რატომ იკლავენ თავს მოზარდები - რა ფაქტორები მოქმედებს თინეიჯერების ფსიქიკაზე

12:55 03-12-2018
280

ეკა პატარაია 

როგორც წერენ, ყოველწლიურად, შეიძლება ითქვას, ხუთი ათასზე მეტი ამერიკელი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. მთავარი მიზეზი, ალბათ, მაინც ასაკობრივი შეხედულებები და სოციალური გარემოა, რომელიც მეტწილად ნეგატიური მოვლენებით არის დამუხტული. ამას კიდევ სხვა მიზეზებიც აქვს: დეპრესია, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრი, დაბნეულობა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება, მეგობრის არყოლა, შეყვარებულთან დაშორება, მშობლებთან უსიამოვნება, მასწავლებლის უხეში საქციელი, უფულობა, წარუმატებლობა სკოლაში და საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, ოჯახის წევრის ან მეგობრის გარდაცვალება, მშობლების განქორწინება, ინტერნეტთამაშები... 

ხშირ შემთხვევაში, როცა მოზარდი გეგმავს თვითმკვლელობას, ის იძლევა სიტყვიერ მინიშნებებს, თუნდაც წერილის ტოვებს ასეთი ფრაზებით:  „აღარაფერი მაინტერესებს“, „უჩემოდ უკეთესად იქნებით“, „აღარ შეგაწუხებთ“ და ა.შ. მან შეიძლება უცებ გააჩუქოს მისთვის უსაყვარლესი ნივთი ან მოულოდნელად, ხანგრძლივი უხასიათობის შემდეგ, უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგეს, თავის ფეისბუკგვერდზე დაწეროს რაღაც, რაც თქვენს ყურადღებას უმალ მიიპყრობს. მოკლედ, ეს არის ყველაზე საყურადღებო, რთული და მოსაფერებელი ასაკი, რომელსაც ყველამ გმირულად უნდა გაუძლოს, რათა მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. როდესაც მოზარდი ამბობს „აღარ მინდა სიცოცხლე“. „სიკვდილი მინდა“, იმ მომენტიდან არ უნდა გამოგვეპაროს მისი ცხოვრება, ყველა ნიუანსი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენი დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. საქართველოში მოზარდების გახშირებულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სასაუბროდ     საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოლოგს  იანა სალამაშვილს მივმართეთ.  

 

 – რა არის ისეთი სოციალურ გარემოში, რაც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს?  

 

