რატომ გახდა აუცილებელი თბილისის ბიბლიოთეკების გაუქმება

13:28 03-12-2018
74

ეკა პატარაია 

ორი, სამი კვირის წინ სხვადასხვა ტელეარხების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში არსებული ბიბლიოთეკების დახურვაზე, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამას ბუნებრივი მღელვარება და პროტესტი მოჰყვა თავად ბიბლიოთეკების თანამშრომელთა მხრიდან. მათი ინფორმაციით, მერია ქალაქში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 10-ის დატოვებას და ისედაც მიზერულ ხელფასზე მყოფი თანამშრომლების გაშვებას გეგმავს. თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს შეხვდა, განმარტა ბიბლიოთეკებთან დაკავშირებული საკითხები და მეორე მხარის აზრიც მოისმინა. შეხვედრაზე თბილისის მერიის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ იგეგმება ბიბლიოთეკების არა დახურვა, არამედ მათი მოდერნიზება. საუბარი იყო ძირითადად თბილისში არსებული ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობასა და სხვა შიდა პრობლემებზე. ხუნწარიას თქმით, მერიაში  დაფუძნებული ახალი აიპი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული, მაღალი სტანდარტის ბიბლიოთეკები, დაახლოებით სალონური ტიპის სამკითხველოები შეიქმნება. ყოველივე ეს სასიამოვნო გარემოს შექმნის როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მკითხველისთვის. აქვე ნათქვამი იყო ბიბლიოთეკარების მოკლევადიან  გადამზადებაზე, ტესტირებაზე, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს მათ მომავალს, სამუშაო ადგილებზე დარჩენა-არდარჩენას. ყოველივე, რასაც თბილისის მერია გეგმავს ბიბლიოთეკებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელი და მისაღებია, თუმცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სრული განუკითხაობა, ქაოსური ვითარებაა შექმნილი და უამრავ კითხვაზე პასუხი ჯერაც გაუცემელია, აქაც აინტერესებს, რეალურად რომელი მიზეზი გახდა თბილისის მერიის ბიბლიოთეკების თემით დაინტერესება –  ინფრასტრუქტურა, კადრების არაკვალიფიციურობა და მათი გადამზადება-ტესტირების საჭიროება, მკითხველთა კლება, უსახური შენობების მითვისება თუ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაგრამ მერიის დაფინანსებაზე მყოფი ბიბლიოთეკების ხარჯზე ბიუჯეტის შემცირება და თანხის სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე გახარჯვა? თემასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილეს სოფო ხუნწარიასა და რამდენიმე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.  

სოფო ხუნწარია: 

