფრენი ჰყავს, თუ მათხოვებს, შევფრინდები და გამოვფრინდები. სხვა ყველანაირი გზა მოჭრილი გვაქვს. მივმართავთ მერიას, რომ მოგვეცეს გზით სარგებლობის უფლება. ზედამხედველობის სამსახურში შეტანილი გვაქვს განცხადება და იმედია, მოაგვარებენ ამ პრობლემას.  

„პრაიმტაიმი“ ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძესაც დაუკავშირდა და როგორც უკვე გითხარით, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ  ჯაფიაშვილისა და სხვა რამდენიმე პირის უკან რეალურად ყოფილი მაღალჩინოსნები თემურ ფეიქრიშვილი და ვაჟა ლელუაშვილი დგანან. მჭედლიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ გურამ ჯაფიაშვილს მის კუთვნილ ტერიტორიაზე არ უშვებენ. 

– ბატონო თამაზ, გურამ ჯაფიაშვილი ამბობს, რომ მას არ ეძლევა საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება... რატომ?

– ეს არის აბსოლუტური სიცრუე. რეალურად საქმე გვაქვს სერიოზული თაღლითური სქემით ფულის გამოძალვასთან. 2005 წლიდან 2011 წლამდე წავკისში მქონდა ნაყიდი სხვადასხვა კერძო ნაკვეთები. 2011 წელს ჩემი კომპანიის დირექტორს, მირიან ამირანაშვილს ვთხოვე, ენახა სხვა მიწის მესაკუთრეები, დალაპარაკებოდა მათ, ვინაიდან ვაპირებდი ამ მიწების გაერთიანებას და შემდეგ ხელისუფლებაში საინვესტიციო პროექტის წარდგენას. საუბარია სამედიცინო კურორტის შექმნაზე. მირიან ამირანაშვილმა მართლაც მიმართა ამ მესაკუთრეებს, იყო ნაკვეთების გადაცვლაზე შეთავაზება და თითოეულ ნაკვეთზე 2000 დოლარის დამატება, მაგრამ კომუნიკაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს ადამიანები არ იყვნენ ამ მიწების მფლობელები. ისინი ამბობდნენ, რომ კი, ჩვენზეა გაფორმებული, მაგრამ  მფლობელები არიან სხვებიო. 

– ვინ სხვები?

– გაირკვა, რომ ამ ნაკვეთების, ისევე როგორც წავკისში სხვა დიდი რაოდენობით მიწების განმკარგავი იყო ორი ადამიანი – ყოფილი დეპუტატი თემურ ფეიქრიშვილი და მისი მეგობარი ვაჟა ლელუაშვილი (კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი). შესაბამისად, ამირანაშვილმა მიმართა მათ. ესაუბრა თემურ ფეიქრიშვილს, აუხსნა სიტუაცია, რომ არსებობს ინვესტორი, რომელსაც დაგეგმილი აქვს სერიოზული პროექტის განხორციელება და თუ იქნებოდა თანახმა მიწების გამოსყიდვაზე. ფეიქრიშვილმა გვითხრა, რომ კვ.მ-ს 20 დოლარზე ნაკლებად არ დათმობდა, რაც არარეალური ფასი იყო. მოკლედ, უარი ვუთხარით, მაგრამ ამის შემდეგ უკვე თავად მათგან წამოვიდა ინიციატივა, რომ თანხმობას ამბობდნენ ჩვენს შეთავაზებაზე. ამ ნაკვეთებში იყო მოქცეული გურამ ჯაფიაშვილზე მიწერილი მიწის ნაკვეთიც. თემურ ფეიქრიშვილი გახლავთ ჯაფიაშვილის მძახალი და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას იღებდა თემური. საქმეში ჩართული იყო ლელუაშვილიც.

– წინარე შეთანხმებაში რა პირობები იდო?

– ამ შეთანხმებით, ჯაფიაშვილზე მიწერილი ერთი ნაკვეთი მართლაც გადაგვიცვალეს. შევთანხმდით, რომ საინვესტიციო პროექტის დამტკიცების შემდეგ დანარჩენ ნაკვეთებზეც იგივე შეთანხმება გავრცელდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე მაქვს მაფიოზთა მთელ ჯგუფთან ვაჟა ლელუაშვილის, თემურ ფეიქრიშვილის, გურამ ჯაფიაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის შემადგენლობით, რომლებმაც შემომიტყუეს ამ ტერიტორიაზე, გავაკეთეთ შეთანხმება მიწების გადაცვლაზე, მივმართე ხელისუფლებას საინვესტიციო წინადადებით, ჩავდე რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია სწორედ ჩვენ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. ეს შეთანხმება რომ არა, შემეძლო, პროექტი სხვაგვარად გამეკეთებინა და მათ ნაკვეთებთან არანაირი შეხება არ მექნებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ამ მაფიამ გამოაცხადა, რომ შეთანხმება არ აინტერესებთ და კომპლექსის შუაგულში მოქცეულ ნაკვეთს არ დათმობენ, თუ ნახევარ მილიონს არ გადავუხდი... ყველამ იცის, თავად მათ ხელში როგორ აღმოჩნდა ეს მიწები. გამგებლები იყვნენ 90-იან წლებში და აწერდნენ ნაკვეთებს, ვისაც უნდოდათ. 