– ეს არის კითხვაა, რომელიც დიდი ხანია არამხოლოდ ქართველი, მსოფლიო ფსიქოლოგების სერიოზული თემაა. ეს პრობლემა ჩვენს რეალობაში ბოლო რამდენიმე წელია შემოიჭრა ასე აქტიურად, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია. ამას პრობლემას წარმოშობს ისევ და ისევ გარემო, რომელშიც იზრდებიან ბავშვები, ოჯახი, სკოლა, სამეგობრო წრე. 21-ე საუკუნის ცხოვრების რიტმი ძალიან აჩქარებულია და რთულია, მიჰყვე ფეხდაფეხ. დღევანდელ ყოფაში ყველა ცდილობს, საკუთარი ოჯახი მატერიალურად დააკმაყოფილოს, შვილების განვითარებისთვის, მაღალი განათლების მისაცემად დღე და ღამ შრომა უწევთ და ძირითადად ამ პრობლემით არიან დაკავებულნი. ამიტომ ხშირად, ჩვენი რესურსების აქეთკენ მიმართვა, ისევ იმ ადამიანებს აზარალებთ, ვისთვისაც ამდენს ვშრომობთ. სამსახურიდან სახლში დაღლილ-დაქანცულ მშობელს აღარ აქვს უნარი, ძალა მოიკრიბოს და საკუთარ შვილს ეკონტაქტოს, გამოჰკითხოს მთელი დღის ამბები, გაიგოს, რა უჭირს, რა ულხინს. ხდება გაუცხოება, იმიტომ რომ ერთ ოჯახში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული. არის მომენტი, როდესაც ბავშვს არ აქვს სურვილი, გახსნილი იყოს მშობელთან, მაგრამ მუდმივად აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს მისი პირადი გრძნობები, განცდები არ არის საინტერესო მისი ოჯახისთვის. აქედან გამომდინარე, შვილის თვალში მშობელი კარგავს ავტორიტეტს და ბავშვი ეძებს ავტორიტეტს ქუჩაში, ინტერნეტში. არ ჰყავს მშობლის სახით გვერდზე ადამიანი, რომელსაც ენდობა და მხარდაჭერას იგრძნობს. საკუთარ თავში იკეტებიან, ხდებიან აგრესიულები, როგორც მშობლების, ისე გარემოს მიმართ. ეს მაინც იმ ასაკის ბრალია, რა ასაკშიც ისინი იმყოფებიან. ყველამ ვიცით, რომ გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული გადასალახია. ამ დროს ყველაფერი არეული აქვთ თავში, რაღაც-რაღაცები ვერ გაურკვევიათ ერთმანეთისგან, ვერ ალაგებენ. თავიანთ სამყაროს ქმნიან და იმ სამყაროში იკეტებიან. უკიდურეს შემთხვევაში აგრესიის გარეთ გამოტანას ერიდებიან და მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს,  საკუთარი თავისთვის თვითდაზიანებების მიყენებას. ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი რომ შევაჯამოთ, ჩემთვის მიზეზია კონტაქტის არარსებობა მშობლებსა და შვილს შორის.    

 

– მოდით, იმ ინტერნეტთამაშებზეც ვისაუბროთ, რომელიც, საზოგადოების აზრით, ხდება მიზეზი მათი თვითმკვლელობისა... 

 

– ნებისმიერი ინტერნეტთამაში წინასწარ გათვლილია გარკვეული ჯგუფისთვის. ასევეა „ლურჯი ვეშაპიც“. დიდი ხანია არსებობს ინტერნეტსივრცეში ეს თამაში, თუმცა ამას მასიური თვითმკვლელობა არ მოჰყოლია. ის, რაზეც იცის მოზარდმა, რომ აკრძალულია ან არ აპატიებენ, რთულად ეგუება, რომ დაემორჩილოს,  მაინც გააკეთა და ახლა, როდესაც იმ მეორე მხრიდანაც მოდის მუქარა, რთულია, დაძლიოს შიში და შედეგი ყველასთვის მძიმეა. უკვე ძალიან დიდი დოზით იწყება მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გაორებას იწვევს.  

 

– გეთანხმებით. ბავშვებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერ იმისკენ, რაც აკრძალულია და დაფარულია. 

 

– ყველა მოზარდი არ თამაშობს მსგავს თამაშს. არიან ისეთებიც, რომლებმაც დაიწყეს თამაში, მაგრამ მაშინვე მიატოვეს, მოახერხეს თამაშის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ უთხრეს ოჯახის წევრებს ან მასწავლებელს, რომლებიც ასეთ დროს უდიდეს როლს თამაშობენ.   

 

–  არსებობს ისეთი ფაქტებიც, როდესაც პირიქით ხდება. ამ წერტილამდე თავისუფლად შეიძლება კლასელებმა და მასწავლებლებმა მიიყვანონ თავიანთი დამოკიდებულებით.  

 