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბიბლიოთეკების დახურვა არ მოხდება. ჩვენ საბიბლიოთეკო რეფორმას ვახორციელებთ იმისთვის, რომ ქალაქს დავუბრუნოთ მოდერნიზებული  ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდით შევსებული, მრავალფუნქციური, მრავალფეროვანი სერვისით. საჭიროება იმ მდგომარეობამ დააყენა, რაც ახლაა. ეს არის ფორმალობა. დღეს თბილისის ბიბლიოთეკები არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი, რომელსაც მრავალი წელია აფინანსებს თბილისის მუნიციპალიტეტი. ამიტომ, ბუნებრივია, ეს სამართლებრივი ფორმაც უნდა გასწორდეს. თბილისის 30 ბიბლიოთეკაში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გვაქვს. ამ ფორმით ბიბლიოთეკების არსებობა არის სირცხვილი, დაბალი ხელფასები და ა.შ. რაც შეეხება ტესტირებას. პირადად ორჯერ შევხვდი ჩვენს ბიბლიოთეკარებს, ყველა ფილიალის ხელმძღვანელს და ძალიან დეტალურად განვუმარტე, რას გულისხმობს საბიბლიოთეკო რეფორმა, რისთვისაა საჭირო ჯერ გადამზადება და შემდეგ ტესტირება. უმრავლესობა დადებითად შეხვდა ამ ფაქტს. ახლა, რაც შეეხება ფართების ინტერესს. პირდაპირ ორ ფაქტს მოგიყვანთ. პირველი – დადიანის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკით ორი ინვესტორია დაინტერესებული და ის არ იყიდება, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბიბლიოთეკად გაკეთდება და მეორე – ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლება კომერციულად ყველაზე საინტერესო შენობა იყოს, თუმცა არც ის იყიდება. ისევ ბიბლიოთეკა იარსებებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორ და ტოვსტონოგოვის ქუჩაზე არსებულ ბიბლიოთეკებზე შემიძლია გესაუბროთ. დანარჩენი, რომელი და რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება, დაახლოებით ორ თვეში გვეცოდინება, რადგან კვლევას ველოდებით, რაც 10 რაიონში ჩატარდება და მოსახლეობის სურვილის მიხედვით დავიწყებთ მოქმედებას. ყველა რაიონს ექნება ბიბლიოთეკა. გარკვეულ ტერიტორიებზე წელს აშენებაც კი იგეგმება. ახალგაზრდულ ცენტრებში  საბიბლიოთეკო სივრცეები გაჩნდება. მოდერნიზებული ბიბლიოთეკის პროექტი ჯერ არ არის შექმნილი, თითოეულ შენობაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი, თუმცა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ის უნდა იყოს მრავალ ფუნქციური, შიგნით სხვადასხვა სივრცეებით გაჯერებული, თითოეულს ძალიან ბევრი სერვისი დაემატება, ანუ სივრცითი გადანაწილება სერვისების მიხედვით მოხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამკითხველო დარბაზით არ უნდა შემოიფარგლებოდეს ბიბლიოთეკა. იქ მინიკაფეები გაჩნდება, გამოყოფილი იქნება საბავშვო ადგილი და ა.შ. თუმცა ყველა ბიბლიოთეკა ინდივიდუალურად იქნება განხილული. ახალ ბიბლიოთეკებს მთლიანად ახალი ვიზუალი ექნება. სერვისებზე ორიენტირებული, მულტიმედიური  ბიბლიოთეკები გარანტიაა  მკითხველთა მოზიდვის, ახალგაზრდების ბიბლიოთეკაში დაბრუნებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდის“. 

***

ცნობისთვის, გეტყვით, რომ ტოვსტონოგოვის ქუჩაზე მდებარე „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“, რომელიც ჩვენთან საუბარში თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ ახსენა (21-ე ფილიალი)  ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც 1909 წელს ცნობილი ქართველი მეცენატების ძმები სტეფანე, ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების ძალისხმევით დაარსდა. თავდაპირველად ბიბლიოთეკა მდებარეობდა ამჟამინდელი კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყარო იყო ქალაქის მხრიდან სახელმწიფო ფულადი დახმარება, ბიბლიოთეკით სარგებლობის გადასახადი, წიგნის დაგვიანებით დაბრუნებისთვის აკრეფილი ჯარიმა და შემოწირულობანი. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მუდმივად ზრუნავდა ბიბლიოთეკის ფონდის გამდიდრებაზე და სისტემატურად ამარაგებდა მას ახალი წიგნებით. 1909 წელს ბიბლიოთეკის ფონდში 3.438 წიგნი ირიცხებოდა. 1928 წელს წიგნადი ფონდი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა ბიბლიოთეკის გაფართოება. ის განთავსდა აღმაშენებლის გამზირსა და შეროზიას ქუჩაზე.  ბიბლიოთეკის სტრუქტურა მუდმივად ვითარდებოდა. დაარსდა აბონემენტის, სამკითხველო დარბაზის, საბავშვო, დაკომპლექტების, დამუშავების, საცნობო-ბიბლიოგრაფიული, თბილისმცოდნეობის, ხელოვნებისა და მეთოდური განყოფილებები. 20-იან წლებში ბიბლიოთეკას მიენიჭა რევოლუციონერ პროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძის სახელი და გახდა ალ. ჯაფარიძის სახელობის თბილისის საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა №1. 1933 წლიდან ის გარდაიქმნა თბილისის მასობრივ სანიმუშო-საჩვენებელ ბიბლიოთეკად, ხოლო 1944 წლიდან ეწოდა თბილისის ალ. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 1980 წლიდან ბიბლიოთეკა იქცა ქალაქის ცენტრალურ დაწესებულებად და თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის 60 ბიბლიოთეკა მას დაექვემდებარა. ამან გამოიწვია ბიბლიოთეკის ფუნქციებისა და მოვალეობების გაზრდა.