– თავად გურამ ჯაფიაშვილი ირწმუნება, რომ შეთანხმება, ისევე როგორც ერთი მიწის ნაკვეთის დათმობა, იძულების წესით მოხდა...

– სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს შეთანხმება არანაირი ძალადობის გზით არ გაფორმებულა. თემურ ფეიქრიშვილმა მოიყვანა ეს მეპატრონეები. მიიყვანა ნოტარიუსთან და მოაწერეს ხელი წინარე შეთანხმებას. ამ შეთანხმებით მივედით მთავრობასთან, წარვადგინეთ საინვესტიციო პროექტი და ვთხოვე, გამოეყოთ რაღაც ტყის მასივი. შევკარით საინვესტიციო პროექტი, რომლის თანახმადაც 2014 წლის ბოლომდე უნდა დამესრულებინა ინვესტიცია, 3,5 მილიონი უნდა ჩამედო ამ პროექტში. 

– თუმცა იგივე სასამართლომ ჯაფიაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ წინარე შეთანხმებას იურიდიული ძალა არ გააჩნია...

– ისინი მათ სასარგებლოს ეძახიან ამ გადაწყვეტილებას, რეალურად კი ამ შემთხვევაშიც თაღლითობენ. სასამართლო მთხოვდა კონკრეტულ საბუთს, რომელიც მე აღარ წარვადგინე რადგან კიდევ ერთხელ წამოვეგე მათ ანკესს. მანამდე ამბობდნენ, რომ, თუ კვადრატულში განუზომლად დიდ თანხას, 50 დოლარს არ გადავუხდიდი, აქ არ გამაჩერებდნენ, ოთხ სოფელს აგიჯანყებთო. ამ საუბარს ფეიქრიშვილთან ერთად გურამ ჯაფიაშვილიც ესწრებოდა. წავედი სასამართლოში და დავიწყე დავა იმის გამო, რომ წინარე ხელშეკრულებას არ ასრულებდნენ. როდესაც ნახეს, რომ პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდა და შანტაჟი არ გაუვიდათ, მოვიდნენ და მითხრეს, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოვგვარდეთო. ფეიქრიშვილმა და ლელუაშვილმა ყველაფერი ამ ჯაფიაშვილს გადააბრალეს და კვლავ მორიგება შემომთავაზეს, კაცურად მოვგვარდეთ და სასამართლო შეწყვიტეო. მე შევცდი და დაწყებულ სასამართლო პროცესზე აღარ წარვადგინე მტკიცებულების სახით კონკრეტული საბუთი, რამაც განაპირობა მათი სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მივქარე და ვაღიარებ, რომ ამ თაღლითებს კიდევ ერთხელ ვენდე.  

– თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მფლობელი გახლავთ გურამ ჯაფიაშვილი... რატომ ეზღუდება მას საკუთრებით სარგებლობის უფლება?

– შეგიძლიათ დაცვას ჰკითხოთ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ეგ ადამიანი ტერიტორიაზე არ დაეშვათ. ასეთი რამ არ მომხდარა. სპეციალურად ძროხებს შემოყრის ხოლმე ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ აქ უცხოელ სტუმრებს ვმასპინძლობთ და შეგნებულად ტეხს დებოშს. იგინება და გვაყენებს შეურაცხყოფას. ამის გამო პატრულმა სამართალდამრღვევადაც ცნო და ეს ოქმიც შეგიძლიათ, ნახოთ. მეტსაც გეტყვით, აქ, ჩვენს ტერიტორიაზე, ანონიმური წერილი დატოვეს, სადაც წერია – თუ გინდა კეთილდღეობა და თუ გინდა გადარჩენა, წავკისის ნანგრევებში 300 ათასი ლარი დატოვეო. ეს წერილი პოლიციას გადავეცი და იმედია, დაადგენენ, ვინ არის ავტორი და კონკრეტულად ვინ ცდილობდა ჩემთვის ამ ფორმით ფულის გამოძალვას. მე პირადად, ამ მაფიის გარდა, სხვასთან პრობლემა არ მქონია. ეს წერილი ხეზე იყო ჩამოკიდებული წითელი პაკეტით და წარწერით – თამაზ მჭედლიძეს. 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჯაფიაშვილები თემურ ფეიქრიშვილთან და ვაჟა ლელუაშვილთან ახლობლობას არ უარყოფენ, თუმცა მათივე მტკიცებით, გურამ ჯაფიაშვილის კუთვნილ მიწებთან არცერთ მათგანს კავშირი არ ჰქონია. 

„თამაზ მჭედლიძე ურცხვად ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს მიწები გურამ ჯაფიაშვილის საკუთრებაა 1994 წლიდან და არანაირი შეხება თემურ ფეიქრიშვილს, ან ვაჟა ლელუაშვილს არ ჰქონიათ. ჩვენ არ ვყიდით ამ მიწას, მით უმეტეს პრინციპულად არ მივყიდით თამაზ მჭედლიძეს. გაგვანებოს თავი და მოგვცეს ჩვენი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა“, – განგვიმარტეს ჯაფიაშვილებმა.