–  სკოლა ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან დიდი და რთული რგოლია.  ბავშვები პრაქტიკულად თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ. ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ძალიან რთულ, წარმოუდგენელ  ფაქტებს. მოსწავლე არის პიროვნება თავისი ემოციებით, გრძნობებით, აზრებით, დამოკიდებულებებით. არ უნდა ხდებოდეს ცალმხრივად მოსმენის მოთხოვნა. აქ აუცილებელია, მოსწავლის ინტერესები გათვალისწინებული იქნეს და ის აღქმული იყოს მასწავლებლის მიერ პიროვნებად, თანასწორად, მოაზროვნედ, ისევე როგორიც თვითონ მასწავლებელია. სხვა შემთხვევაში იწყებს ამბოხებას. ხშირად მოსწავლე რჩება დასჯილი მხოლოდ იმის გამო,  რომ მან საკუთარი უფლება გამოიყენა და დააფიქსირა აზრი  ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თუ არ არის ეს მასწავლებლისთვის მისაღები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოსწავლეშია, პირიქით, ეს გზაა ურთიერთობის შეცვლის, უკეთესობისკენ შეცვლის. როდესაც თვითონ მოსწავლისგან მოდის სურვილი მასწავლებელთან გახსნის, ურთიერთობის, მასწავლებელმა ამას იგნორი არ უნდა გაუკეთოს. მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატარა, მოსწავლემ დავალება მოისმინა და შეასრულა, ეს მოვალეობა არაფერს არ აძლევს ბავშვს პიროვნულ აღზრდაში.  

– მე მაინც ვფიქრობ, ოჯახშია ჩაბუდებული მათი ფსიქიკური მოშლის მიზეზი, როდესაც ერთ ოჯახში ცხოვრობს ორი ან სამი თაობა. ძალიან დიდი აზრთასხვადასხვაობა ხდება ამ დროს, ეს კი იწვევს დაუსრულებელ კამათსა და ჩხუბს.  

– ვფიქრობ, რომ პრობლემა აქ არ უნდა ვეძებოთ. ბებიები და ბაბუები ძირითადად შვილიშვილების მიმართ სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევიან, შეიძლება მათმა ცხოვრებამ ოჯახში სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ ისინი, ჩემი აზრით, არიან ბავშვებისთვის ხშირად ის ნავსაყუდელი, სადაც პოულობენ დანაკლისის შევსების საშუალებას. ბებია-პაპები ხშირად მშობლების აგრესიისგანაც კი იცავენ მათ, ასე რომ, პირიქით, მათში  სხვა, უფრო პოზიტიურ დატვირთვას ვხედავ ამ შემთხვევაში.

– ნავსაყუდელი, რომელიც შეიძლება სხვა ზეგავლენისკენ შემოვატრიალოთ. ბებია-ბაბუებისგან გათამამებული ბავშვების ფსიქიკის დარღვევაზეც გვსმენია. როდესაც უარყოფით როლი უთამაშია, მაგრამ მოდით, ისევ დავუბრუნდეთ მთავარს. სწორედ მეცნიერებისგან დადგენილია, რომ, ზოგადად, თვითმკვლელობის წერტილამდე მიყვანა, ფიქრი და მოქმედება უკვე შიზოფრენიაა.  

 – შიზოფრენიისთვის, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია სუიციდური აზრები, თუმცა შეუძლებელია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გზით დაასრულა სიცოცხლე, ჩაითვალოს, რომ შიზოფრენიით დაავადებული იყო. 

– რა შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, გაკეთდეს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?

– ძალიან კარგი კითხვაა. ეს არის ის, რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის? მოზარდებთან მუშაობის დროს აქტიურად ვმუშაობთ, ასევე, მშობლებთან. მშობელმა თუ არ შეცვალა მიდგომა, ბავშვის ფსიქოთერაპევტთან ვიზიტების შედეგი იკარგება. წარმოიდგინეთ მოდის სესიაზე მოზარდი, ვმუშაობთ და ის გარკვეული  გადაწყვეტილებებით ბრუნდება ოჯახში, სადაც მისი მაინც არ ესმით. აზრი არ აქვს, გამოვა ერთ წრეზე სიარული. რაც შეეხება მეორე რგოლს, სკოლას, ეს რგოლი პირადად ჩემთვის  ხელმიუწვდომელია. უბრალოდ, შეუძლებელია, წარმოიდგინოთ,  როგორ შეიძლება თითოეული მოზარდის მასწავლებელთან თანამშრომლობა, თუმცა მე და ჩემი კოლეგა მეგობრები ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.