1994 წლის მაისში მწერალთა ერთი ჯგუფის წინადადებით ბიბლიოთეკას მიხეილ ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. 2006 წლის 9 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის №673 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“, რომლის საფუძველზეც ბიბლიოთეკას ეწოდა ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. 2007 წელს მთავარ ბიბლიოთეკას ფილიალების სტატუსით დაექვემდებარა ლადო ასათიანის სახელობის თბილისის საბავშვო ბიბლიოთეკა და მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. 2008 წელს მერიის მხარდაჭერით თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა განთავსდა გ.ტოვსტონოგოვის ქუჩაზე და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა პერიოდულად გამოსცემდა ბიბლიოგრაფიულ სიებს, მეთოდურ ლიტერატურას, ატარებდა სემინარებსა და მასობრივ ღონისძიებებს. ამჟამად ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გაერთიანებაში შედის ქალაქის 35 და დიღმის, კოჯრის, წავკისის, დიდი ლილოსა და სოფელ ფონიჭალის ბიბლიოთეკები. 

(რესპოდენტმა სახელის დასახელება არ ისურვა):

„მოვისმინე ქალბატონ სოფო ხუნწარიას გამოსვლა, სადაც მან გვაცნობა, რომ უნდა ჩავაბაროთ გამოცდები,  კულტურის სამინისტროს ვეკუთვნით და ხელფასს გვიხდის მერია, რომ მთლიანად ბიბლიოთეკები და თანამშრომლები მერიის კმაყოფაზე ვიმყოფებით და არანაირ შემოსავალს არ ვაძლევთ. მერიის წარმომადგენლებს ძირეულად არ შეუსწავლიათ ბიბლიოთეკების მდგომარეობა. ქალბატონი ხუნწარია კი აცხადებს, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 სავალალო მდგომარეობაშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. პირადად მე ვიყავი პირველი, როცა მაცნობეს, რომ ბიბლიოთეკას უნდა შეეცვალა ადგილმდებარეობა: ორთაჭალიდან უნდა გადავიდეთ ზემო ფონიჭალაში, როცა ამ რაიონში თავისუფლების მოედნიდან „გიგანტამდე“, ამ ბიბლიოთეკის გარდა, არანაირი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობს; ეს ერთადერთი ნათელი წერტილია ბანკებს, აფთიაქებსა და მაღაზიას შორის, რომელიც ემსახურება ხუთ საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების დროსაც იყო მცდელობა ამ შენობის წაღების, ჩვენი და მკითხველების ძალისხმევით მოხდა ბიბლიოთეკის შენარჩუნება. თუ ჩვენ ამ შენობას დაგვატოვებინებენ, აქ განთავსდება გამგეობის კანცელარია; ისინი არიან დაინტერესებული ამ შენობით, მაგრამ მკითხველები სასტიკი წინააღმდეგნი არიან ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობის შეცვლისა, რადგან ფონიჭალა მოუხერხებელი მისადგომია ორთაჭალელებისათვის. ამის გამო მკითხველებმა ორ დღეში შეაგროვეს 500 ხელმოწერა, რომელიც გაგზავნილი იქნა მერიაში კახა კალაძის სახელზე და ეკონომიკის სამინისტროში. ჩვენი და მკითხველების აზრით, ბიბლიოთეკები კი არ უნდა დახურონ, არამედ უნდა გაარემონტონ, განავითარონ ინფრასტრუქტურა, შექმნან თანამედროვე პირობები მკითხველებისთვის და თანამშრომლებისთვისაც (ცნობისთვის, ჩვენი ხელფასი 200-დან 300 ლარამდეა). კარგია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ, მერწმუნეთ, წიგნს ვერაფერი შეცვლის. ალბათ, გემახსოვრებათ პატრიარქის მოწოდება: „თქვენი პირველი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზორი, ინტერნეტი, არამედ წიგნები უნდა იკითხოთ და ისინი მოგცემენ უნარს, რომ გაარჩიოთ, სად არის კეთილი და ბოროტი“. ბიბლიოთეკა წლიურად ემსახურება 1500-დან 2000-მდე მკითხველს, დღიურად: 20-დან 40-მდე. ძირითადი მოთხოვნაა თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე, კლასიკოსებზე და სხვადასხვა დარგობრივ ლიტერატურაზე. მერია თუ ისე ჩაატარებს ამ ტესტირებას, დაგვირიგდება საკითხები, მოგვეცემა დრო წლის ბოლომდე და ჩატარდება შიდა (და არა ღია ტესტირება, როგორც მათ სურთ), ამ შემთხვევაში ჩვენ სამსახურის შენარჩუნების მეტი შანსი გვექნება. ამჟამად საბიბლიოთეკო დარგის სპეციალისტები ქსელში ძალიან ცოტანი არიან შემორჩენილნი; არც ინსტიტუტი, არც საშუალო სპეციალური სასწავლებელი აღარ არსებობს და, ასევე, წლების განმავლობაში არანაირი სემინარები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არ გაგვივლია“. 

