მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

"დაგვაყაჩაღა... ჩემი დედამთილი სცემა, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რას ყვება გოგი ხატოევის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე? (ექსკლუზივი)

13:39 03-12-2018
3446

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტატიშვილის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. 

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი 42 წლის ვარლამ წივწივაძეა, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგენეს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა", - განაცხადეს შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ შურისძიების მოტივი 2007 წელს მომხდარი ფაქტი გახდა, როდესაც გოგი ხატოევმა წივწივაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. შემთხვევა თემქის მე-3 მიკრორიონის მე-5 კვარტალში მოხდა. ბრალდებულის ახლობლების გადმოცემით, მაშინ გოგი ხატოევი წივწივაძის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის სცემა ვარლამ წივწივაძის დედა, რომელიც მოგვიანებით, ნერვიულობის ნიადგზე გაჟონვით გარდაიცვალა. 

ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ვარლამ წივწივაძემ ხატოევზე შურისძიება რამდენჯერმე სცადა და მისი სახლის დაწვასაც კი შეეცადა.  

"პრაიმტაიმთან" საუბრისას ბრალდებულის მეუღლე მალვინა წივწივაძე ადასტურებს, რომ 2007 წელს გოგი ხატოევმა მისი ოჯახი ნამდვილად დააყაჩაღა, რასაც მისი დედამთილის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა იქვე ამბობს, რომ მის მეუღლეს დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. 

მალვინა წივწივაძე, ბრალდებულის მეუღლე:

- ჩემს მეუღლეს არანაირი მკვლელობა არ ჩაუდენია. ის დანაშაულს არ აღიარებს. 

- მართალია, რომ 2007 წელს აწ გარდაცვლილმა გოგი ხატოევმა თქვენი ოჯახი დააყაჩაღა?

- დიახ, ნამდვილად დაგვაყაჩაღა მაგ პიროვნებამ და დღემდე გამოუძიებელი იყო ეს საქმე. ქუჩაში დადიოდა ჩვეულებრივ. 

- თქვენი დედამთილის გარდაცვალების მიზეზი ეს ფაქტი გახდა?

- დიახ. ნაცემი იყო, ორი თვის შემდეგ ნერვიულობის ფონზე გაჟონვა დაემართა და გარდაიცვალა.