ირინა კენჭაძე, თბილისის მე-19 ბიბლიოთეკა: 

„ამ შეხვედრაზე იყო მხოლოდ ზოგადი, ჩვენთვის გაურკვეველი საუბარი. ერთადერთი, რაც მკაფიოდ გამოიხატა სოფო ხუნწარიას მხრიდან, იყო ის, რომ ფართები არის საშინელ მდგომარეობაში, ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს და მეორე, რომ თანამშრომლები გაივლიან ერთთვიან ტრენინგებს და შემდეგ გამოცდებს ჩააბარებენ საგამოცდო ეროვნულ ცენტრში, მაგრამ არ იყო განმარტებული, რომელი ორგანიზაცია ჩაატარებდა ტრენინგებს. ამან გამოიწვია იქ დამსწრეთა უკმაყოფილება და სვამდნენ კითხვებს. გვაინტერესებდა, ასევე,  ტესტირებაზე რა საკითხები იქნებოდა, ხომ არ იქნებოდა უნარ-ჩვევები, უცხო ენა, კანონები და ა.შ. უკვე ამ გაურკვევლობაში ხელფასებზეც ჩამოვარდა ლაპარაკი ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან. რა თქმა უნდა, კონკრეტული პასუხი ამაზეც ვერავინ მიიღო. მხოლოდ დამამშვიდებელი განცხადებები გაკეთდა ქალბატონი სოფოს მხრიდან, რომ ტესტირება რთული არ იქნებოდა და ამ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, მით უმეტეს რომ ისინი სპეციალისტები არიან. მე პირადად დავსვი კონკრეტული კითხვა, რჩებოდა თუ არა ბიბლიოთეკა ფალიაშვილის ქუჩაზე. მიპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ არ იყო გარკვეული. ამ სიტუაციამ თავიდანვე გააჩინა გონივრული ეჭვები, რომ აქ აქცენტი იყო არა საბიბლიოთეკო მუშაობაზე, არამედ ფართებით დაინტერესებაზე. 36 ბიბლიოთეკა ნამდვილად არ არის ბევრი იმ ქვეყნის დედაქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 1500 000-ია.  შეგიძლიათ, გადახედოთ იუნესკოს რეკომენდაციებს. ძალიან კარგად არის გაწერილი ეს სტანდარტი. ბიბლიოთეკები შეიძლება ვიღაც კონკრეტული პიროვნებისთვის იყო უსარგებლო, მაგრამ იმ ადამიანებისთვის და მომხმარებლისთვის ვინც დადიოდა, დადის და ივლის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის,  ნამდვილად არ არის უსარგებლო. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება ბიბლიოთეკების ხარჯზე კი ძალიან სასაცილოა. ამას ხომ არ ჯობია, სახელმწიფო მოხელეებმა შეამცირონ თავიანთი ხარჯები და ასე დაზოგონ ბიუჯეტი. სწორედ ბიბლიოთეკებია სოციალური პროექტი,რომლის მომსახურებითაც უფასოდ სარგებლობს ყველა ფენისა და ასაკის ადამიანი. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, დღევანდელი წიგნების ფასები. ადამიანები ვერ ყიდულობენ წიგნებს ბავშვებისთვის. ინტერნეტი კი წიგნს ვერასოდეს შეცვლის. გარდა ამისა, ინტერნეტით ვერ სარგებლობს გარკვეული ფენა, მაგალითად, პენსიონერები. ისინი ძალიან ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკებს. ყოველდღიურად დაახლოებით 25-30 ადამიანი მოდის. თუ გაუმჯობესდება ფონდების ახალი წიგნებით შევსება, მკითხველთა რაოდენობაც გაცილებით მეტი იქნება. ნორმალურ ფორმატში, გონივრულ ვადებში თუ ჩატარდება ტრენინგები და შემდეგ ტესტირება, არ ვარ წინააღმდეგი. მხოლოდ აქ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი. 30 წელია, ბიბლიოთეკაში ვმუშაობ ხელმძღვანელის რანგში, არასოდეს არანაირი ტრენინგი არ გაგვივლია. ჩვენს თანამშრომლებს ყოველგვარი მოტივაცია აქვთ დაკარგული. სახელფასო ანაზღაურება ხომ კაპიკებია. არასოდეს არავინ ინტერესდებოდა ჩვენით, კულტურის სამინისტრო, დღეს ვისი სსიპ-იც არის ეს ბიბლიოთეკები, ერთხელ მაინც დაინტერესებულა, რა ხდება ბიბლიოთეკებში? წინა კვირაში თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა ბიბლიოთეკების თემა, კულტურის სამინისტროს ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. რა ხდება, საიდუმლო მოლაპარაკებებია მერიასა და სამინისტროს შორის? ქალბატონი მერის მოადგილე საჯარო ბიბლიოთეკაში წაბრძანდა ამის შემდეგ, რაც ეს ინფორმაციები გავიდა ეთერით და მაშინ დაიწყეს გარკვევა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რატომ ესწრებოდა ამ შეხვედრას ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნინო ქადაგიძე, რა ინტერესებია, მან რა იცის ბიბლიოთეკების შიდა სამუშაოები, რა კომპეტენცია აქვს ასეთი, რომ იმ შეხვედრას ჩვენ არავინ არ ვესწრებოდით? მერიამ ისიც ვერ დააზუსტა, რომ არა 33 არამედ 36 ბიბლიოთეკაა და ამბობს, რომ ამ 33-დან 30 საშინელ მდგომარეობაშია. საიდან იციან,როდის იყვნენ ჩემს ბიბლიოთეკაში? სად ბრძანდება სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორი, რომელიც თითქმის 2 წელია გენდირექტორია და მხოლოდ 2 ბიბლიოთეკაშია ნამყოფი. დღეს კანონით სწორედ მას ევალება მართოს „თბ.მთავ.ბიბლიოთეკა“. რატომ არ მართავს თვითონ, რაც მას კანონით ევალება და რატომ აქტიურობს მერია და იჭრება ისეთ ფუნქციებში, რაც გენდირექტორის ვალდებულებაა. როგორ აუქმებს მერია სსიპ-ს რომელიც შეიქმნა პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე? არანაირი მონიტორინგი არ ჩატარებულა, არანაირი მეთოდური მითითებები წლების მანძილზე. საიდან იციან, რომ ბიბლიოთეკებს არ ჰყავს მკითხველი? აი, ეს კითხვები გვქონდა, როდესაც სამუშაო გარემოში მოვითხოვეთ შეხვედრა მერის მოადგილე ქალბატონთან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს და ამიტომ ვამზადებთ პეტიციას, რომელზეც უკვე ათასობით თბილისელმა მოაწერა ხელი. მე მათ მოვუწოდებ კანონიერებისკენ“.